დღეს თუ კომპიუტერული თამაშების ცალკე ინდუსტრია გვაქვს, ეს X-სა და O-ს დამსახურებაა, დიახ, იმ თამაშის 3 X-სა ან 3 O-ს სწორ ან დიაგონალ ხაზებში მოთავსება გამარჯვებას რომ ნიშნავს, ფურცელზე, მერხზე თუ ნებისმიერ ზედაპირზე რომ თამაშობდნენ… ამ ინდუსტრიის შესაქმნელად, რიგში დგომა და სპეციალური ნებართვის მოპოვებაც არ იყო უცხო ხილი… თუმცა, რადგან ჯერ კიდევ კამათობენ იმაზე, თუ რომელია პირველი კომპიუტერული თამაში, ჩვენ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანზე OXO-ზე, „ჩოგბურთი ორისთვის“ და Spacewar-ზე უნდა ვისაუბროთ.
OXO
OXO ერთ-ერთ პირველ თამაშად ითვლება, რომელიც ეკრანზე გამოსახულებას ელექტრონულად გვაჩვენებს და ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. თამაშის პრინციპს სახელიდანაც მარტივად მიხვდებით, დიახ, ეს X-სა და O-ს კომპიუტერული ვერსია იყო. იგი ჯერ კიდევ 1952 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ალექსანდრე შაფტო დუგლასმა შექმნა. თუმცა რადგან იმ დროისთვის კომპიუტერები ფართოდ გავრცელებული არ იყო, საზოგადოებას არც ამ თამაშზე მიუწვდებოდა ხელი. კომპიუტერს — EDSAC, რომელსაც „კომპიუტერის ოთახიც“ შეგვიძლია ვუწოდოთ, ძირითადად კვლევითი მიზნებისთვის იყენებდნენ. ამიტომ, ამ ოთახში შესვლა და მით უმეტეს თამაში, მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეიძლებოდა. საბოლოოდ კი EDSAC-ისთვის შექმნილი თამაში, მასთან ერთად დასრულდა…
ხოლო დღეს OXO ბევრისთვის პირველი გრაფიკული კომპიუტერული თამაშია, თუმცა ზოგიც ამ საკითხს, ნაკლები გრაფიკის გამო, კითხვითი ნიშნის ქვეშ აყენებს…
„ჩოგბურთი ორისთვის“
დიახ, თამაში „ჩოგბურთი ორისთვის“ ჩოგბურთის სიმულაცია იყო, რომელიც 1958 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა — უილიამ ჰიგინბოთამმა, გართობის მიზნით, შექმნა. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მას კომპიუტერების სათამაშო ინდუსტრიაში ჩაბმა უნდოდა… ყველაფერი ბრუკჰეივენის ლაბორატორიის საჯარო გამოფენიდან დაიწყო. ჰიგინბოთამმა იცოდა, რომ შეკრებილ სტუმრებს ფოტოგრაფიებითა და სხვადასხვა სტატიკური ექსპონატით ვეღარ გააკვირვებდა. ამიტომაც, მას ელექტრონული თამაშის შექმნის იდეა გაუჩნდა… გამოდის, რომ ერთ-ერთი პირველი თამაში გამოფენის სტუმრების გასართობად შეიქმნა. თანაც, ფაქტია, რომ ეს იდეა წარმატებული აღმოჩნდა და ნამდვილად იყო ის, რამაც სტუმრების დიდი ინტერესი დაიმსახურა. იმისათვის, რომ „ჩოგბურთი ორისთვის“ ეთამაშათ, დამთვალიერებლები ბრუკჰევენის ეროვნულ ლაბორატორიასთან გრძელ რიგებში იდგნენ…
1958 წელს კი პირველად ელექტრონული ჩოგბურთი ცალკე კონტროლერებით ორმა ადამიანმა ითამაშა. ისინი ერთ კომპიუტერს უკავშირდებოდნენ და ეკრანისთვის ოსცილოსკოპს იყენებდნენ. მართალია, ვიზუალურად ვერც ჩოგანსა და მოედანს დაინახავდით და ეს სიმულაცია უბრალოდ სწორი ხაზების გამოყენებით იყო შექმნილი, მაგრამ იგი დანამდვილებით იყო ერთ-ერთი პირველი თამაში, რომელიც გართობის მიზნით შეიქმნა. ისიც მართალია, რომ ამ თამაშის ისტორია საკმაოდ კარგად იწყება, თუმცა „ტრაგიკული“ დასასრული აქვს… იგი არ დაპატენტდა, მალევე დაშალეს და სხვა მოწყობილობებში გადააწყვეს…
Spacewar
Spacewar, ანუ „კოსმოსური ომი“, პირველ კომპიუტერულ თამაშად ითვლება მათ შორის, რომელიც ოდესმე დაწერილა. ყველაზე პოპულარული და გავრცელებული თამაში 1962 წელს პროგრამისტებმა – სტივ რასელმა და მარტინს გერტცმა შექმნეს. მათ ფინანსური რესურსიც კი არ ჰქონდათ, თუმცა ეს მაინც მოახერხეს… თავდაპირველად დაწერილი პატარა პროგრამა მარტივ კომპიუტერულ თამაშად გადააქციეს, რომლის მიზანიც ადამიანების გართობა იყო.
თამაშის შემქმნელები უეინ ვიტანენთან, ბობ სანდერსთან, სტივ პინერსსა და სხვებთან თანამშრომლობდნენ. Spacewar-ის პირველი ვერსიის დასაწერად კი გუნდს დაახლოებით 200 საათი დასჭირდა. თამაში PDP-1-ზე, ადრეულ DEC ინტერაქციულ მინი კომპიუტერზე დაიწერა, რომელიც კათოდური მილის ტიპის ეკრანს და კლავიატურას იყენებდა. სამოციანი წლების შუა პერიოდისთვის კი მისი ნახვა თითქმის ყველა კვლევით კომპიუტერზე იყო შესაძლებელი.
Spacewar თანამედროვე თამაშების შთაგონების წყაროც ხშირად გამხდარა, ამ ფაქტების სინამდვილეს კი New York Times-იც მოწმობს, მან Spacewar ყველა დროის ათ ყველაზე მნიშვნელოვან ვიდეო თამაშის სიაში შეიყვანა.
როგორი იყო Spacewar-ის თამაშის წესები?
წარმოიდგინეთ უბრალოდ შავი ეკრანი, რომელსაც კოსმოსურ რუკას თეთრი წერტილებითა და პატარა ვარსკვლავებით ამსგავსებენ. ორი ერთმანეთის მოწინააღმდეგე ხომალდი „ნემსი“ და „სოლი“, კლავიატურის ან ჯოისტიკის დახმარებით, გადაადგილდება და ერთმანეთს ეომება. შესაბამისად, თითოეულ მოთამაშეს კოსმოსური ხომალდის მანევრირება და მოწინააღმდეგისკენ რაკეტების გასროლა შეუძლია. თუმცა მათ მზის გრავიტაციული ძალისა და ვარსკვლავების აცილებაც უნდა შეძლონ. მეტიც, კოსმოსურ ხომალდებს ბომბებისა თუ საწვავის ლიმიტირებული მარაგი ჰქონდათ.
ეს თამაში იმითაც გამოირჩეოდა, რომ იყო პირველი, რომელმაც რამდენიმე ადამიანს ერთდროულად თამაშის საშუალება მისცა. და თუ გაინტერესებთ, დღეს უკვე თანამედროვე და განვითარებული ტექნოლოგიების დახმარებით, თავადაც შეგიძლიათ გამოცადოთ იგი.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი