in

რატომ დაარქვეს პირველ კლონირებულ ცხოველს მომღერლის სახელი?

აქ ჩვენ წარმატებულ ექსპერიმენტზე მოგიყვებით, პირველი კლონირებული ცხოველის ამბავზე, რომელმაც მეცნიერებაც გადაატრიალა და ჩვენი წარმოდგენებიც ადამიანთა შესაძლებლობებზე… თუმცა ამ მნიშვნელოვან მიღწევას არც მეტი და არც ნაკლები ქანთრის მომღერლის დოლი პარტონის სახელი დაარქვეს, ხოლო კითხვაზე რატომ? უცნაურზე მეტად, ალბათ, სახალისო პასუხს უფრო ვიღებთ…

M2
M2

მაშ ასე, დღეს დოლის ისტორია უნდა გაგაცნოთ — კლონირება 6 წლის Finn Dorset-ის ცხვრის სარძევე ჯირკვლიდან და Scottish Blackface-ის კვერცხუჯრედიდან მოხდა — 1996 წლის 5 ივლისს Scottish Blackface-ის სუროგატ დედასთან დოლი დაიბადა. მისი თეთრი სახე კი კლონირების პირველი ნიშანი იყო, რადგან სუროგატ დედასთან გენეტიკურად დაკავშირებული რომ ყოფილიყო, შავი სახეც ექნებოდა… როლინის უნივერსიტეტის ექსპერიმენტს კი სერ იან ვილმუტი ხელმძღვანელობდა. თუმცა კვლევის ბუნების გამო გუნდი განსხვავებული კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისგან შედგებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ მეცნიერები, ემბრიოლოგები, ქირურგები, ვეტერინარები და ფერმის პერსონალი.

დოლი მეცნიერებისთვის იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ პირველი ძუძუმწოვარი გახლდათ, რომლის კლონიც ზრდასრული უჯრედიდან მიიღეს. მისმა დაბადებამ დაამტკიცა, რომ კონკრეტული უჯრედების გამოყენება ცხოველის ზუსტი ასლის შესაქმნელად შეგვიძლია. სწორედ ამიტომ ანიჭებენ მას პირველობის სტატუსს და ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს 1984 წელს კემბრიჯში ებრიონის უჯრედიდან კლონირებულ ცხვარზე მოგიყვებოდით ან 1995 წელს ლაბორატორიაში გაზრდილ ემბრიონის უჯრედებზე…

და როგორ ცხოვრობდა? მეგობარ ცხვრებთან ერთად როლინის უნივერსიტეტში, პარტნიორიც კი იყოლია, სახელად დავითი, უელსის მთის ვერძი. ბოლი, ტყუპები: სალი და როზი, შემდგომ კი ლუსი, დარსი და კოტონი მათი შვილები გახლდათ. ყველაფერი არც ასე იდეალურად იყო, მაგრამ სანამ ამას განვიხილავთ, ისიც ვახსენოთ, რომ უკვე 1997 წლის 22 თებერვალს, როცა სამეცნიერო ნაშრომიც გამოქვეყნდა, რომელიც ექსპერიმენტს აღწერდა, დოლი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. დებატების საგნადაც იქნა, სასარგებლო იყო თუ სახიფათო მისი არსებობა კაცობრიობისთვის…

ეს კამათი რომ შორს წაგვიყვანს, კი ვიცით, ამიტომ ჯერ დოლის სახელის ამბავს დავუბრუნდეთ. როგორც გითხარით, კლონი Finn Dorset-ის ცხვრის სარძევე ჯირკვლიდან მიიღეს, ქანთრის მომღერალი დოლი პარტონი კი თავისი მკერდით იყო სახელგანთქმული… ერთი მეორეს დაუკავშირეს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევას მეცნიერებაში სახელი მკერდის გამო შეურჩიეს! დიახ, მსუბუქად რომ ვთქვათ, დორსის ამბავიც ამტკიცებს, რომ ეს საქმე ბრენდინგის სპეციალისტებს უნდა მივანდოთ, სხვა დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდვია.

ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ ყოფილაო, რომ გითხარით… როცა ერთი წლის გახდა, მისმა დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ტოლომერები მოსალოდნელზე მოკლე იყო — ეს ის არის, რაც დნმ-ს დაზიანებისგან იცავს, ცხოველისა თუ ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად კი მოკლდება, რაც, თავის მხრივ, დნმ-ს უფრო მეტი საფრთხის წინაშე აყენებს. ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი სწორედ ზრდასრული ცხვრის დნმ-ისგან კლონირებაა. ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დოლი რეალურ ასაკზე დიდი იყო. მიუხედავად ამისა, ცხვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიგვანიშნებდა არც ნაადრევ და არც დაჩქარებულ დაბერების პროცესზე.

ამასთან, ბოლო მშობიარობის შემდეგ, 2000 წლის სექტემბერში, დოლის ვირუსი დაემართა, რომელიც ცხვრებში ფილტვის კიბოს იწვევდა. უკვე 2001 წელს კი ფერმის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ მას სიარული უჭირდა და მალევე ართრიტი დაუდგინეს. 2003-ის თებერვლამდე ამ დაავადებებთან ერთად ჩვეულებრივ ცხოვრობდა, თუმცა შემდეგ გაცივდა, სიმსივნემაც ზრდა დაიწყო და ცხვრის ტანჯვის თავიდან ასარიდებლად, ევთანაზია გადაწყვიტეს — 6 წლის დოლი 2003 წლის 14 თებერვალს დააძინეს. 

ცხედარი როსლინის ინსტიტუტმა შოტლანდიის ეროვნულ მუზეუმს გადასცა და იგი დღემდე ყველაზე პოპულარული ექსპონატია. ასეა მეცნიერებაშიც — დოლი კვლავაც გამორჩეულ ადგილს იკავებს კლონირების, გენეტიკისა თუ ბიოტექნოლოგიების შესახებ წამოჭრილ დისკუსიებში. თუმცა ამ სახელს რა მოვუხერხოთ?!

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

საჭიროებს ცვლილებებს ჰიბრიდული სტრატეგია?

#სადანროგორ გავერთოთ 13-15 ოქტომბერს — ღონისძიებების კალენდარი