რეკლამებიდან სიმღერები აგკვიატებიათ ხოლმე? თუ ასეა, მარკეტერებს კარგად უმუშავიათ. თუმცა საინტერესოა, როდის დაიწყეს პირველად რეკლამებში მუსიკების გამოყენება, ე. წ. ჯინგლის, რომელიც ხმის ბრენდინგის ერთ-ერთ ფორმადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. როგორც ვიგებთ, ეს იმაზე უფრო ადრე ხდებოდა, ვიდრე წარმოვიდგენდით — შექსპირის დრომდე და ბევრად უფრო ადრეც… თუმცა თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ისტორიაში პირველ ბრენდის ჯინგლზე, ეს General Mills უნდა იყოს, რომელმაც მსოფლიოში ასევე პირველი სიმღერის მქონე რეკლამაც შემოგვთავაზა. ჩათვალეთ რომ ის, რაზეც მოგიყვებით, ექსპერიმენტი იყო, რომელმაც იმუშავა და სრულად შეცვალა სარეკლამო ინდუსტრიაც.
თუმცა მანამდე ადრეული ჯინგლების მაგალითებზე ვისაუბროთ. არსებული წყაროების თანახმად, მათ ავტორებად მე-16 საუკუნის ქუჩის მუსიკოსები შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომლებიც სიმღერებით საკუთარი თავის პოპულარიზაციას ცდილობდნენ და ასე, ერთი-ორი გროშიც შეგროვებაც სურდათ. თუმცა მათი შემოსავალი საკმაოდ ცოტა იყო, ამიტომ, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, სპონსორი სჭირდებოდათ, რომლის როლსაც იმ დროს ადგილობრივი მცხობელი, ბანკირი ან მეყასბე ითავსებდა. მოკლედ, მათი ბიზნესგეგმა ასე მუშაობდა — მუსიკოსებს თავიანთ სპონსორზე უნდა დაეწერათ სიმღერა, შემდგომ შეესრულებინათ და ფული აეღოთ. ეს უფრო მეტად ინგლისში ხდებოდა, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ მსგავსი პრაქტიკა ბერძნებსა და რომაელებშიც ყოფილიყო…
ზოგიერთ წყარო კი ჯინგლების დაბადებას მეცხრამეტე საუკუნის პოეტებს მიაწერს, რომლებიც პროდუქციის გასაყიდად ბეჭდურ გამოცემებში პოეტურ ლექსებს ათავსებდნენ, ამის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მაგალითად Sapolio-ს საპნის ბრენდისთვის 1876 წელს ბრეტ ჰარტეს მიერ დაწერილ ლექსს მიიჩნევენ:
One Sabbath morn, as heavenward
White Mountain tourists slowly spurred
On every rock, to their dismay,
They read that legend, always
SAPOLIO
ძალიანაც რომ არ გაგვიგრძელდეს ამაზე საუბარი, მოდით, General Mills-ის ამბავს მივუბრუნდეთ. ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ ჯინგლის რადიოში მოხვედრა უფრო ევოლუციურ პროცესს ჰგავდა და არა, მოულოდნელ ინოვაციას. თანაც პროდუქტის რეკლამებში მუსიკა დაახლოებით 1923 წლიდან გვხვდება, რაც ზუსტად იმ დროს ემთხვევა, როცა კომერციული რადიო საჯარო გახდა. General Mills-ს კი ამ დროს სულაც არ ჰქონდა საქმე კარგად, მარცვლეულის გაყიდვები სულ უფრო ეცემოდა და ბაზრიდან გასვლაზეც ფიქრობდნენ, თუმცა ამას თავი როგორ დააღწიეს, ქვემოთ მოგიყვებით:
მოკლედ, დასაკარგი უკვე აღარაფერი იყო, ამიტომ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი დონალდ დევისი WCCO-ს რადიოსადგურს დაუკავშირდა და Wheaties-ისთვის კამპანია შესთავაზა. რადიოს წარმომადგენლებსაც შეხვდა, მენეჯერ ჰენრი ბელოუსა და ერლ გამმონს, რომელიც საბოლოოდ ჯინგლის ავტორიც გახდა — 1919 წლის პოპულარულ სიმღერა Jazz Baby-ის მელოდია მოულოდნელად Wheaties-ის ჰიტად იქცა:
Have you tried Wheaties? They’re whole wheat with all of the bran. Won’t you try Wheaties? For wheat is the best food of man. They’re crispy and crunchy the whole year through. The kiddies never tire of them and neither will you. So just buy Wheaties, the best breakfast food in the land.სიმღერის შესასრულებლად კი ადგილობრივი კვარტეტი დაიქირავეს, რომლებსაც შემდგომში Wheaties Quartet-ის სახელით მოიხსენიებდნენ. ასე იყო თუ ისე, Have You Tried Wheaties? 1926 წელს შობის ღამეს გაუშვეს! წარმოიდგინეთ, სამი წლის მანძილზე ყოველ კვირას კვარტეტი ამ ჯინგლს 15 დოლარად ასრულებდა, რაც დღევანდელ 200 დოლარს უდრის. ცოცხალი შესრულება იყო, რადგან იმ დროს პრაქტიკული ჩამწერი მოწყობილობები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამოგონებული.
თუმცა ფაქტია, იმ დროის მომხმარებლებისთვის ეს რეკლამა სრული სენსაცია გახლდათ. იმდენად წარმატებულიც კი გამოდგა ბრენდისთვის, რომ კომპანია დახურვისგან გადაარჩინა — როგორც რეკლამის მენეჯერი სემ გეილი ამბობს, მარცვლეულის 53 000 ყუთიდან 30 000/40 000 მინეაპოლისში გაიყიდა, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც Have You Tried Wheaties? გააჟღერეს. რეკლამის შედეგებით კმაყოფილები რომ დარჩნენ, ამას არც აღნიშვნა სჭირდება, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ ამ ფაქტის შემდგომ, General Mills-მა სრულიად შეცვალა სტრატეგია — ქვეყნის მასშტაბით რეკლამისთვის კომერციული დრო იყიდა, რამაც შედეგად ბრენდს გაყიდვების მკვეთრი ზრდა მოუტანა, სიმღერა კი ჰიტად იქცა!
ამ ამბების შემდგომ General Mills რომ სხვებისთვის სამაგალითო გახდა, აშკარაა და ისიც ფაქტია, რომ ბოლო ათწლეულებია, ყველაზე დასამახსოვრებელ სარეკლამო კამპანიებში ჯინგლებს იყენებენ, იმას, რაც მარცვლეულის კომპანიამ 1926 წელს წამოიწყო…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი