in

Google-ის პირველი დუდლით თანამშრომლებს შვებულებაში გასვლა აცნობეს

თუ ლექსიკონებში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ დუდლი ზუსტად ის არის, რასაც სკოლაში გაკვეთილის მოსმენისას რვეულებზე ან მერხებზე ვხატავდით ხოლმე… შესაბამისად, საკმაოდ მარტივი გამოსახულებებია, ხშირად აბსტრაქტული ფორმებით. სულ პირველად კი ეს სიტყვა 17-ე საუკუნეში გაჩნდა და რაღაც სულელურის აღმნიშვნელი იყო. არადა, უკვე მრავალი კვლევა არსებობს, რომელიც გვეუბნება, რომ მსგავსი ჩანახატები მეხსიერებას აუმჯობესებს… მართალია, სულ პირველი დუდლები გამოქვაბულის კედლებზე უნდა ვეძებოთ, მაგრამ ეს არცთუ ისე მარტივი იქნება, ამიტომ, ახლა მოდით, პირველ ციფრულ დუდლზე ვისაუბროთ.

BOG
BOG

უნდა ითქვას, რომ დუდლის ტრადიციულ მნიშვნელობასა და გუგლის დუდლს შორის პირდაპირი ხაზის გავლება არ შეგვიძლია. თუ ერთისთვის ეს რაღაც სულელურია, მეორისთვის სპეციალურად შემუშავებულ ვიზუალურ ელემენტებს წარმოადგენს, რომლითაც მნიშვნელოვანი ამბების აღნიშვნა სურთ მსოფლიოში. თუმცა ეს დღეს არის ასე, სულ თავიდან გუგლის პირველი დუდლიც ზუსტად ამართლებდა მის თავდაპირველ ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას. 

Google-ის ბრაუზერს თუ ხშირად ხსნით, მარტივად შეამჩნევთ თემატურად შემოსილ გუგლის ლოგოს, რომელსაც Doodle ეწოდება. აი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, Google-ის ლოგოზე საქართველოს დროშა რომ ფრიალებს, მაგ ამბავზე გიყვებით. უფრო ზუსტად, როდის დაიწყო გუგლმა ლოგოს თემატურად მორთვა

აქ ერთი სახალისო ფაქტიც უნდა გაგაცნოთ, ისტორიაში გუგლის პირველი Doodle მანამ გამოჩნდა, სანამ გუგლი ოფიციალურად დარეგისტრირდებოდა კომპანიად. ამიტომ, გუგლშიც ხშირად ხუმრობენ, რომ Google-ის Doodles კომპანიაზე უფრო ძველია. ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არის მისი თანადამფუძნებლების დამსახურება.

მოდით, Google-ის დაარსების ამბავსაც შევეხოთ — თანადამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ერთმანეთს 1995 წელს შეხვდნენ სტენფორდის უნივერსიტეტში, როცა ბრინი ერთი საგონებლის წინაშე იყო, ესწავლა თუ არა იქ. პეიჯს კი მისთვის უნივერსიტეტის დათვალიერება დაევალა. როგორც ამბობენ, თითქმის ვერაფერზე თანხმდებოდნენ. თუმცა მომდევნო წელს სიტუაცია შეიცვალა, პარტნიორობა დაიწყეს და ეს საძიებო სისტემის ერთად შექმნაშიც გადაიზარდა. სულ თავიდან მას Backrub უწოდეს, რომელიც ინტერნეტში გვერდების კლასიფიკაციას მნიშვნელობის მიხედვით ახდენდა, შემდგომ კი ეს სახელი იმით შეიცვალა, რომელსაც დღეს საძიებო სისტემის სინონიმად მოვიაზრებთ. 

ახლა დუდლის ამბავს მივუახლოვდეთ: Google-ის დაარსების პირველ წლებში თანადამფუძნებლები შვებულებაში გასვლას გეგმავდნენ, რათა ნევადაში ყოველწლიურ Burning Man-ის ფესტივალს დასწრებოდნენ. გუნდის წევრებისთვის ეს ამბავი რომ ეცნობებინათ, მარტივი და მკაფიო გზავნილი სჭირდებოდათ. ამისთვის კი ტრადიციული მეთოდებისგან გადახვევა გადაწყვიტეს და ოფისიდან გასვლაზე მათ Google-ის მთავარ გვერდზე არსებულ ლოგოში O ფესტივალის ლოგოთი ჩაუნაცვლეს — აი, ასე შეიქმნა ისტორიაში პირველი Doodle.

ეს 1998 წლის 30 აგვისტოს დაიწყო, გარკვეულწილად ხუმრობა იყო გუგლის დამფუძნებლებისგან. თუმცა დღეს ხშირად გაიგებთ, რომ შვებულებაში გასვლაზე კი არ მიგვითითებდა, არამედ Burning Man-ის ფესტივალის აღნიშვნას ემსახურებოდა. ეს არც გასაკვირია, რადგან დღეს აღნიშნული ჟესტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს მნიშვნელოვანი ღონისძიებების, დღესასწაულებისა თუ ადამიანების გასახსენებლად. ამგვარად, ტერმინის მნიშვნელობასა და გუგლის მრავალფეროვან ლოგოებს ახლა მხოლოდ შემოქმედებითი თვითგამოხატვა თუ აერთიანებს…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

#სადანროგორ გავერთოთ 26-28 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი

რატომ ვერ აღწევენ წარმატებას თანახელმძღვანელები