in

პირველი ხმოვანი ჩანაწერი ისტორიაში ფონოგრაფის გამოგონებამდე 17 წლით ადრე გაკეთდა!

როდის გაჩნდა პირველი ხმოვანი ჩანაწერი? შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ჯერ პირველი ფოტოები იყო და შემდეგ ხმის ჩამწერები… მეტიც, პირველი ხმა 1850-იან წლებში ჩაიწერა, ალექსანდერ გრეიამ ბელის პირველ სატელეფონო ზარამდე და თომას ედისონის ფონოგრაფამდე (1877) თითქმის ორი ათწლეულით ადრე. ეს უკანასკნელი არ მოგესმათ, რადგან პირველი ხმა ჯერ კიდევ მაშინ ჩაიწერა, როცა ჩვენთვის ცნობილი ხმის ჩამწერი ინსტრუმენტი არ არსებობდა. შესაბამისად, არც ედისონი ყოფილა მისი ავტორი და მეტიც, ეს ტიტული არც მის დამხმარეს ან თანამოაზრეს ეკუთვნის…

პირველად ხმა ფონოგრაფამდე 17 წლით ადრე ფრანგმა გამომგონებელმა ედუარდ-ლეონ სკოტ დე მარტინვილმა ჩაიწერა, მაგრამ რით? ფონოგრაფი რომ არ არსებობდა? იგი ფიქრობდა, თუ კამერა აკეთებს თვალის იმიტაციას, რათა სურათი ქაღალდზე გადაიტანოს, მექანიკურ ყურსაცუნდა შეეძლოს ხმის ქაღალდზე გადატანაო და ასე შექმნა ფონავტოგრაფი — მანქანა, რომელიც ხმებს ვიზუალურად იწერს, მაგრამ არ უკრავს. ამგვარად, 1860 წლის 9 აპრილს სკოტმა ჩაწერა ფრაგმენტი ფრანგული ხალხური სიმღერიდან Au Clair de la Lune, რომელსაც დღეს პირველ ხმოვან ჩანაწერად მოიაზრებენ:

 

და რას ნიშნავს არ უკრავს? ფონავტოგრაფი გრძელი ნემსიანი ლულისგან შედგებოდა, რომელიც ვიბრირებდა და ხმის ტალღებს ფურცელზე ან მინაზე ხატავდა. ასე ნემსს ხმის სიხშირის ჩაწერა შეეძლო, რის გამოც მას მუსიკალური ნოტების სიმაღლის გასაზომადაც იყენებდნენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობდა: მართალია, ფონავტოგრაფს ტექნიკურად ხმების ჩაწერა შეეძლო, მაგრამ იმის გამო, რომ ეს მხოლოდ ფურცელსა და მინაზე კეთდებოდა, მისი მოსმენა შეუძლებელი იყო. დიახ, სწორედ აქ იკვეთება ედისონის როლიც თავისი მოლაპარაკე მანქანით”, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ… 

როცა სკოტმა ხმა ჩაწერა, მას არც უფიქრია, რომ ადამიანები ოდესმე მისი ჩანაწერების მოსმენას შეძლებდნენ, რადგან მან მხოლოდ ამის წაკითხვის შესაძლებლობა მოგვცა. თანაც, ედისონისგან განსხვავებით, სკოტი ვირტუალურად მივიწყებული იყო… ეს ასეც იქნებოდა 2008 წელს First Sounds რომ არ დაეარსებინათ და სკოტის ნამუშევრის გაჟღერებაზე რომ არ ეზრუნათ — ქაღალდის ჩანაწერები ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის (აშშ) მეცნიერებმა გაანალიზეს და ვირტუალური სტილუსის მსგავსად, ოპტიკური გამოსახულება გამოიყენეს, რამაც მისი პირველად გაჟღერების შესაძლებლობაც მოგვცა. 

როგორც ამბობენ, 1857 წლის იანვარში მან თავისი ჩანაწერები საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში მიიტანა და უთხრა მათ, რომ მოწყობილობა ერთ დღეს მწერლებს კალამსაც კი ჩაუნაცვლებდა… ასეა თუ ისე, მან ამ წელს მოწყობილობის დაპატენტება შეძლო, თუმცა იმდენად დახვეწა, რომ მეტად გრძელი ჩანაწერების გაკეთებაც ყოფილიყო შესაძლებელი. 

საინტერესოა ისიც, რომ სკოტს Au Clair de la Lune-მდეც ჰქონდა სხვა ხმები ჩაწერილი, თუმცა მანამდე არსებული, სულ პირველი ჩანაწერები იმდენად უხარისხოა, რომ მკვლევრებს უჭირთ, ეს სტატუსი მიანიჭონ. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ იმ დროს ჩაწერილი ხმის გასაჟღერებლად შესაბამისი მოწყობილობა არ არსებობდა… მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ფონავტოგრაფი პირველი მანქანა იყო, რომელმაც რეალურ დროში სენსორული მონაცემების ჩაწერა შეძლო. 

თომას ედისონს კი ისტორიკოსები მეცხრამეტე საუკუნის ინოვაციათა ტრიუმფატორად აღწერენ. მან ხომ ჩაწერილი ხმის მოსმენა გახადა შესაძლებელი — ხმის ტალღები მბრუნავ დისკზე ჩაწერა და მის ხელახლა დასატრიალებლად, ანუ მოსასმენად, ნემსი გამოიყენა. აქ უკვე მოლაპარაკე მანქანის პირველ ჩანაწერებად მისალმების ფრაზებს, ანბანსა და Did you get that? კითხვას მოიაზრებენ, თუმცა ედისონი ამტკიცებდა, რომ პირველი ჩანაწერი Mary Had a Little Lamb-ის ფრაგმენტი იყო:

დიახ, ეს ზუსტად ის ტექნოლოგიაა, რომელსაც ჩვენ დღეს ვინილისთვის ვიყენებთ. გამოდის, ჰიპსტერებმა მადლობაც უნდა გადაუხადონ ედისონს ყოველ ჯერზე, როცა თავიანთ ანტიკურ მოწყობილობებს აამუშავებენ… 

თუმცა არ გეგონოთ, რომ მან სკოტის მოწყობილობა აიღო და დახვეწა, რადგან საერთოდ არაფერი იცოდა ამის შესახებ. მის წინამორბედ ფონავტოგრაფზე მხოლოდ 1878 წელს ვაშინგტონში გაიგო, როცა პრეზიდენტისთვის ფონოგრაფი უნდა წარედგინა… როგორც ამბობენ, შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, მაგრამ გაკვირვებული იმ ფაქტით, რომ ჩანაწერის ხმამაღლა დაკვრაზე სკოტს არ უფიქრია. და ასე რომ ყოფილიყო, ნეტავ, რას შემოგვთავაზებდა ედისონი?

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

„გეყოთ გამბედაობა, თქვენს გულსა და ინტუიციას მიჰყვეთ“ — სტივ ჯობსის ფორმულა საუკეთესო ცხოვრებისთვის

„საბოლოო ფიცი“ — Alzheimer’s Society-ის ემოციური ვიდეორგოლი