in

რას ყიდდნენ პირველ E-commerce პლატფორმაზე?

ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყველაფერი იქამდე დაიწყო, სანამ ინტერნეტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. ჩვენ ხომ ონლაინ პლატფორმებზე ვსაუბრობთ, რომელთა არსებობაც შეუძლებელი უნდა იყოს აღნიშნულის გარეშე… თუმცა სადაც არსებობს ადამიანი, იქვეა ტვინი, რომელიც ყველა სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს. ბევრ მოლოდინსაც არ შეგიქმნით, უბრალოდ პირველ E-commerce პლატფორმაზე მოგიყვებით, რომელიც ამერიკაში გვამოგზაურებს.

თუმცა ჯერ ის ვთქვათ, რომ E-commerce პროდუქტების ყიდვასა და გაყიდვას გულისხმობს ონლაინ სივრცეში, შესაბამისად, ტექნოლოგიურ განვითარებას ებმის. მოდით, ონლაინ შოპინგიც ვახსენოთ, რის გამოც მაიკ ოლდრიჩს ელექტრონული კომერციის მამადაც მიიჩნევენ. ინგლისელი მეწარმე და გამომგონებელი იყო, რომელმაც ონლაინ ტრანზაქციების დამუშავება გახადა შესაძლებელი — მოდიფიცირებულ ტელევიზორს კომპიუტერს უკავშირებს, რომელსაც ტელეფონის ხაზით რეალურ დროში ტრანზაქციების დამუშავება შეუძლია. თავად ტელეშოპინგს უწოდებდა, რასაც ნამდვილად თვლიან თანამედროვე ონლაინ შოპინგის წინაპრად.

ეს 1979 წელს მოხდა, შემდგომ წლებში კი პოპულარობა შეიძინა. ოლდრიჩის გამოგონება პრაქტიკაში დაახლოებით ასე გამოიყურებოდა — მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა პროდუქტები სახლში არსებული ტელევიზორიდან შეეკვეთათ, რომელშიც სუპერმარკეტებს რეკლამები ჰქონდათ გაშვებული, შემდგომ კი ისინი შეკვეთას საკუთარ კართან იღებდნენ. ამას დისტანციურ შოპინგსაც უწოდებდნენ. როგორც ვიგებთ, იდეა ოლდრიჩს ცოლთან საუბრისას შემთხვევით გაუჩნდა, რაც შემდგომში ევროპაში B2B ბიზნესში საკმაოდ წარმატებით დაინერგა. B2C კი მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კომპიუტერები და WWW მასიურად გავრცელდა…

აქ მონაცემთა ელექტრონული გაცვლაზეც (EDI) საუბრობენ, რამაც 1960-იან წლებში დოკუმენტების გაგზავნის ტრადიციული გზა შეცვალა, ფოსტა თუ ფაქსი მონაცემთა ციფრული გადაცემით ჩაანაცვლა ერთი კომპიუტერიდან მეორეზე.

თუმცა ამაზე ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, პირველი E-commerce პლატფორმისკენ გადავინაცვლოთ. აქ უკვე Boston Computer Exchange-ზე (BoCoEx/BCE) უნდა გესაუბროთ, რომელიც 1982 წელს ჩაუშვეს, ონლაინ მარკეტი იყო ადამიანებისთვის, რომლებიც მეორეული კომპიუტერების ყიდვა-გაყიდვით იყვნენ დაინტერესებულნი. მყიდველები ნივთებს განათავსებდნენ, ყიდვის მსურველებს კი ჯერ მათი სიები უნდა ჩამოეტვირთათ და მერე მიეღოთ ყიდვის გადაწყვეტილება. ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.

მანამდე დამფუძნებლებს გაგაცნობთ, ცოლ-ქმარი ალექსანდრ რენდალი და კამერონ ჰოლი გახლდათ, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ მსგავს სისტემებში და ცოტა ეკონომიკისაც გაეგებოდათ. მათი Bulletin Board System-ზე დაფუძნებული მარკეტი Delphi-ს ონლაინ სერვისს იყენებდა, როგორც პლატფორმას პროდუქტების ონლაინ მონაცემთა ბაზისთვის, სადაც მყიდველები და გამყიდველები ერთმანეთში ვაჭრობდნენ. ეს კი თითქმის 10 წლით ადრე მოხდა იქამდე, სანამ ბაზარზე Amazon და eBay გამოჩნდებოდა, ანუ მანამ, სანამ ინტერნეტი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა. 

და როგორ ხდებოდა ონლაინ შეძენა ინტერნეტის გარეშე? არსებული ცნობების მიხედვით, აქ პროცესში ტელეფონი ერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს კომპიუტერის საყიდლად ან გასაყიდად BCE-ში უნდა დაერეკათ. ერთი მხარე აღწერდა, რა სჭირდებოდა, მეორე, რას ყიდდა, კომპანიის წარმომადგენლები კი საუკეთესო შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდა მათ.

ასე Boston Computer Exchange პიონერი იყო ელექტრონული კომერციის სფეროში და მომხმარებლებს ტექნოლოგიების პოტენციალსაც აჩვენებდა დისტანციური შოპინგის გამოცდილებებში. ფაქტიც სახეზეა — ვარაუდობენ, რომ 2027 წლისთვის E-commerce 10 ტრილიონ დოლარს მიაღწევს!

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ემოციური ინტელექტი, როგორც ლიდერობის საფუძველი

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს