დღეისათვის „ემოჯი“ ციფრულ სამყაროში ემოციების გამოხატვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა. მიმოწერისას რთულია, გაიგო, როგორი დამოკიდებულებითაა გამოგზავნილი ესა თუ ის ტექსტი — იქნებ ხუმრობას მეტი სარკაზმი დაჰკრავს? ან, პირიქით, სარკასტულად გვეჩვენება ის, რაც გულწრფელად არის მოწერილი? ამ ბუნდოვანებისგან თავის დაღწევაში სწორედ ემოჯის გამოყენება გვეხმარება. მიმდინარე კვირაში კი პირველი ემოჯი, რომელმაც ინტერნეტ ჩათების, კომენტარებსა და ტექსტური შეტყობინებების სივრცე დაიპყრო აპლიკაციების ეპოქაში, 40 წლის გახდა.
🙂 — საუბარია ამ ერთი შეხედვით ძალიან მარტივ კომბინაციაზე. იგი კარნეგი მელონის უნივერსიტეტის პროფესორმა სკოტ ე. ფალმანმა შექმნა. მან სიმბოლო სკოლის ონლაინ ბიულეტენის დაფაზე 1982 წლის 19 სექტემბერს გამოაქვეყნა.
„შემდეგი სიმბოლოების თანმიმდევრობას გთავაზობთ ხუმრობის მარკირებისთვის. 🙂 წაიკითხეთ გვერდიდან. სინამდვილეში, ალბათ უფრო ეკონომიურია ისეთი საგნების აღნიშვნა, რომლებიც არ არის ხუმრობა, მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით. ამისათვის გამოიყენეთ :-(“, — დაწერა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ უბრალო ემოჯიმ თანდათან მოიპოვა პოპულარობა, როდესაც ინტერნეტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახლებში შეაღწია, სულ მალე უფრო მეტი ვარიანტი გახდა ხელმისაწვდომი. უკვე 1990-იან წლებში მომხმარებლებს შეეძლოთ, სხვადასხვა სიმბოლო გაეგზავნათ ერთმანეთისთვის — ისარი, თვითმფრინავი.
ხოლო იაპონიაში 80-დან 90-იან წლებში ემოციების სხვა ფორმები განვითარდა, ცნობილი, როგორც „კაომოჯი“. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ემოციები პერსონაჟების სხვადასხვა კომბინაციით გამოეხატათ. რაც შეეხება ემოჯის, ის სწრაფად გახდა იაპონური კულტურის საყრდენი: 1997 წელს SoftBank-მა გამოუშვა 90-სიმბოლოიანი სერია, რომელიც შემდგომში გაფართოვდა და 176 სიმბოლომდე მიაღწია.
ამასთან, Apple იყო პირველი, ვინც ოფიციალური „ემოჯი კლავიატურა“ დაამატა თავის სმარტფონებს 2011 წელს, რამაც პატარა ყვითელი პერსონაჟების პოპულარობა გამოიწვია. ამ შემთხვევაში „პოპულარობას“ საკმაოდ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგან 2015 წელს ე. წ. „ცრემლიანი ემოჯი“ ოქსფორდის ლექსიკონის წლის სიტყვად დასახელდა.
ამჟამად Unicode-ის კოლექციაში გამოიყენება 3000-ზე მეტი ემოჯი, თუმცა მოსალოდნელია, რომ ყოველწლიური განახლებები თანდათან გააფართოებს მათ და კიდევ უფრო მეტ პერსონაჟს მოიცავს, რადგან ვითარდება ინტერნეტ კულტურა და მომხმარებლები უფრო ინკლუზიურ სიმბოლოებს ითხოვენ.