in

როგორი იყო პირველი მატარებლით „მოგზაურობა“?

საკუთარი ტერფებიდან მალე ცხენებზე გადავინაცვლეთ, შემდგომ ბორბლებსა და რელსებზეც, რასაც ისტორიაში პირველი მატარებლის დაბადება მოჰყვა… უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ორთქლმავალი ლოკომოტივების — აი, ძველ ფილმებში რომ გინახავთ, ხმაურიანად რომ მოდის და კვამლში ახვევს ყველაფერს… მეტსაც გეტყვით, ადამიანებს თავიდან მისი ეშინოდათ და დარდობდნენ, მის სიჩქარეს მგზავრებისთვის სუნთქვა არ გაეძნელებინა… 

არადა, როგორც ამბობენ, მაქსიმუმ 20 კილომეტრი სიჩქარის განვითარება შეეძლო და წარმოგიდგენიათ ამ ადამიანებისთვის მატარებლების დღევანდელი სიჩქარე რომ ეთქვათ? ბუნებრივია, ორთქლმავლების განვითარების კვალდაკვალ ადამიანთა მოსაზრებებიც შეიცვალა და რა ეჭვებიც უნდა ჰქონოდათ თავიდან, ფაქტია, დღეს მატარებელი გადაადგილებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

თუმცა რომელი იყო პირველი, მატარებელი თუ მატარებლის რელსები, რომელსაც რკინის გზასაც უწოდებდნენ? ამ კითხვაზე პასუხი კვერცხისა და ქათმის ამბავს ნამდვილად არ ჰგავს, რადგან ისტორიამ საინტერესო ფაქტები შემოგვინახა…

ყველაფერი ჯერ კიდევ 1550 წელს გერმანიაში დაიწყო — ხის რელსები, რომელსაც ვაგონის გზას ეძახდნენ, თანამედროვე სარკინიგზო ტრანსპორტირების საწყისად მიიჩნევა. მისი დანიშნულება ვაგონებში შებმული ცხენებისთვის ან ურმებისთვის ტალახიან გზაზე გადაადგილების გამარტივება იყო. ამგვარი ხის რელსები ევროპის მაღაროებშიც საკმაოდ პოპულარული იყო და მისი საშუალებით გვირაბებში ნახშირით დატვირთული ვაგონები გადაჰქონდათ. უკვე 1700 წელს კი ხის რელსები რკინამ ჩაანაცვლა და ვაგონის გზა ორთქლის გზად გადაკეთდა.

ნელ-ნელა მე-18 საუკუნის ორთქლმავალ ლოკომატივამდე მივედით, რომელმაც პირველი მატარებლის გამოგონებას ჩაუყარა საფუძველი. ორთქლმავლებზე საუბრისას კი აუცილებლად რიჩარდ ტრევითიკი უნდა ვახსენოთ, ცნობილი მეცნიერი და გამომგონებელი, რომელიც პიონერი გახლდათ პირველი მაღალი წნევის ორთქლის ძრავისა და პირველი სამუშაო სარკინიგზო ორთქლის ლოკომოტივის შემუშავებაში. 

მართალია, პირველის სტატუსი ტრევითიკმა მოიპოვა, მაგრამ ამ ყველაფრის განვითარებას ინგლისელ ინჟინერ ჯორჯ სტეფენსონს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც ისტორიაში რკინიგზის მამის სახელითაც შევიდა. სტივენსონმა 1814 წელს ააგო Blücher-ის სახელით ცნობილი ლოკომოტივი, რომელსაც 30 ტონამდე ტვირთი 7 კილომეტრამდე სიჩქარით გადაჰქონდა. მისი ნახვა დღეს არ შეგვიძლია, რადგან სტეფენსონმა განვითარების მიზნით დაშალა, მაგრამ ამ განვითარების მრავალ მცდელობას საბოლოოდ Locomotion No.1-მდე მივყავართ. 

Terence Tenison Cuneo, 1949. Stockton & Darlington Railway

ეს სწორედ ის არის, რასაც შეგვიძლია ისტორიაში პირველი მატარებელი ვუწოდოთ — 1825 წელს ჯორჯ სტეფენსონმა თავის შვილ რობერტთან ერთად პირველი ორთქლზე მომუშავე სარკინიგზო ძრავა შემოგვთავაზა, რომელიც საზოგადოებრივ რკინიგზაზე მუშაობდა. Locomotion No. 1 სტოკტონისა და დარლინგტონის რკინიგზაზე ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში ამოქმედდა — ამრიგად, სწორედ ინგლისს ჰყავდა მგზავრების გადამყვანი პირველი ორთქლმავალი.

1825 წლის 27 სექტემბერი კი ამ ამბავში განსაკუთრებული თარიღია. როგორც ამბობენ, სწორედ ამ დღეს გადაიყვანა Locomotion No.1-მა 450-მდე მგზავრი 20 ვაგონით დარლინგტონიდან სტოკტონამდე. მეტიც, მას თავად ჯორჯ სტეფენსონი მართავდა. ვაგონები კი მგზავრებით, მაღალჩინოსანი სტუმრებითა და მუშებით იყო სავსე. ორთქლმავალმა მაქსიმუმ 19 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო, 14 კილომეტრის დასაფარად კი 2 საათი დასჭირდა.

იმასაც ამბობენ, რომ მატარებელზე შეხტომის იდეაც მაშინვე დაიბადა და სარკინიგზო მოგზაურობის საყურებლად მისულნი მატარებელს გარედან შეახტნენ, რითაც მგზავრების ოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა… ან ნეტავ, ვის არ ენდომებოდა ამ მნიშვნელოვანი ამბის თანამონაწილე ყოფილიყო? ფაქტია, ორთქლმავალის წარმატებული მარშრუტით ტრანსპორტის რევოლუცია მივიღეთ, რომელმაც ადამიანების ცხოვრება დიდ ბრიტანეთში და მის მიღმა სრულად შეცვალა… 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი 

„თანამედროვე ფერმერის მომავალი უფრო კარგი იქნება, თანამედროვე ტენდენციებს თუ აუწყობს ფეხს“ – სოსო გიოშვილი

როგორ გავხდეთ სოციალური მედია მარკეტერი – მარტივი გზა ახალი პროფესიის დასაუფლებლად