in

ბომბებიდან ფოტოებამდე — პირველი დრონი ისტორიაში

თავდაპირველად კი სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა, მაგრამ აშკარაა, რომ ევოლუციის დიდ გზას ადგას. დღეს უკვე იმაზე ვსაუბრობთ, რომ დრონები სახლში ამანათებს მოგვიტანს, როცა თავდაპირველად დისტანციურად მართვად იარაღს წარმოადგენდა… და იცოდით, რომ სახელი დედა ფუტკრის პატივსაცემად დაერქვა? მოდით, სანამ ამას მოგიყვებით, ჯერ ისტორიაში პირველ დრონზე ვისაუბროთ. 

სულ პირველად უპილოტო საჰაერო ხომალდების (UAV) სახით გამოჩნდა, მას ავტომატური დრონებიც შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან თუ ლექსიკონში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ დრონი უპილოტო საჰაერო ხომალდად არის აღწერილი, რომელიც დისტანციურად იმართება. ამ UAV-ებს დიდი ხნის მანძილზე შეეძლო ფრენა, განსაზღვრული სიჩქარითა და სიმაღლეებზე. სულ პირველი ასეთი კი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთსა და ამერიკაში შექმნეს.

ბრიტანეთის Aerial Target პატარა რადიოთი კოტროლირებადი საჰაერო ხომალდი იყო, რომელიც 1917 წლის მარტში გატესტეს, ხოლო ამერიკული საჰაერო ტორპედო Kettering Bug პირველად 1918 წლის ოქტომბერში გაუშვეს. თუმცა ორივე სატესტო იყო და ომში არასდროს გამოუყენებიათ. ეს უკანასკნელი ამ ამბამდე ბევრად ადრე მოხდა, აი, მაშინ, როცა დრონების კონცეფცია გაჩნდა. 

The Kettering Bug

დრონების წარმოშობას საუკუნეებით უკან 1849 წელში მივყავართ, იმ პერიოდში, როცა ავსტრიამ ვენეციას უპილოტო ბუშტებზე დამაგრებული ბომბებით შეუტია. როგორც ამბობენ, 200 ასეთი ბუშტი გაუშვეს ქალაქის თავზე, თითოეული კი 11-14 კგ ბომბს ატარებდა. თუმცა აქ ვენეციელებს გაუმართლათ და მხოლოდ ერთი აფეთქდა საჭირო ადგილზე, დანარჩენი ქარის მიმართულების ცვლილების შედეგად უეცრად ამოქმედდა. კონცეფცია კი ნამდვილად აქედან უნდა მოდიოდეს, მაგრამ დრონის განმარტება მგონი სჯობს, UAV-ს მივაწეროთ.

თუმცა ზოგიერთი წყაროს მიხედვით, თუ კონცეფციაზე ვსაუბრობთ და ბუშტებს ვახსენებთ, თამამად შეგვიძლია, დრონის წინამორბედად საჰაერო ბუშტებიც მივიჩნიოთ… ზოგიც კი, უშუალოდ პირველ დრონზე საუბრისას, კვადკოპტერს ახსენებს, რომელიც 1907 წელს ორმა ძმამ ჟაკ და ლუის ბრიგეტმა, ნობელის პრიზის მქონე ჩარლზ რიჩეტთან ერთად, შექმნეს. ქვემოთ მის ფოტოსაც გაჩვენებთ, მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ 4 ადამიანი სჭირდებოდა გასაშვებად და მიწიდან მხოლოდ 1 კილომეტრამდე ფრენა შეეძლო:

რაც შეეხება უშუალოდ ტერმინს, სათავეს ფუტკრიდან იღებს, უფრო ზუსტად დედა ფუტკრის პატივსაცემად დაერქვა. როგორც ვიგებთ, იმას აღნიშნავს, რომ დრონებს ფრენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, როცა ოპერატორის ან „დედის“ მიერ კონტროლდება… სულ პირველად კი Fairey Queen-ის საჰაერო ხომალდთან მიმართებით 1920-იან წლებში გამოიყენეს.

მართალია, დრონების ისტორია მრავალ სახელსა და ქვეყანას იტევს, ომებსაც მოიცავს და მშვიდობიან პერიოდებსაც, მაგრამ უმეტესად მაინც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ზოგი გამაფრთხილებელი იყო და ზოგიც ბომბებს აგდებდა. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინტერესების მქონე ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი და პოპულარობაც მას შემდეგ მოიპოვა, რაც სამომხმარებლო პროდუქტად ჩამოყალიბდა.

ამგვარად, 2010 წლისკენ უნდა გადმოვინაცვლოთ და იმაზე ვისაუბროთ, რაც თანამედროვე გაგებით პირველ დრონს წარმოადგენს ისტორიაში. გაიცანით Parrot AR.Drone, რომელიც რეკრეაციული გამოყენებისთვის შეიქმნა და საფუძვლად დაედო დრონების ინდუსტრიას. ფრანგულ კომპანია Parrot-ს ეკუთვნის და ისეა შექმნილი, რომ ტელეფონით ან პლანშეტით გაკონტროლდეს. პირველად კი საზოგადოებას CES-ზე 2010 წელს გააცნეს და აჩვენეს, როგორ შეეძლოთ iOS აპლიკაციით მისი კონტროლი:

ზუსტად ამ ამბის შემდგომ გაჩნდა ინტერესი დრონების მიმართ, რადგან მომხმარებლებმა მასში უდიდესი პოტენციალი დაინახეს. აშკარაცაა, რომ არ ცდებოდნენ, რადგან ის, რაც ოდესღაც ბომბებით დაიწყო, დღეს აქტიურად გამოიყენება გარემოს მონიტორინგისთვის, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის, სასოფლო მეურნეობაში, ფოტო და ვიდეო გადაღებისას… 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

3 მეთოდი ორგანიზაციაში სასწავლო კულტურის შესაქმნელად

iSpace-ის მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში ლევან თაღიაშვილი გაუძღვება