in

ვის ეკუთვნის პირველი ფოტო ისტორიაში?

ფოტოგრაფია ფორმალურად მე-19 საუკუნეში კი დაიბადა, მაგრამ დიდი ხნით ადრე არსებობდა… ამაზე არისტოტელესა და და ვინჩის დროიდან მოყოლებული საუბრობდნენ. მათაც კარგად იცოდნენ, როგორ მუშაობდა ე. წ. კამერა ობსკურა, თუმცა ფოტო თავად არასდროს გადაუღიათ. აღნიშნული ტექნიკა სურათების პროექტირებისთვის კი გამოდგებოდა, მაგრამ მას, ტრადიციული გაგებით, სურათების გადაღება არ შეეძლო და სანამ ეს ჯოზეფ ნიეპსმა არ გახადა შესაძლებელი, არც ფოტოგრაფია არსებობდა… 

BOG
BOG

ბუნდოვანი რომ არ იყოს, სურათების მისაღებად ადრეულ ისტორიაში კამერა ობსკურას ტექნიკას მიმართავდნენ — გამოსახულების პროექციის სისტემაა, სინათლე ბნელ სივრცეში შედის მცირე დიაფრაგმის გავლით და ფოტოს ქმნის, რის გამოც სინათლის სხივების შეგროვების ხელსაწყოსაც უწოდებდნენ. ახლა კი იმ ნაწილს დავუბრუნდეთ, როცა ნიეპსმა კამერა ობსკურას დახმარებით სურათის გადაღება მოახერხა. ასე ფოტოგრაფიის მამის წოდებაც დაიმსახურა. თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო ადრე დაიწყო.

სულ თავიდან უფროს ძმასთან ერთად მუშაობდა და მსოფლიოში პირველი შიდა წვის ძრავა პირეოლოფორი შექმნა, თუმცა ნიეპსი განსაკუთრებულმა ცნობისმოყვარეობამ ფოტოგრაფიამდე მიიყვანა. აინტერესებდა, როგორ შეეძლო სინათლის გამოყენება სურათების საწარმოებლად კამერა ობსკურას გამოყენებით, ამიტომ 1816 წელს ექსპერიმენტები დაიწყო. 

ფოტოების შესაქმნელად ვერცხლის ფირფიტებს ბიტუმთან და ლავანდას ზეთთან ერთად იყენებდა. ამ პროცესს კი ჰელიოგრაფია უწოდა, რომელსაც ბერძნულიდან თუ ვთარგმნით, მზის დამწერლობას მივიღებთ, რითაც უდავოდ ეხმიანება ნიეპსის იდეასაც… ამგვარად, 1826-1827 წელს ნიეპსმა რევოლუცია მოახდინა ფოტოგრაფიის ისტორიაში და View from the Window at Le Gras გადაიღო — პირველი ფოტო ისტორიაში:

ფოტოზე ხედავთ ხედს ნიეპსის სამუშაო ოთახიდან სენ-ლუპ-დე-ვარენში, საფრანგეთში. მართალია, კამერით გადაღებულ პირველ სურათად ითვლება, მაგრამ ეს პროცესი ისეთი არ ყოფილა, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ბიტუმით დაფარული პიუტერის ფურცელი გამოიყენა, რომელსაც მინიმუმ 8 საათი სჭირდებოდა. თუმცა ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ იგი გახსნილი დიაფრაგმის წინ რამდენიმე დღეც კი უნდა ჰქონოდა… 

მართალია, სურათზე შენობები და სახურავები მარტივად შესამჩნევია, თუმცა დეტალები მაინც აკლია, რასაც ფოტოგრაფი შემდეგნაირად გამოეხმაურა — პირველი გაურკვეველი ნაბიჯი სრულიად ახალი მიმართულებით

ამგვარად, ისტორიაში პირველი ფოტოს ავტორი კი გახდა, მაგრამ ნიეპსმა ექსპერიმენტების გასაგრძელებლად ვერ შეძლო დაფინანსების მიღება ვერც მთავრობისგან და ვერც სამეცნიერო ორგანიზაციებისგან. ამ საქმეში საკუთარი ფინანსების ჩადებამ კი მისი ოჯახი სრულიად უფულოდ დატოვა. ამიტომ, 1829 წელს გადაწყვიტა, ინოვაციებით დაინტერესებულ რამდენიმე კაციან ჯგუფს შეერთებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ლუი დაგერი იყო. ნიეპსი იმედოვნებდა, რომ მასთან კავშირი თავისი გამოგონებისთვის ფინანსების მოძიებაში დაეხმარებოდა. ამასობაში, დაგერს ჰელიოგრაფიის პროცესიც შეასწავლა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ პროცესები ისე არ განვითარდებოდა, როგორც წარმოედგინა… 

ამ კავშირმა არქივის ჩანაწერებში დატოვა ის, რასაც ნიეპსმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა, თუმცა ადრე თუ გვიან სიმართლე რომ იზეიმებს, ამაში კვლავ ეს ამბავი დაგარწმუნებთ — ნიეპსი მალევე გარდაიცვალა და ყველაფერი დაგერის ხელში დარჩა; ადამიანის, რომელსაც ამაში თითქმის არანაირი წვლილი მიუძღოდა. თუმცა ჰელიოგრაფიის ავტორისგან მიღებული ცოდნით სრულიად ახალი პროცესი განავითარა, დიორამას შექმნით გაითქვა სახელი და 1839 წელს საფრანგეთის მთავრობასაც მიჰყიდა… 1952 წლამდე ყველა დამსახურება დაგერს მიეწერებოდა, რომ არა ფოტოგრაფიის ისტორიკოსი ჰელმუტ გერნშეიმი, რომელმაც ნიეპსის მიმოწერებით დაადგინა, რომ ფოტოგრაფიის მამის წოდება არასწორ ადამიანს არგუნეს. 

ამის გამჟღავნებას კი საუკუნეზე მეტი დასჭირდა, მაგრამ მთავარია, უკვე ვიცით, ვის ეკუთვნის პირველი ფოტო ისტორიაში…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი 

რას ნიშნავს, იყო ყველაზე გაბედული მერცხალი — ნათელა გრიგალაშვილი „ზუმერის“ კამპანიაში

LinkedIn-ს ვიდეოების ჩანართი ემატება