in

უცნაური ფაქტები მზის სათვალის ისტორიიდან

თუ დღეს მზის სათვალე მოდური აქსესუარია, ადრე მოსამართლეების სახის გამომეტყველების დასაფარად, გლადიატორების საყურებლად, სიფილისის სამკურნალოდ და ომში დაზიანებული თვალის დასამალად იყენებდნენ. თუმცა სულ ასეც არ ყოფილა საქმე, სათვალის დახმარებით სინათლისგანაც იცავდნენ თავს. მზის სათვალეზე კი გესაუბრებით, მაგრამ სულ პირველი რეალურად თოვლისგან დასაცავად შეიქმნა — ეს ამბავი 2000 წლით თარიღდება და ჩრდილოეთ კანადის მკვიდრ ინუიტებს გვაცნობს.

BOG
BOG

პირველად სათვალე მაშინ გამოიყენეს, როცა თოვლიდან არეკლილი სინათლისგან დასჭირდათ თვალების დაცვა. თუმცა მაშინ ხისგან, ძვლებისგან, ზღვის სპილოს ეშვებისა და ირმის რქებისგან მზადდებოდა. თვალთან თხელი ხაზით იყო ჩაჭრილი, საიდანაც დანახვა შესაძლებელი ხდებოდა. მფლობელს სახეზე მჭიდროდ უნდა ჰქონოდა დამაგრებული. ხშირად კი გარედან ჭვარტლსაც უსვამდნენ, რათა სინათლე შთაენთქა. გამოცდილება კარის ჭუჭრუტანიდან გამოხედვას კი ჰგავს, მაგრამ, როგორც ვიგებთ, მსგავსი დიზაინი მხედველობის გაუმჯობესებასაც სთავაზობდა მფლობელს — ვიწრო ჭრილები ფოკუსირებაში ეხმარებოდათ…

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ინოვაციურობით მხოლოდ ინუიტები გამოირჩეოდნენ. როგორც ვიგებთ, იმპერატორი ნერონი გლადიატორთა ბრძოლებს ძვირფასი ქვებით უყურებდა, რათა მზის გამოსხივება შეემცირებინა. ამ ფაქტის გამო კი, ალბათ, ნერონის აქსესუარი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული და ნაკლებად ეფექტური სათვალეც უნდა იყოს.

ოღონდ არ გეგონოთ, რომ სათვალის მრავალფეროვანი დანიშნულება ამით მთავრდება, რადგან ახლა მოსამართლეების ამბავი უნდა მოგიყვეთ. თუ არსებულ ცნობებს დავეყრდნობით, სათვალე მეთორმეტე საუკუნის ჩინეთშიც მნიშვნელოვანი პროდუქტი გახლდათ — არც მეტი, არც ნაკლები მსაჯულები და მოსამართლეები იყენებდნენ, თუმცა სინათლისგან თავის დაცვით მიზნით კი არა, არამედ იმისათვის, რომ სახის გამომეტყველება დაეფარათ და უცბად განაჩენი არ გაეყიდათ. ყავისფერი კვარცის სათვალე იყო, Ai Tai ეწოდებოდა, რაც, თავის მხრივ, მუქ ღრუბელს ნიშნავს.

1700 წელს უკვე გაერთიანებულ სამეფოში დაიწყეს ექსპერიმენტების ჩატარება მწვანე ლინზებზე, რომლებზეც სწამდათ, რომ მხედველობას გააუმჯობესებდა… თუმცა კონტაქტური ლინზების კონცეფცია მანამდე ლეონარდო და ვინჩიმ შემოგვთავაზა… 

თოვლის სათვალეების იდეა კი მე-18 საუკუნეში Goldona Glasses-ად გადაიქცა — გონდოლაზე მყოფი ადამიანები ტრადიციული დანიშნულებით იყენებდნენ, შეგვიძლია წყლის სათვალეც ვუწოდოთ, რადგან ამ შემთხვევაში წყლისგან არეკლილი სინათლისგან სჭირდებოდათ თვალების დაცვა. 

არც ამით დავამთავრებთ სათვალის მრავალფეროვან დანიშნულებაზე საუბარს და გეტყვით, რომ პირველ მსოფლიო ომში ჯარისკაცები სათვალეს დაზიანებული თვალის დასაფარად ატარებდნენ. ამავე პერიოდში ქარვისფერი და მოყავისფრო სათვალის შემუშავებაც დაიწყეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ იგი სიფილისის სიმპტომებს შეამსუბუქებდა… 

ამასობაში, მე-19 საუკუნემდეც მოვედით, რა დროსაც მზის სათვალეების თანამედროვე ფორმითა და დანიშნულებით გამოყენება იწყება, პირველი Ray-Ban-იც სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა და სათვალე პოზიციონირდა, როგორც მოდური აქსესუარი.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

Dekalb-ის სიმინდის ჰიბრიდები, რომლებმაც კახეთში ყველაზე მეტად გაამართლა

Alamy – კრეატორების საყვარელი საცავი, რომელიც უამრავ ვიზუალს გთავაზობთ