in

პირველი Meme-ს ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 1921 წლით თარიღდება

ალბათ, დღეს მიმები იუმორის ყველასთვის საყვარელ ფორმას წარმოადგენს, იქნება ეს რა შევუკვეთე/რა ჩამოვიდა, Before/after თუ სხვადასხვა ვარიაცია. მიმებში ფილმის პერსონაჟებსა და პოლიტიკოსებსაც ძალიან ხშირად იხილავთ, უმეტესობაზე კი რთულია, არ გაგეცინოს. თუმცა ეს ის არ არის, რაც ინტერნეტმა მოიტანა, ამიტომ პირველი მიმის დასახელებაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. 

დიახ, იმას გეუბნებით, რომ მიმი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ინტერნეტი არ არსებობდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, იგი პირველად ევოლუციურ ბიოლოგიაში გაჟღერდა, რიჩარდ დოკინსმა ეს ტერმინი ჯერ კიდევ 1976 წელს თავის წიგნში The Selfish Gene გამოიყენა. მართალია, სხვა რამეს ნიშნავდა, მაგრამ შინაარსით არც ძალიან განსხვავებული იყო – კულტურის ან ქცევის სისტემის ელემენტი, რომელიც ერთი ინდივიდიდან მეორეზე იმიტაციის გზით ან სხვა არაგენეტიკური საშუალებებით გადადის. 

დღეს კი, ამასთან ერთად, ოქსფორდის ლექსიკონში შემდეგ განმარტებას ვკითხულობთ: მიმი აღწერილია, როგორც სურათები, ვიდეოები ან ტექსტები, რომლებიც კოპირებულია და ინტერნეტ მომხმარებლებს შორის სხვადასხვა ვარიაციით ვრცელდება. ხოლო, თუ ბერძნული mimeme-დან ვთარგმნით, იგი იმიტაციას ნიშნავს. 

ისტორიული მიმოხილვა რომ დავასრულოთ, აქვე, იმასაც გეტყვით, რომ უშუალოდ ინტერნეტ მიმის კონცეფცია ოფიციალურად მაიკ გოდვინმა 1993 წლის ივნისის გამოცემა Wired-ში შემოგვთავაზა. უკვე 2013 წელს კი მას ორიგინალი იდეის ატაცებად აღწერდა…

და ერთ დღესაც ტვიტერზე კომიქსის გამოქვეყნებას, რომელიც Expectations vs. Reality ფორმატის ხუმრობას ეფუძნებოდა, ის კითხვა მოჰყვა, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვაინტერესებს, არის თუ არა ეს პირველი მიმი? კომიქსი აიოვას უნივერსიტეტის სატირულ ჟურნალ The Judge-ის გამოცემას ეკუთვნის… კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი BBC-მ მათ ადრეულ გამოცემებში (1919-1920) აღმოაჩინა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ფორმატის ხუმრობას მიმართავენ…

თუ ლექსიკონებში არსებულ განმარტებებს გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც მიმი ერთი სურათი ვერ იქნება, უნდა იყოს რაიმეს ასლი და ორიგინალი სურათის ვარიაციებსაც გვთავაზობდეს. თუ იმასაც დავუკავშირებთ, რაც ზემოთ გითხარით, რომ ასეთი კომიქსი რამდენიმე აღმოაჩინეს, შეგვიძლია, ფოტოზე მოცემული, ეს ფანქრით შესრულებული გამოსახულება პირველ მიმად ჩავთვალოთ. 

meme წლების განმავლობაში ვითარდება და ამას თავადაც მარტივად შეამჩნევთ, თუ პირველად წოდებულ მიმს იმას შეადარებთ, რაც ბოლო დროს ნახეთ ან თავად გააკეთეთ. დიახ, იგი მარტივი კომიქსებიდან ცნობილი სატელევიზიო შოუების, ფილმებისა და ვირუსული ვიდეოების ე. წ. სქრინშოთებამდე მივიდა, რომელსაც ადამიანები საკუთარი ვარიაციებით სხვადასხვა სასაცილო წარწერას უკეთებენ. მაგრამ მოდით, ყველა ხუმრობას მიმად ნუ ჩავთვლით და მისი კონკრეტული მახასიათებლებიც გამოვყოთ:

  • შეტყობინება უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და ყველასთვის გასაგები, მედიუმი, შესაძლოა, იყოს როგორც სურათი, ისე ვიდეო, GIF და სხვა.
  • meme არ უნდა დარჩეს სტატიკური, ადამიანებმა უნდა მიიღონ და საკუთარი ვერსიაც წარმოგვიდგინონ
  • უნდა ჰქონდეს ის კონკრეტული მახასიათებელი, რომელიც ვარიაციების მიუხედავად, მაინც შენარჩუნდება.
  • უნდა გახდეს პოპულარული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვირუსულად გავრცელდეს.

ახლა კი გაგვიზიარეთ, რომელია თქვენი საყვარელი მიმი?

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

 

#სადანროგორ გავერთოთ 10-12 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი

ჯეიმს ვების ტელესკოპმა თავისთვის ყველაზე პატარა ასტეროიდი აღმოაჩინა