in

პირველი კომპიუტერი თუ უბრალოდ კალკულატორი ისტორიაში?

დღეს თუ კომპიუტერით უამრავი საქმის გაკეთება შეგიძლიათ, ადრე მისი ფუნქცია მხოლოდ არითმეტიკული ამოცანების შესრულება იყო. ცოტა ირონიულია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი კომპიუტერი 30-ტონიანი კალკულატორი იყო, რომლის დაპროგრამებაც კი შეიძლებოდა…

კომპიუტერის შექმნას ბიძგი მეორე მსოფლიო ომმა მისცა. იდეა 1940 წელს გაჩნდა, თუმცა ის 1945 წელს ამერიკელმა ფიზიკოსებმა, ჯონ ეკერტმა და ჯონ მოუჩიმ განახორციელეს. Eniac — ელექტრონული რიცხვითი ინტეგრატორი და კალკულატორი იყო, რომელიც პირველ კომპიუტერად ითვლება. როგორც ამბობენ, მანამდეც იყო კომპიუტერის შექმნის მცდელობები, მაგრამ მათი არაპრაქტიკულობის გამო პირველობის სტატუსი ვერ მოიპოვეს. Eniac-ის სპონსორი კი ამერიკის სამხედროები იყვნენ, მათ მეორე მსოფლიო ომის დროს კომპიუტერი გასროლილი ჭურვების ტრაექტორიის დასადგენად სჭირდებოდათ. თუმცა მაშინ ეს ამბავი გასაიდუმლოებული იყო… 

და თუ დღეს კომპიუტერების უამრავი არჩევანი გვაქვს ზომის, ფერის თუ ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, პირველი კომპიუტერი თითქმის ერთი ოთახის ზომის იყო, 100 ფუტი სიგრძითა და 10 ფუტი სიმაღლით. თანაც, ის იმდენ ენერგიას მოიხმარდა, რამდენიც დღეს ქარხნებს სჭირდება… მეტიც, მისი მოთავსება სპეციალურ ოთახში იყო რეკომენდებული, რადგან ძალიან ცხელდებოდა, სითბოს გამოყოფდა და სპეციალური კონდიცირების სისტემა სჭირდებოდა. ENIAC-ის მეხსიერება 4 კილობაიტი იყო, საჭირო სიმძლავრე კი — 174 კილოვატი. თავდაპირველად შეკრება-გამოკლება, რამდენიმე წლის შემდეგ გამრავლება-გაყოფა და მოგვიანებით, მისი დახმარებით კვადრატული ფესვის ამოღებაც კი იყო შესაძლებელი. შემდეგ წლებში კი არა მისი ფუნქციების გაუმჯობესებაზე, არამედ კომპაქტურობასა და წონის შემცირებაზე მუშაობდნენ. 

ENIAC-ს “გიგანტურ ტვინსაც” უწოდებდნენ. ის 30 წამში აკეთებდა იმას, რასაც ადამიანი 20 საათს მოუნდებოდა… როგორც გვეუბნებიან, ერთ კომპიუტერს 2400 ადამიანის ჩანაცვლება და წამში 5000-მდე მოქმედების შესრულება შეეძლო. დღემდე მძლავრ კალკულატორადაც მიიჩნევა და ფიქრობენ, რომ მას 1955 წლამდე იმდენი გამოთვლა აქვს ჩატარებული, რამდენიც კაცობრიობას დღემდე არ შეუსრულებია… მისი ღირებულება კი 487 000 დოლარი, დღევანდელი 5 940 000 დოლარი იყო.

პირველ კომპიუტერს აქტიურად 10 წლის განმავლობაში მოიხმარდნენ. შემდეგ კი თერმობირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო გამოთვლებისთვის გამოიყენეს. ამბობენ, რომ აქ ნაკლებად, მაგრამ წყალბადის ბომბის შექმნისთვის ძალიან გამოადგათ. 

რომელი უფროა ENIAC — პირველი კომპიუტერი თუ უბრალოდ კალკულატორი, ეს თავადვე გადაწყვიტეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მან თანამედროვე კომპიუტერებს ჩაუყარა საფუძველი. 

ამერიკელმა ფიზიკოსებმა ჯონ ეკერტმა და ჯონ მოუჩიმ კი Eckert-Mauchly Computer Corporation დააარსეს და ENIAC-ის შემდეგ BINAC — პირველი ზოგადი დანიშნულების კომპიუტერი კომერციული გამოყენებისთვის შექმნეს. ეს არ იყო წარმატებული მცდელობა, თუმცა უკვე 1986 წელს მათ წარმატებული მოდელი, UNIVAC, ბიზნეს სექტორისთვის შეიმუშავეს. ის პირველი კომერციული მიზნით წარმოებული ელექტრონული ციფრული კომპიუტერია. UNIVAC 16 000 ფუნტს იწონიდა, 5000 ვაკუუმურ მილს იყენებდა და წამში დაახლოებით 1000 გამოთვლას ასრულებდა. 

დღეს კი ტრანზისტორებს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ კომპიუტერის ოთახში არ შევდივართ და მათ ჩვენთვის სასურველ სივრცეებში ნებისმიერ ადგილზე ვათავსებთ… ტრანზისტორის გამოგონების შემდეგ, კომპიუტერები უფრო მცირე ზომის გახდა, ნაკლებს იწონიდა და ათასჯერ მეტი ოპერაციის შესრულება შეეძლო. 1980-იან წლებში მიკროპროცესორის განვითარებამ კი პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპების დამზადება შესაძლებელი გახადა… ეს სფერო უწყვეტად ვითარდება, თუმცა UNIVAC და ENIAC კვლავ თანამედროვე კომპიუტერების წინამორბედებად ითვლება…

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

სხვადასხვა სფეროს პირველი ქართველი ქალი წარმომადგენლები

დე, გახსოვს?! – „კლიპარტის“ 3 მარტის კამპანია და მორიგი საჩუქარი დედებს