in

საიდან იწყება მობილური მარკეტინგის ისტორია?

მარკეტერებისთვის მომხმარებლებთან კომუნიკაციის ახალი მედიუმი ტელეფონისა და ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ რომ გაჩნდა, ამას არც ბევრი მტკიცება სჭირდება. თუმცა საინტერესოა, მაინც საიდან დაიწყო… სულ პირველი მობილური რეკლამა, მარტივად, ტექსტური შეტყობინების სახით გაიგზავნა. თუმცა SMS-ის მობილურ მარკეტინგში ჩართვა საკმაოდ უცნაური გამოდგა, რადგან სატესტო რეჟიმი იყო, არასერიოზულად მიუდგნენ და უბრალოდ ბოყინის მსგავსი ხმა – Burp გაგზავნეს… არც კრეატიული ელემენტებისგან შედგებოდა, არც სეგმენტი ჰყავდა შერჩეული, მოკლედ უბრალო SMS იყო და ამ კუთხით 2000 წლამდე არც არაფერი შეცვლილა…

და 2G თუ გახსოვთ? მისი ავტორი ტელეკომუნიკაციების კომპანია Radiolinja გახლდათ, რომლის წყალობითაც 90-იანებში ადამიანებმა ერთმანეთთან მესიჯობა შეძლეს. მალევე კი ფინური ახალი ამბების პროვაიდერმა გადაწყვიტა, SMS-ების საშუალებით ტელეფონის მომხმარებლებისთვის უფასო ახალი ამბების სათაურები შეეთავაზებინა, თუმცა ამის სანაცვლოდ, მათ ტელეფონში რეკლამებისთვის უნდა ეყურებინათ. სულ პირველი რომელი იყო, ეს ისტორიამ არ შემოგვინახა, მაგრამ პირველი მობილური რეკლამის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მაგალითად Radiolinja-სა და Coca-Cola-ს თანამშრომლობა მიიჩნევა. 

არსებული წყაროების თანახმად, ეს მარტივი ტექსტური შეტყობინება იყო, რომელიც 500 მომხმარებელს გაუგზავნეს ტელეფონზე და მიზნად კოლას ადგილობრივი კამპანიის პოპულარიზაციას ისახავდა. მართალია, ისეთი დახვეწილი არ იყო, როგორსაც დღეს ვხედავთ, მაგრამ მაინც პირველის სტატუსს ისაკუთრებს, რასაც რეკლამების საკმაოდ მრავალფეროვანი ტალღაც მოჰყვა. 

2002 წელს SMS მასმედიის ახალ არხადაც იქცა. სმარტფონების გამოშვებასთან ერთად კი მობილური რეკლამირების ტემპიც მნიშვნელოვნად აჩქარდა. ეს ეფექტური არხი იყო მარკეტინგული შეტყობინებების გადასაცემად, თანაც ლოკაციებზე დაფუძნებით შეეძლოთ გაგზავნა… თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სმარტფონების მასობრივ გავრცელებას ხელი რეკლამის განმთავსებლებმა შეუწყვეს, რომლებმაც მომხმარებლის ყურადღების მიპყრობისთვის ღირებულ ხელსაწყოდ მიიჩნიეს იგი. 

ასე იყო თუ ისე, გამოწვევებთან გამკლავება მარკეტერებსა და რეკლამის განმთავსებლებსაც მოუწიათ — თავიანთი სტრატეგიები თუ კამპანიები უკვე მობილურებისთვის უნდა მოერგოთ. მაგალითისთვის, თუ კომპანიას ვებგვერდის მობილური ვერსია არ ჰქონდა, იგი Google-ის ძიებაში გამოჩენის შანსებს კარგავდა. 

ამასთან, მათ უნდა გაეანალიზებინათ, რომ სმარტფონები არა მარტო ინფორმაციის მიმღებია, არამედ მისი გადამცემიც. შესაბამისად, იგი ინდივიდუალური გემოვნებისა თუ პრეფერენციების უზარმაზარ წყაროდ მოევლინათ — მათ მიეცათ საშუალება, თავიანთი სარეკლამო თუ მარკეტინგული აქტივობები პერსონალურ მახასიათებლებზე მოერგოთ, რაც წარსულში სულ სხვაგვარად ხდებოდა… ამგვარად, უკვე მომხმარებლებიც ელოდნენ, რომ ბრენდისგან მიღებული რეკლამები მათი საჭიროებების შესაბამისი იქნებოდა. 

და ყველაზე მთავარი, მათ უნდა გადაეწყვიტათ, რა დროს გაგზავნიდნენ თავიანთ მარკეტინგულ შეტყობინებებს, რადგან წარმატება სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული… ამ მეთოდის პიონერი, რომ Coca-Cola გახლდათ, ეს უკვე ბევრს ამბობს, თუმცა ფაქტია, მარკეტერებიც შესანიშნავად გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და მობილური მარკეტინგი ინდუსტრიის მთავარ ნაწილად აქციეს. 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

სინამდვილეში, რა ძალისხმევა გჭირდებათ, რომ აღმასრულებელ ქოუჩად ჩამოყალიბდეთ?

როგორ იქცა ახალი წელი მარკეტინგულ დღესასწაულად?