ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, თუმცა, ალბათ მას ყველაზე მეტად ბავშვები ელიან. ეს ხომ ოცნებების, სურვილების ახდენის პერიოდია.. ბავშვებს ყოველთვის ლამაზი და განსაკუთრებული წარმოდგენები აკავშირებთ ამ დღესასწაულთან, რაც ძალიან კარგად ჩანს ხოლმე მათ შემოქმედებაში. ამის კარგი მაგალითია არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯის” ბენეფიციარი ბავშვების ნახატები, უფრო სწორად კი, ღია ბარათები.

ეს ორგანიზაცია უკვე 21 წელია, ემსახურება განსაკუთრებული საჭიროების მქონე 700-ზე მეტ ბავშვს განვითარების ნებისმიერი დარღვევით, მათ შორის, დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამების ფარგლებში მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნავს. ეს ბავშვები, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და უმნიშვნელოვანესია დონორების და მხარდამჭერების არსებობა, რომ ამ ორმა პროგრამამ გამართულად ფუნქციონირება შეძლოს.

კოვიდის პირობებში მთელი მსოფლიო ცდილობს მოერგოს იმ სირთულეებს, რომლებიც ყოველდღიურად ყველა სფეროში გვხვდება. პირველმა ნაბიჯმაც მაქსიმალურად სწრაფად აუწყო ფეხი ამ გამოწვევებს და მიიღო ყველა ზომა იმისათვის, რომ შეექმნა უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის ცენტრში და მიეწოდებინა დისტანციური მომსახურება ცენტრის გარეთ, თუმცა დადგა სხვა, უფრო რთული გამოწვევის წინაშე.

„კოვიდთან გამკლავება სწრაფად მოვახერხეთ, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით გადავედით მომსახურების დისტანციურ მიწოდებაზე, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი, ხოლო 7 სექტემბრიდან კეთილი ადამიანების ხელშეწყობით ისევ გავხსენით ცენტრი, აღვჭურვეთ ჩვენი ფილიალები სადეზინფექციო საშუალებებით და შერეული სისტემით განვაახლეთ მუშაობა, რაც გულისხმობს როგორც დისტანციურ სწავლებას, ასევე ადგილზე მომსახურების მიწოდებას, თუმცა პანდემიის გამო ბევრი დონორი დავკარგეთ, რაც რთული აღმოჩნდა ორგანიზაციისთვის. იმისთვის, რომ შევძლოთ ბავშვებისთვის გამართულად მომსახურების მიწოდება, ადამიანების გვერდში დგომა გვჭირდება. ეს საოცარი ნახატები ჩვენი ბავშვების შესრულებულია, რომლებსაც ისინი პედაგოგების დახმარებით ქმნიან. საახალწლო ღია ბარათებზე ამაზე ლამაზს ვერაფერს დაბეჭდავთ, ჩვენ კი შემოსული თანხით ბავშვებისთვის საჭირო მასალის შეძენასა და სრულყოფილი მომსახურების მიწოდებას შევძლებთ,” – თამარ ზაალიშვილი, პირველი ნაბიჯის დირექტორი.

ფერადი ღია ბარათები არამხოლოდ საახალწლო, არამედ სხვადასხვა თემატიკის ბავშვურ წარმოდგენებს ასახავს. ეს ჯადოსნური ბარათები კი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ მასზე ჯადოსნური სიტყვები დაიწეროს – ისეთები, ახალ წელს რომ უხდება. თითოეული ბარათის ღირებულება 4 ლარია და საბოლოოდ შემოსული თანხა ორგანიზაციას მოხმარდება.

ორგანიზაციასთან დაკავშირება შეგიძლიათ როგორც ფეისბუქ გვერდის საშუალებით – https://www.facebook.com/firststep.ge
ასევე შემდეგ ნომერზე 599265588.















