in

არის თუ არა SNAKE პირველი მობილური აპლიკაცია?

ალბათ, თაობა ზეტის წარმომადგენლებისთვის ამ კითხვაზე სხვა პასუხი არც არსებობს… პირველი, რაც აპლიკაციაზე და მითუმეტეს თამაშზე ახსენდებათ, Snake-ია. გამძლე ტელეფონად წოდებული Nokia-ს გველი, რომლის მფლობელებსაც ხშირად უსვამდნენ კითხვას — რა რეკორდი გაქვს? მისი გავლენა რომ ძალიან დიდი იყო, ალბათ, ამის დასამტკიცებლად არც ბევრი რამის თქმა დაგვჭირდება, თუმცა პირველობა საკმაოდ სადაო საკითხია… თანაც, პირველი მობილური აპლიკაციები პირველ ტელეფონთან ერთად კი არა, მისი განვითარების პარალელურად ჩნდებოდა.

აპლიკაციებმა საკმაოდ დიდი გზა განვლო იმ პერიოდიდან, როცა PDA-ში, პერსონალურ ციფრულ ასისტენტებში ცხოვრობდა. უფრო გასაგები რომ იყოს, მას ხელის კომპიუტერსაც უწოდებდნენ და პერსონალური მენეჯერის ფუნქციას ასრულებდა. 1980-იან წლებში კი Psion-მა Psion Organiser I გამოუშვა — ერთი შეხედვით, ის კალკულატორს ჰგავს, მაგრამ ციფრების ნაცვლად, ჩვეულებრივი კლავიატურა გააჩნია. მას ისეთი აპლიკაციები ახლდა თან, როგორებიცაა კალკულატორი, საათი და სხვა ჩვენთვის კარგად ნაცნობი მახასიათებლები.

უკვე 1993 წელს კი IBM-მა პირველი სმარტფონი შემოგვთავაზა — Simon ანდროიდსა და iPhone-საც უსწრებდა წინ და იგი 10 ჩაშენებულ აპლიკაციას სთავაზობდა მომხმარებლებს — კალკულატორი, Address Book, Mail, Notepad, და Sketchpad. ვიზუალურად კი იმის მსგავსია, რასაც ადრე ანტენიან ტელეფონებს ვეძახდით. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ მაშინ ამას აპლიკაციებს კი არა უბრალოდ, მახასიათებლებს ან ფუნქციებს ეძახდნენ, რომელთა პოვნასაც ტელეფონის Mobile Office-ში შეძლებდით. 

ამგვარად, გამოდის, რომ Snake-ს წინ კალენდრები, კალკულატორები და სხვა ის აპლიკაციები უსწრებდა, რომელთა გარეშეც დღეს არცერთი გაჯეტი წარმოგვიდგენია… არადა, მცურავი გველის ეპოქა 1997 წელს Nokia 6110-სთან ერთად დაიწყო და მობილურ სათამაშო ინდუსტრიას საფუძველიც ჩაუყარა. გამოდის, ყველაზე პირველი არა, მაგრამ ჩვენს მობილურში ყველაზე გავლენიანი რამ ნამდვილად იყო. 

აპლიკაციების ისტორიაში სულ პირველის სტატუსის პოვნა კი რთული აღმოჩნდა, მაგრამ მისი განვითარებაც ასეთი იყო, ყველა აპლიკაცია რაღაც ახალს გვთავაზობდა… ამრიგად, თხრობა უკვე 2002 წლიდან უნდა გავაგრძელოთ, როცა Blackberry 5810 გაჩნდა. იგი იმ დროისთვის უნიკალურ აპლიკაციებს სთავაზობდა მომხმარებლებს — Ring Tone Editor და To-Do Lists, თუმცა ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ მან ტელეფონით ელ.ფოსტის გაგზავნა გახადა შესაძლებელი.

უკვე 2007 წელს კი, Apple-ის პირველ iPhone-თან ერთად, ისეთი აპლიკაციები გამოვიდა, რომლის მსგავსიც ჯერ არაფერი ენახათ — რუკები, ამინდი, ფოტოების გალერეა… ხოლო გაშვებიდან მალევე Apple-მა რევოლუციური ნაბიჯი გადადგა — აპლიკაციების განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიებს SDK, ანუ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისთვის საჭირო ნაკრები შესთავაზა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მობილურ მოწყობილობებზე მესამე მხარის აპლიკაციები დაუშვეს. 

2008 წელს Apple-ისგან მობილური აპლიკაციების პირველი მაღაზიის, App Store-ის შექმნა ლოგიკურ სვლად უნდა ჩავთვალოთ. კომპანიამ იგი 500 აპლიკაციით წარმოადგინა, რათა დეველოპერებს თითოეულ მომხმარებელთან დაკავშირება ერთი მაღაზიის მეშვეობით შესძლებოდათ. სტივ ჯობსის თქმით, 10 მილიონი აპლიკაცია სულ რაღაც სამ დღეში ჩამოიტვირთა, მათი 75% კი უსაფრთხო იყო. 

აი ასე, App Store-მა ყველა მოლოდინს გადააჭარბა — დაწყებული ინოვაციური აპლიკაციებით, რომლებზეც დეველოპერები ვერც კი იოცნებებდნენ, დამთავრებული მომხმარებლებით, რომლებმაც აპლიკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციეს.

თუმცა რა არის მნიშვნელოვანი ისტორიისთვის? პირველობა თუ დიდი გავლენის ქონა?

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

#სადანროგორ გავერთოთ 9-11 ივნისს — ღონისძიებების კალენდარი

ნახეთ: საყოფაცხოვრებო ნივთებზე დატანილი ხელოვნების ნიმუშები