in

სკორლუცოს მთაზე არსებულ თავშესაფარში პირველი მსოფლიო ომის არტეფაქტები აღმოაჩინეს

ახლად აღმოჩენილი ობიექტები ერთგვარ დროის მანქანას წარმოადგენს…

მყინვარის დნობის შემდეგ ჩრდილოეთ იტალიაში მკვლევრებმა პირველი მსოფლიო ომის ნიმუშები აღმოაჩინეს. სკორლუცოს მთაზე მდებარე თავშესაფარი, რომელშიც ამ ეტაპისთვის 300 ობიექტია ნაპოვნი, 3,094 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ისტორიკოსი სტეფანო მოროსინას თქმით, ომის დროს გამოქვაბულის თავშესაფარში 20 ავსტრიელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. მართალია, ხალხმა დიდი ხნით ადრე იცოდა თავშესაფრის არსებობის შესახებ, თუმცა მკვლევრებმა მხოლოდ 2017 წელს შეძლეს მის შიგნით შეღწევა. ყინულის დნობის პროცესმა ეს ადვილი და შესაძლებელი გახადა – შედეგად კი, გამოქვაბულში საკვები, ჭურჭელი და ცხოველის ტყავისგან დამზადებული პიჯაკები აღმოაჩინეს.

არტეფაქტები ჯარისკაცების “ძალიან ცუდ და მძიმე” ყოველდღიურობას ასახავს, რომლებსაც ექსტრემალურ გარემოსთან გამკლავება მოუწიათ. “ჯარისკაცები იბრძოდნენ თოვლისა თუ ზვავის წინააღმდეგ, და ასევე ებრძოდნენ მტერს. ახლად აღმოჩენილი არტეფაქტები ერთგვარი დროის მანქანაა – სწორედ მათ გადავყავართ პირველი მსოფლიო ომის უკიდურესად მძიმე პირობებში” – ამბობს ისტორიკოსი.

“ღია ცის ქვეშა მუზეუმი”, შესაძლოა, ასეც კი ვუწოდოთ მკვლევართა მიგნებას. გარდა იმ ყველაფრისა, რაც ამ დრომდე იქნა აღმოჩენილი, ყინულის უფრო აქტიურ დნობასთან ერთად, კიდევ ბევრი ნივთის აღმოჩენაა მოსალოდნელი. ამიტომაც, აღმოჩენილი არტეფაქტები პირველი მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მუზეუმის კოლექციის ნაწილი იქნება, რომელიც 2022 წლის ბოლოს გაიხსნება ქალაქ ბორმიოში.

“ამ აღმოჩენებმა ასი წლის შემდეგ მოგვცა სიცოცხლის ნაწილი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, სადაც დრო შეჩერდა 1918 წლის 3 ნოემბერს, როდესაც ავსტრიელმა უკანასკნელმა ჯარისკაცმა კარი გამოიხურა და დაბლა დაეშვა” – ნათქვამია მუზეუმის პრესრელიზში.

ინდონეზიელმა კაცმა თავისი პარალიზებული ხელისთვის ბიონიკური სამაჯური შექმნა

დონეცკის „შახტარი“ სტადიონზე 1973 წელს გამოშვებული ავტობუსით მივიდა