დროა, თანამედროვე მედიცინა დააფასოთ, რადგან ყველაფერი ადამიანების თავის გახვრეტით დაწყებულა… იქ, სადაც არც ჰიგიენის ნორმები იყო დაცული, არც ნარკოზი და, დიდი ალბათობით, არც ისეთი რამ არსებობდა, რაც შვებას მოჰგვრიდა პაციენტს. თუმცა ექიმებს მაინც გააღმერთებდნენ, თუ ისინი ტკივილის შემსუბუქების მიზნით, თავს სწრაფად გახვრეტდნენ… ალბათ, ეს ამბავი თქვენთვის წარმოუდგენელიც კია, მაგრამ ტრეპანაცია თავის ქალის გაკვეთის უძველესი ქირურგიული მეთოდია, რომელსაც სხვადასხვა ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად დღესაც იყენებენ.
თუმცა რაში სჭირდებოდათ ადრე? ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ოპერაციას მსოფლიოს მრავალ წერტილში აკეთებდნენ და მიზეზსაც სწორედ ეს განაპირობებდა. ტრეპანაციას ჯადოებისა თუ დემონებისგან გასათავისუფლებლად, რელიგიური და თერაპიული მიზეზების გამო, ეპილეფსიისა თუ შაკიკის ან საერთოდაც, მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად უკეთებდნენ ადამიანებს… თუმცა ეს ოპერაცია კონკრეტული მიზნის მიხედვით როგორც ცოცხალ, ისე გარდაცვლილ ადამიანებს უტარდებოდათ, ისეთი თავის ქალებიც კია ნაპოვნი, რომელთა შემთხვევაშიც ჭრილობას შეხორცება ჰქონდა დაწყებული.
ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ტრეპანაცია პრეისტორიულ ხანაში დაიწყეს. ამის არქეოლოგიური მტკიცებულებაც არსებობს — უძველესი თავის ქალა, რომელსაც ტრეპანაციის კვალი აღენიშნება, მეზოლითის პერიოდით თარიღდება. საინტერესოა ისიც, რომ „მკურნალობის“ ამ მეთოდის პოპულარობის წყალობით, არქეოლოგიური მასალებიც მრავლად გვაქვს, მათ შორის ერთ-ერთი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმშიც კია შემონახული, თანაც, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოპოვებული…
თუმცა მაინც, როცა საქმე ტრეპანაციის ჩატარების მიზეზებს ეხება, იმაზე მეტი კითხვა იბადება, ვიდრე პასუხი… ჰიპოკრატეს ჩანაწერებში, რომლებიც მის სწავლებებთან არის დაკავშირებული, ტრეპანაციის თერაპიული დანიშნულებაა განხილული. კონკრეტულად კი, ამ მეთოდს მაშინ მიმართავდნენ, როცა თავის ქალა დაზიანებული იყო, რათა მასში ჩირქის დაგროვება არ მომხდარიყო…
აი, შუა საუკუნეების ევროპაში კი ტრეპანაციის ჩატარების მიზეზები ბევრად განსხვავებული იყო — იმის მიხედვით, თუ რომელი კულტურის წარმომადგენლები ასრულებდნენ მას. უნგრელი მოსახლეობისთვის თუ ეს სიკვდილის შემდგომი რიტუალური ტრეპანაცია გახლდათ, სხვები მას ცოცხალ ადამიანზეც ატარებდნენ, მაგრამ მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თავის ქალის ფიზიკური დაზიანებების მკურნალობიდან დაწყებული, გაგრძელებული ფსიქიკური პრობლემებითა და ეპილეფსიით დამთავრებული, აქ ყველაფერზე საუბრობენ…
საინტერესოა ისიც, რომ ტრეპანაციისთვის 5 მეთოდი გამოიყენებოდა. პირველი ქვისგან დამზადებული დანებისგან კეთდებოდა, რომელიც შემდგომში მეტალმა ჩაანაცვლა — ასეთ დანას პერუს სამარხებშიც კი მიაგნეს და იგი Tumi-ს სახელით არის ჩვენთვის ცნობილი. მეორე მეთოდი შუშის ნაჭრის გამოყენებას მოიცავდა, ამგვარი ტექნიკით გახვრეტილ თავის ქალებს საფრანგეთში მიაგნეს, თუმცა როგორც ამბობენ, ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელიც იტალიაში რენესანსის პერიოდამდეც კი გაგრძელდა…
ხოლო მესამე ვარიანტში უკვე თავის ქალის წრიულად ამოჭრა ხდებოდა, მეოთხეში ხერხის მსგავს მოწყობილობას იყენებდნენ, მეხუთე მეთოდი კი პირდაპირ ბურღვას გვთავაზობდა — როგორც ამბობენ, ეს მშვილდის საშუალებით ხდებოდა, ან ნებისმიერი საგნით, რომელიც საბურღად გამოიყენებოდა.
ის ფაქტი, რომ ტრეპანაცია თანამედროვე მედიცინაში დღესაც გამოიყენება, ამ მეთოდის ეფექტურობას ადასტურებს, მაგრამ თუ მის წარსულს გავიხსენებთ, მედიცინა მეტად საშიშ ჟანრში გადადის… წარმოიდგინეთ, ადამიანები დემონებისგან გასათავისუფლებლად თავის გახვრეტაზეც რომ თანახმა იყვნენ ან როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ მეთოდით? ასეა თუ ისე, გამოდის, ისტორიაში პირველი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზეზი ნაწილობრივ ადამიანთა ფანტაზია, ნაწილობრივ კი საჭიროება გახდა…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი