გაერთიანებულ სამეფოში 20.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ორბიტალური მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე საუბრობენ. ეს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანას ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევაში დაეხმარება.
პროექტი, სახელწოდებით Space Energy Initiative (SEI) მიზნად 2035 წლისთვის კოსმოსში პირველი ელექტროსადგურის შექმნას ისახავს, თუმცა ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, მარკ გარნიერმა, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, განაცხადა, რომ შესაძლოა, ამაში დახმარება SpaceX-ს სთხოვონ.
„იმისათვის, რომ ეს ნივთები ორბიტაზე მოხვდეს, ასეულობით გაშვება იქნება საჭირო, რაშიც SpaceX უკონკურენტოა“, — განმარტავს მარკ გარნიე, SEI-ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
საინტერესოა ისიც, რომ გაერთიანებული სამეფო არ არის პირველი, ვინც კოსმოსური მზის ენერგიის მიღებაზე მუშაობს. მანამდე ჩინეთმა საუბარი დაიწყო ტექნოლოგიაზე, რომელიც მზის ენერგიას ორბიტიდან გამოიმუშავებს, სანამ მას ელექტროსადგურამდე ძლიერი სხივის გამოყენებით გაგზავნის. ანალოგიურად კი, გაერთიანებული სამეფო მზის პანელებით აღჭურვილ თანამგზავრს გამოიყენებს, რომელიც ენერგიას დედამიწაზე მაღალი სიხშირის რადიოტალღების მეშვეობით გადასცემს.
ხოლო ჩვენს პლანეტაზე არსებული მზის ფერმებისგან განსხვავებით, ორბიტალურ მზის ელექტროსადგურს გეოსტაციონარულ ორბიტაზე ფრენა შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მზის შუქს 24 საათის განმავლობაში მიიღებს.
თუმცა სანამ გაშვება დაიწყება და გაერთიანებული სამეფოს ორბიტალური კოსმოსური სადგური რეალობად იქცევა, საჭიროა ტექნოლოგიური უსაფრთხოების შემოწმება, იმის გაგება, თუ როგორ იმოქმედებს მაღალი სიხშირის ენერგიის სხივი კომუნიკაციებზე, საჰაერო მოძრაობის კონტროლსა და ახლომდებარე მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე. თანაც, რამდენად ითანამშრომლებს SpaceX SEI-ისთან, ეს ჯერ უცნობია.













