in

რომელია პირველი კომიქსი ისტორიაში?

კითხვაზე, თუ რომელია პირველი კომიქსი ისტორიაში, პასუხის პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. აქაც საკმაოდ ბევრი მოსაზრებაა, თუმცა ვინაიდან კომიქსები ნახატებისა და ტექსტების შერწყმით მიიღება, მეტად ლოგიკური გახდება ვარაუდი, რომ რაღაც ტიპის ვიზუალური სთორითელინგი გამოქვაბულის კედლებზეც იქნებოდა. როგორც ამბობენ, კომიქსებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ეგვიპტურ იეროგლიფებში, ბერძნულ ფრიზებში, რომის ტრაიანეს სვეტსა და მაიას დამწერლობაშიც კი გვხვდება. 

BBC-ის თანახმად, განსაკუთრებით გასაოცარია ის ფაქტი, თუ რამდენად ჰგავს მაიას ტომის სცენები თანამედროვე კომიქსებს, იქნება ეს მეტყველების ფორმები, მოძრაობები, სასაცილო ცხოველები თუ ცოტა ბოროტი ხუმრობები. 

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ადრეული კომიქსები არც ამერიკაში უნდა ვეძებოთ და არც ევროპაში. კოიკავა ჰარუმაჩის იაპონიაში მივყავართ. მან 1755 წელს Kinkin sensei eiga no yume/Master Flashgold’s Splendiferous Dream გამოაქვეყნა — აქ გვიყვებოდა ამბავს ღარიბ, დაბალი რანგის სამურაის შესახებ, რომელიც იაპონიის სოფლიდან ტოკიოში უკეთესი სამსახურის საპოვნელად მიდის. ქალაქისკენ მიმავალ გზაზე იძინებს და ხედავს სიზმრებს გეიშებზე, კურტიზანებსა და ფუფუნებით სავსე ცხოვრებაზე. 

Master Flashgold’s Splendiferous Dream

მეტიც, ჰურამაჩის წიგნი იყო ერთ-ერთი პირველი იმ კომიქსებიდან, რომლებიც იმ ეპოქაში მთავრობასა და საზოგადოებაზე ხუმრობდა. ეს წიგნები საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთ პერსონაჟს იმდროინდელ რეკლამებში ზუსტად ისე იყენებდნენ, როგორც დღეს ჩვენთვის საყვარელ სუპერგმირებს… 

Master Flashgold’s Splendiferous Dream

ახლა კი კომიქსების ისტორიაში თითქმის 30-წლით წინ უნდა წავიწიოთ და Glasgow Looking Glass-ზე ვისაუბროთ. სატირული პუბლიკაცია, მოგვიანებით ცნობილი, როგორც The Northern Looking Glass 1825/1826 წელს გამოქვეყნდა. იგი ილუსტრირებული იყო ინგლისელი კარიკატურისტის უილიამ ჰითის მიერ. საუბრობდა იმდროინდელ მოდასა და პოლიტიკაზე, სატირულად წარმოგვიდგენდა შოტლანდიის ყოველდღიურ ცხოვრებას 1820-იან წლებში… 

Glasgow Looking Glass

აქ კი მთავარი ამბავი ის არის, რომ Glasgow Looking Glass ზუსტად იმ ელემენტების უმეტესობას მოიცავდა, რომლებიც დღეს თანამედროვე კომიქსს ქმნის — ნახატები წარწერებით, რომლებსაც უწყვეტი ნარატივი ახასიათებს და ხშირად გადმოცემულია ბუშტების, სატირისა თუ კარიკატურის სახით. თანაც, როგორც ამბობენ, ის იყო პირველი, რომელმაც ე. წ. მეტყველების ბუშტები გამოიყენა და რომელიც შეიცავდა საკულტო ფრაზას to be continued…/ გაგრძელება იქნება…

The Adventures of Obadiah Oldbuck

ერთი წლის შემდეგ კომიქსების ისტორიაში ობადაია ოლდბაკის თავგადასავლები (The Adventures of Obadiah Oldbuck) ჩნდება. ესეც ერთ-ერთ პირველ კომიქსად არის მიჩნეული, მისი ავტორი კი რუდოლფ ტოპფერია. წიგნი შვეიცარიაში 1827 წელს შეიქმნა, ხოლო 1842 წელს ეს კომიქსი გახდა პირველი, რომელიც აშშ-ში დაიბეჭდა. როგორც ამბობენ, რუდოლფ ტოპფერმა კომიქსების ძირითადი კონცეფცია ჩამოაყალიბა, რის გამოც მას თანამედროვე კომიქსების მამასაც კი უწოდებენ…

The Yellow Kid

1896 წლის 25 ოქტომბერს ყვითელმა ბავშვმა (The Yellow Kid) თავისი პირველი სიტყვები წარმოთქვა მეტყველების ბუშტში, რის გამოც ეს თარიღი შეერთებულ შტატებში კომიქსების დაბადებად ჩაიწერა. მანამდე კი ფრაზებს მის პერანგზე ამოიკითხავდით. თანაც, რიჩარდ ფ. აუტკოს კომიქსის „ყვითელი ბავშვი მაკფადენის ბინებში“ ყდაზე comic book ეწერა. ყვითელ ბავშვს უნდა ეჩვენებინა მდიდრებისთვის, თუ როგორი იყო სიღარიბეში ცხოვრება… იმდენად პოპულარულიც კი გახდა, რომ 1896 წელს იგი ორ სხვადასხვა გაზეთში ერთდროულად ორი განსხვავებული მხატვრის მიერ დაიხატა…

როგორც ჩანს, ადამიანებს ამბების მოყოლა ყოველთვის იზიდავდათ და მათთვის საკმაოდ საინტერესოც აღმოჩნდა ფრაზების ბუშტებში ჩაწერის იდეა. კომიქსებისთვის არც არაამქვეყნიური ძალების მინიჭება დაიშურეს და მოგვიანებით, ასე გაგვაცნეს ჩვენი ცხოვრების სუპერ გმირები — ბეტმენი, კაპიტანი მარველი, სუპერმენი, Wonder Woman და სხვები… და რომელია თქვენი საყვარელი კომიქსი?

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

მომენტი, როდესაც ცხოვრებაში იმის შექმნას ვიწყებ, რაც გულით მინდა

#სადანროგორ გავერთოთ 5-7 მაისს — ღონისძიებების კალენდარი