in

როგორ გადაიღეს პირველი ფერადი ფოტო ისტორიაში?

ჯერ თუ კაცობრიობა შავ-თეთრი ფოტოებით მოიხიბლა, შემდეგ ესეც მოჰბეზრდათ და დააინტერესათ, რატომ არ უნდა შესძლებოდა ფერების ზუსტად გადმოცემა იმას, რაც ასეთი სიზუსტით ასახავდა რეალობას. სუფთა მარკეტინგულად რომ შევხედოთ, ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდა და ამას დაკმაყოფილება სჭირდებოდა. ამიტომ, ფოტოგრაფებმა სულ თავიდან შავ-თეთრი ფოტოების ხელით გაფერადება დაიწყეს, ზოგიც კი ამ საქმეს მხატვარს მიანდობდა…

არადა ნიუტონმა ფერების მეცნიერულად შესწავლა 1666 წელს დაიწყო, სამკუთხა პრიზმას სინათლის სხივი მიანათა და გვაჩვენა, როგორ დაიშალა იგი ცისარტყელას 7 ფერად… ამ ფაქტიდან 2 საუკუნეზე ცოტა მეტიც გავიდა და ექსპერიმენტის ჩატარება მე-19 საუკუნის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიზიკოსმა ჯეიმს კლერკ მაქსველმა გაბედა, რითაც მსოფლიოში პირველი ფერადი ფოტოს გადაღებაშიც შეიტანა წვლილი.

ნამდვილად სწორად წაიკითხეთ, მაქსველი ფოტოგრაფი კი არ იყო, არამედ გამორჩეული ფიზიკოსი, ცნობილი ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და თერმოდინამიკის აღმოჩენებით, რომელსაც, ნიუტონის მსგავსად, სინათლის ფიზიკურად შესწავლა, ოპტიკა, ფერთა აღქმისა და თვალების მუშაობის პრინციპები აინტერესებდა. ეს ინტერესი კი 1855 წელს შემდეგ თეორიაში გადაიზარდა, რომ ცისარტყელას ყველა ფერი წითელი, მწვანე და ლურჯი სინათლის სხვადასხვა კომბინაციისგან შეიძლებოდა შექმნილიყო. 1860 წელს King’s College-ის პროფესორიც გახდა და ექსპერიმენტებიც განაგრძო. ეს კი სწორედ ის ადგილია, სადაც მაქსველმა ისტორიაში პირველი ფერადი ფოტოს თანაავტორი იპოვა. 

თუმცა სანამ 1861 წლის ამ ისტორიულ თარიღამდე მივალთ, ცოტა მაქსველის ექსპერიმენტებზეც ვისაუბროთ, რომლებშიც მეზობლებიც იყვნენ ჩართულნი. რა თქმა უნდა, პირდაპირი გაგებით არა… ამბავი ასეთია: მაქსველმა სახლის სხვენში მეუღლის ქეთრინ მერი დუარის დახმარებით 2.5 მეტრამდე ხის გრძელი ფერადი ყუთი ააწყო, რამაც მას სინათლის სამი ძირითადი ფერის ზუსტი შერწყმის საშუალება მისცა, რათა შემდგომში სხვა ფერებიც მიეღო. მეზობლები კი ფანჯრიდან ადევნებდნენ თვალს, ფიქრობდნენ, გიჟიაო, რადგან საათობით უყურებდა ყუთს, რომლებიც მეზობლებმა კუბოდ ჩათვალეს…

არადა, სწორედ ამ ცდებით მიხვდა მაქსველი, რომ არსებული თეორია სრულყოფილ მეთოდს სთავაზობდა ფერადი სურათების შესაქმნელად — შავ-თეთრი ფოტოების გადაღება მწვანე, იასამნისფერი (მოლურჯო) და წითელი ფილტრებით ეკრანზე სამ ცალკეულ სურათს ქმნიდა და პროცესი ერთი სურათით მთავრდებოდა, რომელზეც ფერების სრული სპექტრი იყო ასახული. თუმცა ამ თეორიას პრაქტიკაში გამოსაცდელად 6 წელი მოუწია, დალოდება. თუნდაც იმიტომ, რომ მაქსველი ერთი რთული ამოცანის წინაშე იდგა, ეპოვა ფოტოგრაფი, რომელიც ამას მოახერხებდა. თავადვე გადაეღოო ალბათ ფიქრობთ, მაგრამ მისი რეალური ინტერესი არა ფოტოგრაფია, არამედ სინათლის ხარისხი და ადამიანის ხედვა გახლდათ… 

ცოტა კი დააგვიანა, მაგრამ საბოლოოდ თომას სატონამდე მივიდა, ფოტოგრაფიის პროფესორამდე, რომელიც ასევე King’s College-ში ასწავლიდა. მაქსველის ზედამხედველობის ქვეშ სატონმა ერთი და იმავე ობიექტის სამი გამოსახულება შექმნა, წითელი, მწვანე და იასამნისფერ-მოლურჯო ფილტრებით. ობიექტად კი კუბოკრული ლენტისგან დამზადებული ბანტი აარჩიეს. მართალია, ბანტად ცოტა რთულად აღიქმება, მაგრამ 1861 წლის 17 მაისს იგი ისტორიაში პირველ ფერად ფოტოდ Tartan Ribbon-ის სახელით ჩაიწერა.

თუმცა ამბობენ, რომ ეს ტექნიკა საკმაოდ კომპლექსური იყო, რამაც მის ფართოდ გავრცელებას შეუშალა ხელი. მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფიის ისტორიაში მაქსველმა უდიდესი წვლილი შეიტანა. რომ არა მისი ტექნიკები, ვერც თანამედროვე ფოტოგრაფიას მივიღებდით და ვერც ჯეიმს ვების ტელესკოპი შეძლებდა ყოველ ჯერზე ჩვენ გაოცებას

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

რატომ უნდა იყოთ მზად დისტანციურად მუშაობაზე გადასვლისთვის, ექსტრემალური ამინდის პირობებში

ნახეთ: ანიმაცია საკუთარი თავის რწმენასა და მოგონებებზე