ახლახან გერმანელი ქალი ინჟინერი პირველი ეტლით მოსარგებლე პირი გახდა, რომელმაც კოსმოსში იფრინა. ამ ისტორიული ამბის ავტორი ამერიკელი მულტიმილიარდელი ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin გახლავთ, რომელმაც ტეხასიდან თავისი New Shepard-ის სუბორბიტალური მისია შაბათს დილის 8:15 საათზე გაუშვა.
მგზავრებს შორის მიქელა ბენთჰაუსი იყო, ევროპის კოსმოსური სააგენტოს აერონავტიკისა და მექატრონიკის ინჟინერი, რომელმაც დაახლოებით 10-წუთიანი ფრენის დროს კოსმოსის საზღვრად აღიარებული კარმანის ხაზი გადაკვეთა.
ბენთჰაუსის ამბავი მთაში ველოსიპედით გადაადგილებისას მომხდარ ავარიას უკავშირდება, რა დროსაც ზურგის ტვინის დაზიანება მიიღო და ამჟამად ეტლით მოსარგებლეა — „ამ შემთხვევის შემდეგ, რეალურად გავიაზრე, რამდენად მიუწვდომელი იყო ჩვენი სამყარო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. თუ გვსურს, ვიყოთ ინკლუზიური საზოგადოება, ინკლუზიურები უნდა ვიყოთ ყველა სივრცეში…“.
„გილოცავთ, მიქი! შენ მილიონობით ადამიანი შთააგონე და დაეხმარე იმის წარმოდგენაში, თუ რა არის შესაძლებელი“, — თქვა ჯარედ აიზაკმენმე, ნასადან.

აღსანიშნავია, რომ Blue Origin-ით უკვე მრავალმა ადამიანმა იმოგზაურა კოსმოსში, მათ შორის პოპ მომღერალმა კეტი პერიმ და უილიამ შატნერმა, რომელმაც ლეგენდარული Star Trek-იც კი შეასრულა დედამიწის საზღვრებს მიღმა. რაღა თქმა უნდა, ცნობილი სახეების კოსმოსში გაშვება ამ ფრენებისადმი ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად…
მართალია, მსგავს სუბორბიტალური ფრენის გამოცდილებას Virgin Galactic-იც გვთავაზობს, მაგრამ Blue Origin-ს აქვს ამბიცია, ილონ მასკის SpaceX-ს შეეჯიბროს. ამისთვის არც ძალისხმევას იშურებს — წელს ბეზოსის კომპანიამ წარმატებით განახორციელა ორი უეკიპაჟო ორბიტალური ფრენა თავისივე მასიური New Glenn რაკეტით, რომელიც New Shepard-ზე ბევრად ძლიერია.












