წარმოიდგინეთ იმ მარშრუტის გავლას, რომელსაც მანქანით 20 საათი და მატარებლით 12 საათი სჭირდებოდა, 23 წუთში რომ შემოგთავაზებდნენ… ეს ციფრები ფსონებს ზრდის, ამ შემთხვევაში კი 10 000-მდეც აღწევს! თუმცა სანამ უშუალოდ მთავარ ამბავს მოგიყვებით, ჯერ ერთი ისტორიული ფაქტი უნდა აღვნიშნოთ — თითქმის საუკუნის წინ, 1914 წლის პირველ იანვარს, Benoist-ის საჰაერო ხომალდით პირველი კომერციული ფრენა შესრულდა.
აქამდეც ჯერ თომას ბენოისტი უნდა ვახსენოთ, რომელიც ამერიკელი საჰაერო ხომალდების მწარმოებელი გახლდათ. სწორედ მან შემოგვთავაზა Benoist XIV, რომელიც პირველი კომერციული ფრენის ავტორი გახდა. აი, პილოტი კი ტონი ჯანასი იყო და კომერციული ავიაციის ისტორიის დიდ ნაწილს სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ. მართალია, თავიდან გემების ძრავის მექანიკოსად მუშაობდა, მაგრამ 1910 წელს მერილენდის ავიაშოუს ხილვის შემდეგ ამ საქმით დაინტერესდა და მალე შესანიშნავი პილოტიც გახდა.
ამ ამბავში კიდევ ერთი ფიგურა იკვეთება — ელიოტ ფანსლერი, რომელიც ფლორიდაში გემების ძრავების მწარმოებლის გაყიდვების წარმომადგენელი გახლდათ. იგი მალევე მოიხიბლა ბენოისტის პროგრესით იმ საჰაერო ხომალდის შექმნაში, რომელსაც აფრენა და წყალზე დაშვება შეეძლო. მათ მოლაპარაკებები დაიწყეს და საბოლოოდ ფანსლერმა ბენოისტს ნამდვილი კომერციული ხაზის შექმნა შესთავაზა, რომელიც მგზავრებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიყვანდა. სწორედ მისი იდეა იყო არსებული მარშრუტით გამგზავრება — სანქტ-პეტერბურგიდან ტამპამდე და, პირიქით.
შემდგომი ეტაპი უკვე ტამპას მაღალჩინოსნების დაინტერესება იყო, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა… საბედნიეროდ, ასე ვერ ვიტყვით სანქტ-პეტერბურგზე, აქ ფანსლერმა რამდენიმე ინვესტორის დაინტერესება მოახერხა. პილოტად კი ჯანასი აირჩიეს, რომელიც იმ დროს უკვე სახელგანთქმული იყო თავისი გაბედულებითა და მიღწევებით. სამხედრო თვითმფრინავებს ცდიდა, ფრინავდა დიდი მანძილებზე საჰაერო ხომალდებით, საჰაერო ბომბდამშენების პირველი ტესტებიც მან ჩაატარა.
საინტერესოა ისიც, რომ ამ საჰაერო ხომალდში მხოლოდ ორი ადამიანი თავსდებოდა, ერთი პილოტი და ერთი მგზავრი. დიახ, ეს ფსონებს კიდევ უფრო ზრდიდა. ამიტომ, ახალ წელს პირველი კომერციული ფრენის სანახავად მოსულ 3000 ადამიანთან ერთად აუქციონი ჩატარდა — პირველი ორმხრივი ბილეთი სანქტ-პეტერბურგის ყოფილმა მერმა აბრამ ფეილმა $400 დოლარად მოიგო, რაც დღევანდელ 10 000 დოლარს უდრის!
სანამ ფრენის დეტალებს განვიხილავთ, ცოტა ტექნიკურ ნაწილშიც შევიჭრათ — Benoist 14-ის წონა 567 კილოს შეადგენდა, სიგრძე 8 მეტრს, ხოლო ფრთები 15 მეტრამდე აღწევდა. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, 103 კმ/სთ იყო. პირველი კომერციული ფრენის მარშრუტი კი 37 კილომეტრის დაფარვას გულისხმობდა. ეს საჰაერო ხომალდი ტამპის ყურის წყლიდან 15.2 მეტრის სიმაღლეზე იყო, თუმცა მაინც მოახერხა კომერციული ავიაციის ისტორიის პირველ ფურცელზე მოხვედრა.
მიუხედავად ამისა, ყველაფერი არც ასეთი მარტივი იყო… შუა ფრენის დროს ხომალდმა დაშვება დაიწყო, თუმცა ჯანასმა ძრავაში არსებული ხარვეზი მალევე გამოასწორა. ეს ამბავი ისტორიაშიც შემდეგი ფრაზით ჩაიწერა — „წარმოუდგენელი ინდივიდუალური მიღწევა დაგეგმილი კომერციული ავიაციის ინდუსტრიაში“.
ყოველდღიურად 2 ფრენა სრულდებოდა, მხოლოდ ბილეთი 5 დოლარი ღირდა, რაც დღევანდელ 140$-ს უდრის, ხოლო ყოველ 45 კილო ტვირთზე კიდევ 5 დოლარი უნდა დაემატებინათ. წინასწარ 16 კვირის ბილეთები იყო ხოლმე გაყიდული… ხომალდი 4 თვის მანძილზე ასრულებდა ფრენებს და ჯამში დაახლოებით 1205 ადამიანი გადაიყვანა სანქტ-პეტერბურგიდან ტამპამდე.
ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი რამით გახდა შესაძლებელი — ადამიანებით, რომელთაც სწამდათ იდეის. თომას ბენოისტიც ამბობდა: „ერთ დღესაც ჩვენ გადავკვეთთ ოკეანეებს თვითმფრინავებით ზუსტად ისე, როგორც ეს დღეს გემებით ხდება“ და ფაქტია, მართალი აღმოჩნდა…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი