in

14 თებერვალს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Clubhouse-ში პირველი კრება გაიმართა

Clubhouse ახალი სოციალური პლატფორმაა, რომელსაც ნელ-ნელა ქართველი აუდიტორიაც უწყობს ფეხს. სულ ახლახან, 14 თებერვალს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Clubhouse-ში პირველი კრება გაიმართა. ამ ვირტუალურ შეკრებას 200-მდე ადამიანი დაესწრო და სხვადასხვა თემის გარშემო აზრები გაცვალა.

საინტერესოა, მაინც რა კუთხითაა ეს პლატფორმა საყურადღებო და რა შესაძლებლობებს უქმნის ის მომხმარებლებს? ამ და სხვა კითხვებით ბლოგერ სალომე კასრაძესა და საქართველოს ბანკის სოციალური მედიის მიმართულების უფროსს, მარიამ ფერიშვილს გავესაუბრეთ:

M: რატომ არის ეს პლატფორმა საინტერესო?

მარიამი: ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, საინტერესოა, როცა ბევრი რამის გატესტვის და შენზე მორგების შესაძლებლობა გაქვს, შენც ჩართული ხარ პლატფორმის განვითარებაში და შენვე აყალიბებ ქცევის წესებს. თუმცა, ეს პლატფორმა თავისი სიმარტივით და პირდაპირობითაც საინტერესოა. მთავარი კომუნიკაციის ფორმა რადგანაც ჩვენივე ხმაა, ბევრად მარტივად ვერთვებით სასურველ საუბრებში ან თუ არ ვერთვებით, ბევრად შეგვიძლია, მოვხვდეთ ისეთ განხილვებზე, რომელზეც იქამდე ხელი არ მიგვიწვდებოდა ან შეიძლება, გავიცნოთ ისეთი ადამიანები, რომელთანაც აქამდე საერთო გადაკვეთის წერტილს ვერ ვპოულობდით.

სალომე: ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ადამიანების რეალურ მეს ხედავ (უფრო სწორედ უსმენ). ეს არის პიროვნებისთვის, საკუთარი თავის ყველაზე ავთენტურად გამოხატვის პლატფორმა. კომუნიკაცია მხოლოდ საუბრის დახმარებით მყარდება. ანუ არანაირი ინბოქსი, კომენტარის დატოვება, ფოტო ან ვიდეო. არავინ შეგაწუხებს და შენც ვერავის შეაწუხებ. რაც მთავარია, საუბრები ლაივში მიმდინარეობს, არაფერი ინახება და გვიან ვერ მიუბრუნდები. შესაბამისად, ასეთი ლაივის რეჟიმი კიდევ უფრო უწყობს ადამიანებს ხელს, რომ იყვნენ რეალურები. დაგეგმვის, შემზადების, მონტაჟის, გაფილტვრის, შელამაზების და ზედმეტი ფიქრის გარეშე.

ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს, ისეთი ,,ოთახების” კარი შეაღო, სადაც შენთვის ყველაზე მიუწვდომელი ადამიანები საუბრობენ. და რაც მთავარია, გაძლევს უნიკალურ შანსს, ამ ადამიანებს შენი ხმა გააგონო.

ქლაბჰაუსის ,,ოთახებში” ყველაზე მეგობრული გარემოა, სადაც არავის აქვს უფლება სხვა გააკრიტიკოს, განსაჯოს, ხოლო ბულინგზე საუბარიც აღარ მაქვს. ყველა გამოხატავს საკუთარ აზრს. თუ მოგწონს ეს აზრი, შეგიძლია ჩაერთო საუბარში. არ მოგწონს? leave quietly – ანუ ჩუმად ტოვებ ,,ოთახს”, რადგან არავინ მოგცემს არეულობის შემოტანის უფლებას.

ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება ყველაზე ჩაკეტილ და გაუბედავ ადამიანებსაც უწყობს ხელს, ხმა მიაწვდინონ მათთვის საინტერესო წევრებს და შეიძინონ ახალი მეგობრებიც კი.

M: რა შესაძლებლობებს ქმნის ბრენდისთვის?

მარიამი: ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც ადამიანების ყურადღებას ამდენი ხნით იპყრობს საინტერესოა ბრენდებისთვის. ერთი მხრივ, ეს შეიძლება მომხმარებლების უკეთ მოსმენის და გაცნობის შესაძლებლობად იქცეს, მეორე მხრივ კი, ბრენდის შიდა სამზარეულოს და თანამშრომლების უკეთ წარმოჩენის სივრცედ.

სალომე: სიმართლე გითხრათ, ამ კითხვის წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი რა შესაძლებლობა შეიძლება მისცეს ქლაბჰაუსმა ბრენდს. აპლიკაციაზე დარეგისტრირებისას ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. ჩემთვის ქლაბჰაუსი უფრო ადამიანებთან დაახლოების, მათი გაცნობის, საკუთარი გამოცდილების გაზიარების და, უბრალოდ, საერთო ინტერესებზე საუბრის ადგილია. რა თქმა უნდა, შენი საქმიანობის მიხედვითაც შეიძლება იპოვო ადამიანები, გაიგო მათი კარიერული წინსვლის ყველაზე პირადი დეტალები. თუმცა, ჩემს ინტერესს ისეთი წევრები უფრო იპყრობენ, ვისაც ბიოში მითითებული აქვს ინტერესები, მიზნები, ჰობი და ა.შ. ჩემთვის ეს უფრო მეტს ამბობს ადამიანზე, ვიდრე ის, თუ სად მუშაობს და რომელ ბრენდს წარმოადგენს.

M: რა ძირითადი ფუნქციები აქვს ქლაბჰაუსს?

მარიამი: პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ქლაბჰაუსი “ქომიუნითია”, ამიტომ ვხვდებით აპლიკაციის ლოგოდაც აქაურობის გამორჩეულ წევრებს. ამიტომ იყავით წევრი, თამამად მოიწვიეთ ადამიანები, მოუსმინეთ ყურადღებით (ან სხვა რაღაცების კეთების პარალელურად), ჩაერთეთ საუბრებში, შექმენით ოთახი მეგობრებთან გასართობ თემაზე, დაგეგმეთ უფრო დიდი შეხვედრა ივენთის ფორმატში და განიხილეთ საინტერესო თემები სხვა სპიკერებთან ერთად. თუ კონკრეტული ინტერესის სფერო გაქვთ, შექმენით კლუბი და შემოიკრიბეთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გარშემო და, რაც მთავარია, ძალიან სერიოზულადაც ნუ მიუდგებით ამ პროცესს და გაერთეთ.

სალომე: გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ბიოს შევსება. მაგალითად, აკო ახალია, რომელსაც მითითებული აქვს founder of marketer.ge კი ბატონო, сool. მაგრამ შეიძლება ჩემი ინტერესები არ იკვეთება მარკეტინგთან ან ბიზნესთან და არ მომინდეს აკოს დაფოლოვება. მაგრამ თუ აკოს ბიოში მითითებული აქვს რომ აინტერესებს იოგა, ასტროლოგია, ადამიანის დიზაინი, მაილს დევისი და ქართული ღვინო, აჰააა! ესე იგი ამ ადამიანთან ერთად საინტერესო ოთახებში შეიძლება აღმოვჩნდე და საინტერესოდ ვისაუბრო.

ქართულ ოთახებში, რაც შევატყვე, ცოტა აურზაურია. ეს გასაგებია, სულ რაღაც 2 კვირაა, რაც გავიგეთ ამ აპლიკაციის შესახებ. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ – აუცილებელია ოთახში სიტყვის მიღებისას მოთმინებით დაელოდოთ თქვენს წარდგენას, ანუ დაელოდოთ, სანამ მოდერატორი არ აღნიშნავს, რომ თქვენი საუბრის დროა. თუ მოდერატორი არ დაგითმობთ სიტყვას, შეგიძლიათ ე.წ. მიკროფონის ციმციმით, ანუ სწრაფად გამორთვა-ჩართვის პრინციპით გააგებონოთ, რომ რაღაცის თქმა გსურთ. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთო ინტერესების მქონე ადამიანი დააფოლოვოთ, რათა უფრო მეტ ოთახებთან გქონდეთ წვდომა. თუ გინდათ, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ, დაიწყეთ ოთახების გახსნა, საუბრების ინიცირება და ხალხი თვითონ შემოგემატებათ. 3 კვირის შემდეგ კი კლუბის გახსნის მოთხოვნაც კი შეგიძლიათ გაუგზავნოთ აპლიკაციას. კლუბის უპირატესობა ის არის, რომ შეგიძლიათ გახდეთ მისი წევრი და დაესწროთ სხვადასხვა საინტერესო ოთახს.
ბოლო 1 წელია ველოდებოდი, როდის შემოვიდოდა ისეთი აპლიკაცია, რომელიც ფეისბუქის და ინსტაგრამის მოწყენილობას გადამიფარავდა და, როგორც იქნა, გამოჩნდა. ჩემი დიდი რეკომენდაცია ქლაბჰაუსს!

Helo თუ Help? – ხანდახან ძაღლები ძალიან გვაბრაზებენ, მაგრამ მათდამი სიყვარულს ეს ვერ ცვლის!

REDMED საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ქვეყანაში ციფრულად აბრუნებს