in

რითი აჯილდოებდნენ წლების წინ ოლიმპიურ ჩემპიონებს?

რთულია, ოლიმპიური თამაშების ამბებს გვერდი აუარო, როცა იცი, რომ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები უკვე საქართველოსია… კიდევ მრავალი ჯილდოს მოპოვების მოლოდინიც გვაქვს, მაგრამ სანამ ეს დრო დადგება მანამდე, მოდით, გავიხსენოთ, როგორ აჯილდოებდნენ გამარჯვებულებს უძველეს ოლიმპიურ თამაშებზე. გეტყვით, რომ არც ოქროს აძლევდნენ, არც მედალს და არც ფულს, ჯილდო საკმაოდ მოკრძალებული იყო, თუმცა ასე ვერ ვიტყვით იმ პატივისცემაზე, სახელსა და დიდებაზე, რომელიც მას ახლდა თან…

BOG
BOG

უძველეს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 776 წლით თარიღდება, გამარჯვებულებს ოქროს მედლებს კი არ სჩუქნიდნენ, არამედ ზეთისხილის გვირგვინებით (Kotino) ამკობდნენ. ოღონდ ეს ველური ზეთისხილის ხე აუცილებლად ოლიმპიაში უნდა ყოფილიყო გაზრდილი. აი, დელფოში კი, ამას დაფნის გვირგვინი ანაცვლებდა, კორინთში ფიჭვის, ხოლო ნემეაში, გავრცელებული ცნობების მიხედვით, გამარჯვებულის გვირგვინს ველური ნიახურისგან აკეთებდნენ.

გვირგვინის გარდა, წითელი შალის ბანტ taenia-საც სჩუქნიდნენ. ოლიმპიადის გამარჯვებულის ხელში ხშირად პალმის რტოსაც ნახავდით, რაც მიღწეული წარმატების კიდევ ერთი ნიშანი იყო. მართალია, დღევანდელობისგან განსხვავებით, ისინი ფინანსურ ჯილდოებს არ იღებდნენ, მაგრამ ქალაქში მნიშვნელოვანი ფიგურა ხდებოდნენ და ხშირად პოლიტიკურ პოზიციებსაც იკავებდნენ. თუმცა აქვე იმასაც ვიგებთ, რომ გამარჯვებულებს ზეითუნის ზეთით სავსე ამფორებს აძლევდნენ, რაც მაშინ საკმაოდ ძვირფას საჩუქარს წარმოადგენდა, რადგან ძალიან ძვირი ღირდა. პრიზებს შორის ბრინჯაოს ფარები, ვაზები და ვერცხლის თასებიც იყო… 

ოლიმპიური თამაშების ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ცნობადობის საჩვენებლად, გამარჯვებულს საკუთარი ქანდაკების აღმართვის უფლებაც ჰქონდა. პოეტისთვისაც შეეძლო ეთხოვა მის გამარჯვებაზე ლექსები დაეწერა. თანამოქალაქეები კი, რომლებიც გამარჯვებულით ამაყობდნენ, ხშირად აკეთებდნენ მონეტებს და მასზე ჩემპიონის ფიგურას ტვიფრავდნენ…

ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ სპორტსმენების გამარჯვებას ღმერთები წყვეტდნენ. გამარჯვება კი ხშირად ფრთიანი ქალი პერსონაჟის სახით წარმოჩინდებოდა — Nike-ის, რომელიც ბერძნულად გამარჯვებას ნიშნავს. როგორც ღმერთების მსახური, ნიკე რჩეულ ადამიანთან ჩაფრინდებოდა და მასთან ჯილდო გვირგვინის სახით ჩაჰქონდა… 

გამარჯვებულიც მხოლოდ ერთი იყო და ეს ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ათენში 1896 წელს პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები არ გაიმართა, ზუსტად აქ დაიწყეს გამარჯვებულების მედლებით დაჯილდოება. ოღონდ ოქროს კი არა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს აძლევდნენ, ხოლო მესამე ადგილზე გასული ხელცარიელი რჩებოდა. აი, ეს უკანასკნელი კი უკვე 1904 წლის St. Louis Olympics-ზე გამოასწორეს და ოლიმპიური სპორტსმენების დაჯილდოება ჩვენთვის დღეს კარგად ცნობილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაიწყეს. 

ამგვარად, თუ ისტორიაში პირველ ოლიმპიურ მედალზე გადავწყვეტთ საუბარს, გამოდის, ვერცხლის მედალზე უნდა მოგიყვეთ და არა, ოქროზე. წინა მხარეს ზევსი იყო გამოსახული, ღმერთების მამა, რომელსაც ხელში გამარჯვების ქალღმერთი Nike უჭირავს. ხოლო მის მეორე მხარეს აკროპოლისია ასახული. მედლის სისქე 3.8 მილიმეტრი იყო, დიამეტრი კი 48 მილიმეტრს შეადგენდა. რაც შეეხება წონას, 47 გრამს უდრიდა. დიზაინერი კი ჯულს კლემატ შაპლენი გახლდათ, ფრანგი მოქანდაკე და მედლების სახელგანთქმული ავტორი.

თუმცა ამის შემდეგ ოლიმპიური მედლის დიზაინი არაერთხელ შეიცვალა, დღეს კი ასეთ ვიზუალს ვხედავთ — წინა მხარეს კვლავ გამარჯვების ქალღმერთია ასახული, ოღონდ ამჯერად Panathenaic Stadium-ში, ადგილზე, რომელმაც პირველ თანამედროვე ოლიმპიადას 1896 წელს უმასპინძლა. უკან ფონზე კი პართენონსა და ეიფელის კოშკს ვხედავთ. დიამეტრი 85 მილიმეტრია, სისქე 9.2 მილიმეტრი, ხოლო წონა 529 გრამი. ძირითადად ვერცხლისგანაა დამზადებული, სუფთა ოქრო კი მხოლოდ მის მოსაპირკეთებლად გამოიყენება:

დროსთან ერთად ოლიმპიურ თამაშებში ბევრი რამ კი შეიცვალა, მაგრამ მთავარი აქ ერთი რამ არის — ჩემპიონი უცვლელია!

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

„AI ჩაგვანაცვლებს“ – რა იგულისხმება ამ ფრაზაში და როგორ ვადაპტირდეთ

საუკეთესო AI ხელსაწყოები ქოფირაითინგისთვის