in

პირველი კომერციული მანქანა კარლ ბენცმა შექმნა!

აქაც ჯერ იდეა იყო, შემდეგ გამოგონება… ჩვენ კი, როგორც წესი, მათ უკან მდგომი ადამიანების ამბებს მოგიყვებით. თუმცა ჯერ იდეით დავიწყოთ, მანქანის კონცეფციით, რომელიც კონტაქტური ლინზებისა და პარაშუტების მსგავსად, ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. გამოდის, დღეს რომ მარტივად შეგვიძლია გადაადგილება, ამას და ვინჩის უნდა ვუმადლოდეთ, შემდეგ კი ადამიანებს, რომლებმაც პირველი ნაბიჯები გადადგეს იდეის სრულყოფისთვის. თუმცა პროტოტიპებზე საუბარმა შორს რომ არ წაგვიყვანოს, პირდაპირ პირველი კომერციული მანქანის ამბავზე გადავალთ.

აქ ორი მთავარი პერსონაჟი გვყავს — ერთია კაცი, რომელმაც ისტორიაში პირველი კომერციული მანქანა შექმნა და მეორე ქალი, რომელმაც ამ იდეის ირწმუნა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს ამბავი კარლ ბენცის სახელს უკავშირდება. ამიტომ, ახლა 1885 წელს უნდა დავუბრუნდეთ, როცა Benz Patent-Motorwagen შეიქმნა. ისტორიაში პირველი კომერციული მანქანა საუკუნე ნახევრის წინ კი გააცნეს მსოფლიოს, მაგრამ დღემდე პირველ თანამედროვე ავტომობილის მოდელად იწოდება. 

უკვე 1886 წლის 29 იანვრისთვის Benz Patent-Motorwagen, ანუ სამბორბლიანი მანქანა გაზის ძრავით, ბერლინის Imperial Patent Office-ში დააპატენტეს, რომელიც დღეს UNESCO World Documentary Heritage-ის ნაწილია. მას DRP 37435-ის ნომერი მიენიჭა. ქვემოთ მოცემულ დოკუმენტს კი მანქანის დაბადების დამადასტურებელ საბუთად მიიჩნევენ:

„ბენცის დოკუმენტების ნაკრებს გლობალური მნიშვნელობა აქვს და წარმოადგენს დღევანდელი მობილური საზოგადოების დაბადების სიმბოლოს“, — აცხადებს ჰარტვიგ ლუდკე, პროფესორი.

1888 წლის აგვისტოში Benz Patent-Motorwagen ისტორიაში პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი მანქანაც გახდა. არსებული წყაროების თანახმად, 600 გერმანული მარკა ღირდა, რაც დღეს დაახლოებით 4900 დოლარს უდრის. თავად ბენცმა კი თავისი გამოგონება საზოგადოებას 1886 წლის 3 ივლისს წარუდგინა მანჰეიმში, რა დროსაც მანქანა 16 კმ/სთ სიჩქარით საჯაროდ გაატარა. 4.5-ლიტრიანი საწვავის ავზი ჰქონდა, 100 კილომეტრის დასაფარად კი დაახლოებით 10 ლიტრი ბენზინი სჭირდებოდა…

Motorwagen-ის დიზაინიც ბენცს ეკუთვნის, რომელიც უმეტესად რკინის მასალებისგანაა დამზადებული. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავდა გვერდიდან ველოსიპედს ან ურემს, რომელშიც ცხენის შებმა დაავიწყდათ… შიდა წვის 4-ციკლიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ მსუბუქიც იყო. დაახლოებით 100 კილოგრამს იწონიდა, თუმცა საკმაოდ მძლავრიც იყო, რასაც დიდი ჰორიზონტალური ბორბალი აბალანსებდა. როგორც ვიგებთ, მანქანის ძრავა, შასი და სხვა კომპონენტები ერთ მთლიანობას კრავდა, რითაც იგი კონკურენტულ უპირატესობასაც იძენდა. ბევრი დეტალიც ჰქონდა ისეთი, რომლებიც დღეს თანამედროვე მანქანებში გვხვდება. 

მოგვიანებით კი კარლ ბენცმა Motorwagen-ის მრავალი პატენტი შემოგვთავაზა, როგორც ამბობენ, 1893 წლისთვის უკვე 25 პატენტი ჰქონდა შექმნილი… ახლა კი ამბის იმ ნაწილზე გადავიდეთ, რომლის მთავარი პერსონაჟიც ქალია — ბუნებრივია, ბენცზე საუბარს მისი ცოლის ბერტა ბენცის ხსენების გარეშე არ ვაპირებთ.

სულ პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი მანქანა ბენცმა კი გაატარა საჯაროდ, თუმცა მანქანის უკვე მესამე დაპატენტებული ვერსიის პიარზე ბერტამ აიღო პასუხისმგებლობა. იცოდა, რა შეიძლებოდა მოეტანა მანქანის საჯარო დემონსტრირებას, ამიტომ Patent-Motorwagen No.3-ით გრძელი მოგზაურობა მოაწყო — 1888 წლის აგვისტოში 15 და 14 წლის შვილებთან ერთად მანჰეიმიდან, ჰეიდელბერგის გავლით, თავის მშობლიურ ქალაქ პფორცჰეიმში ჩავიდა, თუმცა მეორე წყაროს თანახმად, იგი ამ მოგზაურობაში მარტო იყო. ასე იყო თუ ისე, ეს 194 კილომეტრის გავლას ნიშნავდა და ამგვარად:

She drove more than a car, she drove an industry…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

 

თიბისის ციფრული ბანკი – მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად

კომპანია კერხერი ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორი გახდა