in

ისტორიაში პირველი ჰუმანოიდი რობოტი საყვირს უკრავდა

ჰუმანოიდი რობოტები კი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამყაროს ნაწილად მიგვაჩნია, მაგრამ ყველაფერი ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო. მაშინ, როცა ლეონარდო სკეტჩებს ხატავდა, თუმცა უფრო ჭეშმარიტი იქნება იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი ავტომატური მექანიზმების შექმნით დაიწყო. ზუსტად სად, ამას ვერ გეტყვით, რადგან ჰუმანოიდი რობოტების იდეა სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდა, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი, იტალია, საფრანგეთი თუ იაპონია. 

1495 წელს ლეონარდო და ვინჩიმ კომპლექსური მექანიკური რობოტის კონცეფცია შემოგვთავაზა, რომელიც მეომრის მსგავსად იყო რკინით აღკაზმული, ფეხზე დგომაც შეეძლო, დაჯდომაც და მხრების დამოუკიდებლად მოძრაობაც. ისე გადაადგილდებოდა თითქოს მასში რეალური ადამიანი იყო მოთავსებული, თუმცა მისი ჩაფხუტის აწევაც შეიძლებოდა და ნახვაც, რომ ასეთი არაფერი ხდებოდა. მთლიანი რობოტი გორგოლაჭებისა და კაბელების სისტემაზე იყო აწყობილი. ეს ყველაფერი კი 1950-იან წლებში ლეონარდოს ჩანაწერებში აღმოაჩინეს, უბრალოდ მექანიკური რაინდის ჩანახატი იყო, ხელში ხმლით: 

როგორც ვიგებთ, და ვინჩის კონცეფციის შექმნის მიზანი მილანის სამეფო ოჯახის გართობა იყო, თუმცა მოწყობილობის თანამედროვე ვარიანტებმა დაგვიმტკიცა, რომ იგი სრულად ფუნქციურიც შეიძლება იყოს. რომელ ერთზე მოგიყვეთ, Apollo-მ ისეთი ჰუმანოიდი რობოტი რომ გამოუშვა, რომელიც ქარხნებში იმუშავებს, თბილისში სოფია რომ ჩამოვიდა თუ შემდეგ მისი და მიკა კომპანიის დირექტორად რომ დანიშნეს. ამასობაში, Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი უკვე იოგასაც მიმართავს…

თუმცა აქამდე მოსასვლელად მეცნიერებს დიდი გზის გავლა მოუწიათ. როგორც უკვე გითხარით, ჰუმანოიდი რობოტების კონცეფცია მსოფლიოს მრავალ წერტილში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაჩნდა, ამიტომ, რთულია, კითხვაზე პასუხის პოვნაც, თუ რომელი იყო მათ შორის პირველი კაცობრიობის ისტორიაში. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის მსგავსი სახე რომ მიეღო, ამისთვის ჯერ მრავალ ფორმაში გამოცდა მოუწია… თუმცა არსებული ცნობებით, პირველ ჰუმანოიდ რობოტად 1810 წელს ფრიდრიხ კაუფმანის მიერ გერმანიაში შექმნილი ჯარისკაცი საყვირით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც 1950-იან წლებამდე გახლდათ გამოფენილი.

თუმცა საყვირი უბრალოდ ხელში კი არ ეჭირა, არამედ რეალურად გარკვეული ხმების გამოცემაც შეეძლო: არსებული ჭრილების მეშვეობით ჰაერი მიეწოდებოდა სარქველებს, რომლებიც მასში ჰაერს უშვებდა და მოდულირებული ხმის მსგავსს წარმოქმნიდა. ეს ხმა სწორედ საყვირის მეშვეობით იყო მოდულირებული, რის გამოც მის მსგავსად ჟღერდა.

არსებული წყაროების თანახმად, აღნიშნული ადამიანთა საყვირებს ერთი ნაბიჯით უსწრებდა, ისეთ ინტენსივობისა და სისუფთავის ბგერებს წარმოქმნიდა, იმ დროში კაუფმანის თანამედროვეები ზეციურ ჰარმონიად რომ მოიხსენიებდნენ… ეს კი ზუსტად ის არის, რაც პირველ ჰუმანოიდ რობოტს არაჩვეულებრივად აქცევს — ორ ნოტს ერთდროულად უკრავდა, რომლებიც იმდენად მკაფიო იყო, რომ გეგონებოდათ ორ საყვირს უკრავსო. როგორც ვიგებთ, სიმაღლით 1.80 სანტიმეტრი იყო…

უკვე 1930-იანი წლებისთვის Elektro-ც შეიქმნა, რომელიც უფრო მეტად ჰგავს იმას, რასაც თანამედროვე გაგებით ჰუმანოიდ რობოტს ვეძახით: 

ამგვარად, ჩვენი მსგავსი არსებების შექმნა არც ისე მარტივი გამოდგა მეცნიერებისთვის, თუმცა ის, რაც 1495 წელს ჩანახატებით დაიწყო, დღეს თვალსაც კი ჩაგიკრავთ…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

„როდის დავპოსტო?” – მარადიული კითხვის პასუხი ვეკო თოხაძისგან

მარტივი ვარჯიში, რომელიც მომუშავე მშობლებს დაეხმარება