საერთოდ ვინ მოიგონა ეს გამოცდებიო, ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ, ახლა კი ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი უნდა გაგცეთ — იდეა ჰენრი ფიშელს ეკუთვნის, ეს ამბავი კი მე-19 საუკუნით თარიღდება. ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანთროპი გახლდათ, რომელსაც სწამდა, რომ ცოდნის შეფასება გამოცდებით შეიძლებოდა. სწორედ მისმა მაშინ ინოვაციურმა მიდგომამ იქონია გავლენა მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო სისტემაზე, რითაც გამოცდები სწავლების ფუნდამენტურ ასპექტად აქცია.
თუმცა, კონცეფცია ბევრად ადრე ჩამოყალიბდა. 581-618 წლებში ჩინეთში, სუის დინასტიაში, იმპერატორი იენის დროს Imperial Examination ტარდებოდა — ასე კანდიდატებს სამთავრობო პოზიციებისთვის არჩევდნენ, რაც შემდგომი გამოცდების საფუძვლად იქცა. მათ ცოდნას სხვადასხვა სფეროში აფასებდნენ, მათ შორის, იცოდნენ თუ არა კონფუცის სწავლებები, ყველაზე კვალიფიციური პირები კი მნიშვნელოვან პოზიციებზე ინიშნებოდნენ.
უფრო ზუსტად, სუის დინასტიის დროს ორი ტიპის გამოცდა ტარდებოდა, ერთი კლასიკოსებისთვის, ხოლო მეორე უფრო გამოცდილი პირებისთვის. კლასიკოსებს კონფუცის მოძღვრების ცოდნას უმოწმებდნენ. ეს მარტივ ამბად მიიჩნეოდა და თუ ჩააბარებდნენ, დაბალ პოზიციებზე ასაქმებდნენ. ხოლო მეორე ჯგუფს, კონფუცის სწავლებასთან ერთად, სახელმწიფოებრივ საკითხებში ცდიდნენ და უფრო მაღალი პოზიციებისთვის განიხილავდნენ. 607 წელს ამას სპეციალური გამოცდა დაემატა სწავლულებისთვის და ასე, გამოცდის არსებულ ორ ტიპთან ერთად, იმპერიული საგამოცდო სისტემის საფუძვლად იქცა.
ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ჩინეთში იმპერიული გამოცდების უძველეს ტიპს Keju ეწოდებოდა, რომლითაც კვლავ შესაბამის კანდიდატებს არჩევდნენ იმპერიისთვის. მართალია, გამოცდის ხანგრძლივობა, ტესტირების მეთოდი და სხვა მსგავსი დეტალები უცნობია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ამბავი გახლდათ, რადგან თანამდებობაზე კონკრეტული პირი წარმომავლობის კი არა, დამსახურების მიხედვით დაინიშნებოდა.
როგორც ვიგებთ, თავდაპირველი მიზანიც ეს იყო — სურდათ, სამართლიანი სისტემა მიეღოთ, რომელშიც ყველა ნიჭიერ ინდივიდს მიეცემოდა მონაწილეობის მიღების შანსი, განურჩევლად წარმომავლობისა… მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ დასაქმების სფეროში გამოცდების დანერგვამ მნიშვნელოვნად მაინც არ შეცვალა არსებული პრაქტიკა სუის დინასტიის დროს — დედაქალაქის სკოლებიდან კვლავ ინიშნებოდნენ სტუდენტები თანამდებობებზე, არც სტატუსის მემკვიდრეობით მიღება იყო გაუქმებული და ვაჭრებსა თუ მუშათა კლასის წარმომადგენლებს კვლავ ეკრძალებოდათ თანამდებობის დაკავება…
ამგვარად, შესაძლოა, ისტორიაში პირველი გამოცდები სრულყოფილი არ იყო, მაგრამ მიზანი მაინც იგივე დარჩა, შევქმნათ სამართლიანი გარემო, რომელშიც ცოდნა განსაზღვრავს ჩვენს შესაძლებლობებს…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი