in

რატომ ვერ გავიგებთ, რა ეწერა პირველ ელ.ფოსტაში?

რამდენჯერ გადაგევსოთ ელ.ფოსტების ყუთი? პირველი, ალბათ, რეკლამები წაშალეთ, თუმცა სანამ აქამდე მივიდოდით, შეტყობინებების დატოვება მხოლოდ ერთ კომპიუტერზე იყო შესაძლებელი, არც არსად ინახებოდა… აი, ელ.ფოსტების იმ ფორმას კი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, მსოფლიო 1971 წელს გაეცნო. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, ვერც მის შინაარსს, რადგან რეი ტომლინსონს არ ახსოვს. თუმცა სწორედ მისმა შეტყობინებების გაგზავნის პროტოკოლმა გახადა შესაძლებელი, ერთ ადამიანს მეორე კონკრეტული ადამიანისთვის ერთ ქსელში არსებულ სხვა კომპიუტერზე მიეწერა.

გეთანხმებით, აქ რაღაც ცოტა ჩახლართულია და ყველაფერი ნათელი რომ გავხადოთ, პირველი ელ.ფოსტის ისტორიაზე მოგიყვებით, რომელიც რეი ტომლინსონის სახელს უკავშირდება. მან კარიერა BBN Technologies-ში კომპიუტერულ ინჟინრად დაიწყო. ეს კი ზუსტად ის კომპანია იყო, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ARPANET-ის (Advanced Research Projects Agency Network) შექმნა დაავალა — ქსელის, რომელიც სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციას ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთს დაუკავშირებდა, ინტერნეტის წინამორბედადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რაშიც ტომლინსონმა მთავარი როლი შეასრულა. 

თუმცა, როგორც ვიგებთ, ელ.ფოსტის შექმნა არა რაიმე დავალება, არამედ ტომლინსონის პირადი ინტერესის საგანი იყო, რის გამოც ექსპერიმენტების ჩატარება გადაწყვიტა. აკვირდებოდა, რამდენად შეძლებდა ორი კომპიუტერი შეტყობინებების გაცვლას… მას უბრალოდ სურდა ARPANET-თან ერთად რაღაც სასარგებლო გაეკეთებინა და ამაზე ხშირად ამახვილებენ ყურადღებას. 

თუმცა კომპიუტერის მეშვეობით სხვა ადამიანისთვის შეტყობინების გაგზავნის იდეა მას ნამდვილად არ ეკუთვნის — ჯერ კიდევ 1965 წელს MIT-ის პროგრამა MAILBOX-ით უნივერსიტეტში მომხმარებლებს შეეძლოთ, კოლეგებისთვის კომპიუტერებზე შეტყობინებები დაეტოვებინათ, რომლებიც მას მაშინ ნახავდნენ, როცა ამავე კომპიუტერს გამოიყენებდნენ. დიახ, ეს ერთი კომპიუტერით კომუნიკაციას ნიშნავდა და არა, კომპიუტერებს შორის შეტყობინებების გაცვლას. თუმცა მაინც ეფექტური იყო, რადგან შეტყობინებების მისაღებად ადამიანებს მხოლოდ ტელეფონი ჰქონდათ, რომლით სარგებლობისთვის აუცილებელი იყო მომხმარებელს ეპასუხა. თუ ამას ვერ მოახერხებდა, რაღაც მნიშვნელოვანს გამოტოვებდა. ელ.ფოსტების მიზანი კი სწორედ ამის მოგვარება იყო.

სწორედ ამიტომ, ტომლინსონმა არსებულ პროგრამებში რაღაცების შეცვლა გადაწყვიტა. თავის ინოვაციურ ელ.ფოსტების პროგრამას კი SNDMSG უწოდა და მასებისთვისაც მალევე გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა აქ ერთი საინტერესო დეტალი იკვეთება, Internet Hall of Fame-ის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საერთოდ არ წარმოედგინა, თუ ელ.ფოსტას ასეთი გავლენა ექნებოდა…. თუმცა მას საკმაოდ თავმდაბალ ადამიანადაც ახასიათებენ…

და არც ე. წ. ძაღლუკას, ლოკოკინას თუ სხვა სახელებით შემკული @ სიმბოლო უნდა დაგვავიწყდეს. დიახ, ესეც ტომლინსონს ეკუთვნის, შესაბამისად, მისი გამოგონების თარიღად 1971 წელი შეგვიძლია ჩავთვალოთ. სურდა, რეციპიენტის სახელი ლოკაციისგან გამოეყო და არჩევანიც სწორედ აღნიშნულ სიმბოლოზე შეაჩერა. ფაქტი კი ის არის, რომ უკვე 50 წელზე მეტია, რაც user@host-ის ფორმულას წარმატებით ვიყენებთ. 

ცოტა პარადოქსული კია ტომლინსონს კარგად რომ არ ახსოვს, რა ეწერა პირველ ელ.ფოსტაში და ჩვენც ვერასდროს გავიგებთ მის შინაარსს, თუმცა ასე იმიტომ მოხდა, რომ ეს სატესტო ელ.ფოსტა იყო… ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მომენტი კი ისეთი ბანალურიც შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორიც QWERTYIOP-ია… თუმცა მაინც, ტომლინსონი პირველი ელექტრონული ფოსტის ავტორია და მისი სტრუქტურის მთავარი მახასიათებლებიც, იქნება ეს From, Subject თუ Date მას ეკუთვნის. მერე რა, რომ არ ეგონა, ამხელა რაიმეს თუ გააკეთებდა მსოფლიოსთვის…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

რა ფუნქცია აქვს კომპანიისთვის სანდო AI ასისტენტს

Polaris-ის 69-წლიანი ისტორია – „ავტო გალერი“ ამერიკული ბრენდის ოფიციალური პარტნიორია