in

ელექტრონული წიგნების კონცეფცია თითქმის საუკუნეა, რაც არსებობს!

ელექტრონულ წიგნებზე რომ დაფიქრდეთ, ალბათ, მას ბოლო 20 წელში განვითარებული ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ჩათვლით, რადგან ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ ეს კონცეფცია თითქმის საუკუნეა, რაც არსებობს…

ეს წიგნის ელექტრონული ვერსიაა, რომელიც ჩვეულებრივ ტექსტებსა და სურათებს მოიცავს, მაგრამ ბრტყელი ეკრანიდან იკითხება და არა, იმ ფურცლებიდან, რომლებიც ძალიან გვიყვარს. ალბათ, ასეც იქნება სულ, სანამ ტექნოლოგიები ეკრანიდან მის სუნს არ გამოაფრქვევს… მაგრამ რას მოუხერხებს წიგნებში რაღაცების შენახვის ჩვევას?! სანამ ამ კითხვაზე მივიღებთ პასუხს, მოდით, ისიც ვთქვათ, დღეს ელექტრონული წიგნები იმდენად პოპულარული გახდა, რომ თანამედროვე ავტორების სახელები ბეჭდურ ვერსიაზე თითქმის აღარც იკითხება.

გავრცელებული ცნობებით კი, პირველი ელექტრონული წიგნი მსოფლიოში არც მეტი, არც ნაკლები აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაა, რომელიც 1971 წელს მაიკლ ჰარტმა გააციფრულა. თუმცა არსებობს ამბები, რომლებსაც კიდევ უფრო ადრეულ წარსულში მივყავართ, კონკრეტულად 1930-იან წლებში, როცა მწერალი ბობი ბრაუნი ელექტრონული წიგნების კონცეფციაზე საუბრობდა: რაღაც ისეთი უნდა შექმნილიყო, რაც მკითხველებს საშუალებას მისცემდა, თავადვე განესაზღვრათ შრიფტის ზომა, აერიდებინათ ქაღალდის დანაკარგები და ასე, ხეებზეც ეზრუნათ. ის ფიქრობდა, რომ ელექტრონული წიგნი სრულიად ახალ სიცოცხლეს მოუტანდა კითხვის გამოცდილებას და ფაქტია, არც ცდებოდა…

მართალია, ზუსტად ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ იყო პირველი ელექტრონული წიგნის ავტორი, მაგრამ არქივი საინტერესო ცნობებს გვთავაზობს. ერთ-ერთი ვერსიით, რობერტო ბუსამ Index Thomisticus კომპიუტერში წარმოგვიდგინა, რომელიც CD-ROM-ის სახით 1989 წელს გამოვიდა…

პირველი ელექტრონული წიგნის ერთ-ერთ ავტორად კი, როგორც აღმოჩნდა, ქალიც შეგვიძლია მოვიაზროთ — ენჯელა რუიზ რობელსი, ესპანელი მასწავლებელი, რომელიც პრობლემას იმაში ხედავდა, რომ მოსწავლეებს მძიმე წიგნების ტარება უწევდათ. სწორედ ამიტომ შექმნა მექანიკური ენციკლოპედია. დიახ, ეს ისაა, რასაც ქვემოთ სურათზე ხედავთ. მართალია, ელექტრონული არა, მაგრამ პირველი ავტომატური საკითხავი მოწყობილობა ნამდვილად არის. თუმცა საბოლოო ვარიანტს დამატებით აუდიო ჩანაწერები, გამადიდებელი შუშა, კალკულატორი და ღამისთვის ელექტრო განათებაც უნდა ჰქონოდა:

ახლა კი პირველად წოდებულ ელექტრონულ წიგნს დავუბრუნდეთ — ეს პროექტ Gutenberg-ის ნაწილი იყო, რომელშიც ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გაციფრულებული ვერსია უბრალოდ ტექსტის კომპიუტერში შეყვანით მიიღეს. დღევანდელი გადმოსახედიდან, თურმე, რა ცოტა რამ სჭირდებოდა ამ პირველობას, მაგრამ მაშინ ეს ცოტა ნამდვილად არ იყო…

თანაც, შემდგომში ჰარტი ისეთი დოკუმენტების შექმნაზე მუშაობდა, რომლებსაც მარტივად გადმოვიწერდით და ვნახავდით. ალბათ, ეს საჭირო იმიტომ გახდა, რომ პირველი ელექტრონული წიგნი მხოლოდ ექვსმა ადამიანმა ჩამოტვირთა. მომდევნო წლებში მისი ასლების შექმნაზე დაიწყეს ზრუნვა. შემდგომში კი ჰარტმა უფლებების შესახებ კანონის, ამერიკის კონსტიტუციისა და ბიბლიის ციფრული ასლებიც შექმნა. ელ.წიგნების გაყიდვები მხოლოდ 1993 წელს კომპანია Bibliobytes-მა დაიწყო… 

და როდის გაჩნდა ელექტრონული წიგნების საკითხავი პირველი მოწყობილობა? როგორც გითხარით, ეს თავიდან კომპიუტერებში ხდებოდა ან მოწყობილობებში, რომლებსაც ღამით კითხვისთვის სინათლის დამატებითი წყარო სჭირდებოდა. გამოდის, ამას ცოტა დააგვიანდა… თუმცა ყველასთვის ერთი ჭეშმარიტი ფაქტი არსებობდა: კომპიუტერი ხანგრძლივი კითხვისთვის გამოუსადეგარი მოწყობილობა იყო და ამისთვის რაღაც უნდა მოეხერხებინათ. აი, აქ კი, ნამდვილად ბოლო რამდენიმე ათწლეულზე უნდა ვისაუბროთ:

1990-იან წლებში მრავალი პორტატიული გაჯეტი გამოჩნდა: Rocket eBook და Cybook, Palm Pilot… მათგან Rocket eBook კი იყო პირველი კომერციული ელექტრონული წამკითხველი მოწყობილობა, რომელსაც უკვე დამატებითი გარე განათება აღარ სჭირდებოდა. ზუსტად ეს ტექნოლოგია გამოიყენეს მომდევნო მოწყობილობების შესაქმნელად, მათ შორის Sony და Amazon-ის ქინდლიც კი იყო. 

თუმცა წიგნისხელა მოწყობილობა, რომელმაც მასობრივ ბაზარს E ink-ის ინოვაციური ქაღალდის მსგავსი ეკრანი პირველმა გააცნო და ასე, პორტატიული და კომფორტული კითხვის გამოცდილებაც შექმნა, მეტიც, მალევე ელექტრონული წიგნების მაღაზიაც შემოგვთავაზა, Sony იყო და არა ქინდლი. 2004 წელს შეიქმნა Sony Librie, 2006 წელს Sony Reader და მხოლოდ 2007 წელს Amazon Kindle, რომელმაც უკვე არსებული იდეა დახვეწა და ჩვეულებრივ ადამიანებზე იმდენად მორგებული გახადა, რომ ამერიკის ბაზარზე წიგნების გაყიდვების წილი Sony-ის წყალობით 1 პროცენტს თუ შეადგენდა, სულ რაღაც 5 წელში 20%-მდე გააუმჯობესა…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

#სადანროგორ გავერთოთ 24-26 მარტს — ღონისძიებების კალენდარი

„კანაგავას დიდი ტალღა“ აუქციონზე 2.8 მილიონად გაიყიდა!