in

როგორ შეიქმნა პირველი კომპიუტერული ვირუსი?

რაც უნდა გასაკვირი იყოს, პირველი კომპიუტერული ვირუსი არც ჰაკერს შეუქმნია, არც საზიანო იყო, არც ფაილებს შიფრავდა, არც მონაცემებს ანადგურებდა და არც იპარავდა… იმ დროში რომ გეცხოვრათ, უბრალოდ ერთ შეტყობინებას გადმოგცემდათ — I’m the creeper, catch me if you can! ჩვენთვის, შესაძლოა, ეს ფრაზა სახალისო იყოს, მაგრამ 1971 წელს ეს უფრო მეტად აშინებდა და აწუხებდა მომხმარებლებს… მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანი არც გერმანელ მათემატიკოსს ჯონ ფონ ნოიმანს ჰქონია, რომელმაც კომპიუტერული ვირუსის კონცეფცია ჯერ კიდევ 1940-იან წლებში გაგვაცნო და არც ბობ თომასს, რომელმაც 30 წლის შემდეგ პირველი კომპიუტერული ვირუსი Creeper შექმნა.

თუმცა შეგვიძლია ეს შემთხვევითობას მივაწეროთ, რადგან მას უბრალოდ ექსპერიმენტის ჩატარება სურდა, რათა გაეგო, რამდენად იყო ისეთი პროგრამის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც კომპიუტერებს შორის გავრცელდებოდა… დიახ, ამის უკან უბრალოდ მეცნიერული ცნობისმოყვარეობა იმალებოდა და დასახელებამდეც ასე მივედით, რომელიც იდეურად თანამედროვე ვირუსის ჩვენეულ გაგებას მეტად ესადაგება… სკუბი-დუ ხომ გახსოვთ?! 70-იანი წლების პოპულარული მულტფილმი, ჰოდა სახელი Creeper-იც იქიდანაა, მწვანე მძარცველი კაცის პერსონაჟს რომ ერქვა, რომელსაც კედელში გასვლა და ბანკის გაძარცვა შეეძლო…

ახლა კი სულ საწყის ეტაპს რომ დავუბრუნდეთ, 1969 წელს ექსპერიმენტული კომპიუტერული ქსელი ARPANET (Advanced Research Projects Agency Network) ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შეიქმნა, რომელიც ინტერნეტის წინაპარი გახლდათ. შექმნილი იყო იმისათვის, რომ კომპიუტერიდან კომპიუტერზე დიდ მანძილებზე კომუნიკაცია დაემყარებინა, თითოეულზე სატელეფონო კავშირის გარეშე. აქ კი საჭირო იყო მონაცემების დაყოფისა და გაგზავნის მეთოდი, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც პაკეტის გადართვა (packet switching). 

რიჩარდ ბოლდმა, ლეო ბერანეკმა და რობერტ ნიუმენმა თავდაპირველად Bolt Beranek Newman შექმნეს, რომელიც უკვე ცნობილია, როგორც Raytheon BBN Technologies. ისინი პიონერები იყვნენ სწორედ ამგვარი პაკეტის გადართვის ქსელებში და მათი კომპანიის კომპიუტერული პროგრამისტი გახლდათ ბობ თომასიც. Creeper კი ჭია იყო, კომპიუტერული ვირუსის სახეობა, რომელიც რეპლიკაციას მიმართავს და სხვა სისტემებში ვრცელდება. ამ შემთხვევაში მისი სამიზნე Digital Equipment Corporation (DEC) კომპიუტერები გახლდათ, რომლებიც ARPANET-თან იყო დაკავშირებული. 

ამ კომპიუტერების მომხმარებლები კი უმეტესად კომპიუტერული მეცნიერები იყვნენ და წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდნენ, როცა ეკრანზე არსაიდანფრაზა — I’m the creeper, catch me if you can! გამოჩნდებოდა… მაშინ არც კი იცოდნენ ეს რა იყო, შესაბამისად, ვერც ის გაიაზრეს, რომ პირველი კომპიუტერული ვირუსის მსხვერპლნი გახდნენ… 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

აგრომეტრი და აგროტექნოლოგიები საქართველოში

#სადანროგორ გავერთოთ 20-22 ოქტომბერს — ღონისძიებების კალენდარი