in

როგორ დასრულდა პირველი ხელოვნური გულის ტრანსპლანტაცია?

დღეს ბარნი კლარკზე მოგიყვებით, 61 წლის პენსიაზე გასულ სტომატოლოგზე, რომელიც ხელოვნური გულის პირველი რეციპიენტი გახდა… გულის გადანერგვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში განიხილებოდა და ასე იყო კლარკის შემთხვევაშიც, მას კარდიომიოპათია აწუხებდა, გულის კუნთის პროგრესირებადი შესუსტება… მაგრამ გულს ვერ გადაინერგავდა, რადგან დაშვებულ ასაკობრივ ზღვარს 11 წლით აღემატებოდა. ამგვარად, ერთადერთი ვარიანტი დარჩა — ამერიკელი ინჟინრის, მეცნიერისა და მეწარმის რობერტ ჯარვიკის ხელოვნური გული.

საუბარია Jarvik 7-ზე, რომელიც 1980-იან წლებში შეიქმნა. ეს პნევმატურად მომუშავე მოწყობილობა იყო, რომელიც პლასტმასისა და ალუმინისგან დამზადდა, იმ მოწყობილობებისგან შედგებოდა, რომლებიც სისხლის ეფექტურად გადატუმბვისა და ჰაერის ნაკადის რეგულირებისთვის იყო საჭირო. სხეულში სისხლის გადატუმბვა წუთში 40-დან 120 პულსამდე შეეძლო, თუმცა მან გულისცემის ჩვეული ხმა შეცვალა… 

Ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, თუმცა კლარკს ამისთვის არც ბევრი დრო ჰქონდა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა… თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იუტას სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, იქ შეიტყო, რომ Jarvik-ის გული უკვე რამდენიმე ცხვარსა და ხბოზე გამოცადეს, მათგან ერთ-ერთმა ხბო ტენისონმა კი 268 დღით გადარჩენის რეკორდი დაამყარა. ამგვარად, მეორე დღეს იუტას კლინიკის ხელმძღვანელს დაურეკა და უთხრა: დროა

დრო კი არა, თითქმის დაგვიანებულიც იყო. როგორც ამბობენ, ოპერაციისას კლარკს სასიცოცხლო ნიშნები ნაკლებად აღენიშნებოდა, მისი გული წუთში საჭირო რაოდენობის მეხუთედს თუ ტუმბავდა… ასე იყო თუ ისე, ფაქტია ოპერაცია წარმატებულად ჩაითვალა და 1982 წლის 2 დეკემბერი ისტორიული თარიღი გახდა. და რადგან ფასი ყოველთვის საინტერესოა, გეტყვით, რომ ხელოვნური გულის პირველი ტრანსპლანტაცია 15 000 დოლარი დაჯდა, მოწყობილობა, გულის ჩათვლით კი 16 450 დოლარი.

ხოლო წარმატებას ექიმ უილიამ დევრისს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც 38 წლის ასაკში ოპერაცია იუტას სამედიცინო ცენტრში ჩაატარა. მისთვის ხელოვნური გულის წარმატებით გადანერგვა კულმინაცია იყო იმ სამწლიანი შრომისა, რომელიც ტექნიკისა და იმპლანტაციის დახვეწას მოანდობა. ამასთან, საკმაოდ დიდი ხანი ელოდა შესაბამისი პაციენტის გამოჩენას, რომლისთვისაც ოპერაციის ჩატარებაზე ნებართვასაც მიიღებდა. მართალია, ოპერაციას 7 საათზე მეტი დასჭირდა, მაგრამ როგორც დევრისი ამბობს, ეს საოცარი გამოცდილება იყო.

ხელოვნური გულის ტრანსპლანტაციას შეფერხებების გარეშე არ ჩაუვლია — პაციენტს პერიოდულად კრუნჩხვები ემართებოდა, რასაც ექიმები სითხისა და მარილების ბალანსის არქონას მიაწერდნენ. შედეგად, ხშირად განიცდიდა დისორიენტაციას და ზოგჯერ ისიც კი სჯეროდა, რომ კლავ სტომატოლოგად მუშაობდა… კლარკმა 112 დღე იცოცხლა. გარდაცვალების მიზეზად კი სისხლის მიმოქცევის კოლაფსი სახელდება, რაც, თავის მხრივ, ინფექციამ გამოიწვია, რომელიც, სავარაუდოდ, სისხლის გადასხმის შედეგი იყო… 

მიუხედავად კლარკის გარდაცვალებისა, ხელოვნური გულის გადანერგვის მცდელობები ასე არ დასრულებულა, აი, მაგალითად უილიამ შროედერმა 620 დღე იცოცხლა, ლეიფ სტენბერგმა კი 229… Jarvik 7-მა ხელოვნური გულის ტექნოლოგიისა და გულის ტრანსპლანტაციის სფეროებში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. თუმცა ასე არ მოხდებოდა, კლარკს რომ არ დაერეკა…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

4 კითხვა, რომლებიც ლიდერებმა უნდა დასვან კომპანიაში პრობლემების გადასაჭრელად

კომპანია NEXT “Future Hospitality Summit-ის” მთავარ მონაწილედ წარდგა