როგორც აღმოჩნდა, პოპკორნი მარტო კინოთეატრებში კი არა, მისი ისტორიის წაკითხვის დროსაც გვჭირდება, რადგან რთულია, იპოვო კითხვაზე პასუხი, თუ რომელი იყო პირველი კინოთეატრი მსოფლიოში. ძირითადად კლასიფიკაციაა განსხვავებული, ზოგიერთი წყარო კინოთეატრის მიზნით აშენებულ პირველ შენობას მოიაზრებს, ზოგიც პირველ კინოჩვენებაზე გვესაუბრება, ზოგიც ამას ძმებ ლუმიერებს უკავშირებს… თომას ედისონზეც გვიყვებიან, რომელმაც 1880-იან წლებში „ერთი კაცის კინოთეატრი“ Kinescopes შემოგვთავაზა და არცთუ ისე პატარა ყუთით ადამიანებს მოძრავ სურათებს აჩვენებდა.
ასე კი იმიტომ ხდებოდა, რომ ედისონი არ იყო დარწმუნებული, რამდენად მოეწონებოდათ ადამიანებს ან ექნებოდათ კინოს ერთად ნახვის სურვილი… თუმცა აქ უხარისხოდ მოძრავი სურათები იგულისხმება და არა ის კინო, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ასე იყო თუ ისე, ჩვენ გინესის მსოფლიო რეკორდების მონაცემებს დავეყრდნობით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძველ, დღემდე მოქმედ კინოთეატრს გვაცნობს.
საუბარია ამერიკის Washington Iowa State Theatre-ზე, რომელიც 1897 წლის 14 მაისს გაიხსნა, თუმცა სხვა სახელით და დღემდე ოპერირებს. რაც შეეხება პირველ ფილმს, რომელიც აქ აჩვენეს, ეს უფრო მეტად მოძრავ სურათებად შეგვიძლია დავახასიათოთ, რომლებიც პარიზში შეიქმნა. პირველ კინოთეატრში კი ბილეთების ფასი 15, 25 და 35 ამერიკულ ცენტს შეადგენდა.
თუმცა Washington Iowa State Theatre-მდე Graham Opera House იყო და ამას ვგულისხმობდით სხვა სახელშიც — თუ ადრე ადამიანები დროის გასატარებლად ოპერის სახლებში მიდიოდნენ, ფილმების პოპულარობის ზრდასთან ერთად, ესეც შეიცვალა. ისინი ნაკლებად დადიოდნენ სპექტაკლებზე, რაც მაშინ ბევრად მეტიც ღირდა, ვიდრე კინოჩვენებაზე დასწრება… Graham Opera House 1921 წელს ადგილობრივმა ბიზნესმენმა ვინფილდ სმაუსმა იყიდა. საბოლოოდ კი რალფ და კლაიდ პრატების ხელში აღმოჩნდა. 1920-იან წლებში დაიხურა და 1928 წელს გაიხსნა, ოღონდ უკვე კინოთეატრისა და ოპერის სახლის კომბინაცია შესთავაზა მაყურებლებს. 1940 წელს სავარძლები და ჰაერის კონდიციონერი დაამონტაჟეს, 1970-იან წლებში ექსტერიერი დახვეწეს…
ფაქტია, დროთა განმავლობაში შენობამ არაერთი ცვლილება განიცადა. 2010 წელს კი ამას ერთ-ერთი ოთახში სიგარეტის ნამწვით გამოწვეული ხანძარი დაემატა. მართალია, ხანძარმა მხოლოდ ერთი ოთახი მოიცვა, მაგრამ კვამლითა და წყლით სხვა სივრცეებიც დაზიანდა. შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დღეს იგი 1940-იანი წლების ვიზუალს მოგაგონებთ. არაერთი ძველი მახასიათებელიც შენარჩუნებული აქვს, რომლებიც უკვე საუკუნეზე მეტხანს ითვლის.
როგორც ვიგებთ, Washington Iowa State Theatre-ის პირველი ჩვენებები ხალხით იყო სავსე, აუდიტორიაში კი 783 ადამიანი თავსდებოდა. თუმცა ადრეული ჩვენებები თუ ძირითადად ფრანგულ კინოებს მოიცავდა, დღეს აქ თანამედროვე ფილმებს უფრო ასაკოვანი მაყურებლებისთვის 2 და 3D-ში აჩვენებენ…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი