წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა იმ ადამიანების გონებაში, რომელთაც ჯერ 1940-იან წლებში პირველ კომპიუტერად 30-ტონიანი, თითქმის ერთი ოთახის ზომა კალკულატორი გააცნეს და 10 წელში უთხრეს, რომ ამ იდეას, პერსონალური კომპიუტერის სახით, ერთი პატარა ყუთიც დაიტევდა… ახლა კითხვაზე პასუხის გაცემის ჯერი დგება, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ორი პასუხი გვაქვს.
თუ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნს დავეყრდნობით, ეს SIMON-ია, რომელიც 1950 წელს შექმნეს. ხოლო თუ Computer History Museum-ს, Computer Museum of America-ს, American Computer Museum-სა და სხვა წამყვან ტექნოლოგიურ მუზეუმებს დავუჯერებთ, ეს Kenbak-1 გახლავთ, რომელიც 1973 წელს შეიქმნა. ჩვენ ორივეზე მოგიყვებით, შემდეგ კი თავად გადაწყვიტეთ, რომელი იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს:
SIMON ედმუნდ ბერკლიმ შექმნა ამერიკაში, Simon Mechanical Brain-ისა და Simon Electromechanical Personal Computer-ის სახელითაც შეგხვდებათ, რაზეც ავტორი თავისსავე წიგნში Giant Brains, or Machines That Think წერდა:
„ახლა განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავაპროგრამოთ ძალიან მარტივი მანქანა, რომელიც იფიქრებს. მოდით, Simon დავარქვათ, მისი წინამორბედი Simple Simon-ის გამო. სინამდვილეში იმდენად მარტივი და პატარაა, რომ სასურსათო მაღაზიაში არსებულ ყუთშიც კი მოთავსდება. დაახლოებით 4 კუბუტი ფუტია… შესაძლოა, ჩანდეს, რომ Simon-ის მსგავს მექანიკური ტვინის მარტივ მოდელს არ აქვს პრაქტიკული გამოყენება, თუმცა ამის საპირისპიროდ, Simon ზუსტად ისე შეგვიძლია გამოვიყენოთ ინსტრუქციებისთვის, როგორც ქიმიური ექსპერიმენტები, რომ მოახდინოს აზროვნებისა და გააზრების სტიმულირება…“.
აქედან ერთ წელში ჟურნალებშიც ბერკლის მოსაზრებები ჟღერდებოდა – „ერთ დღესაც ჩვენ გვექნება პატარა კომპიუტერები სახლში, რომელიც ენერგიას იმავე ელექტრო ხაზებით მიიღებს, როგორც მაცივრები და რადიოები“.
ასეც მოხდა, თუმცა, ფაქტია, Simon-ს ციფრული კომპიუტერის კონცეფციის დემონსტრირების საგანმანათლებლო მიზანი დააკისრეს. რაიმე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოთვლები არ შეეძლო, რადგან 2-ბიტიანი მეხსიერება ჰქონდა. აღნიშნული ფაქტორები კი კომპიუტერის მრავალი მიზნისთვის გამოყენებას ზღუდავდა, რის გამოც ვერც კომერციულ წარმატებას მიაღწია — ბერკლის თქმით, SIMON-ის განვითარებაზე 4000 დოლარი დახარჯა და 400 ერთეული 600 დოლარად გაყიდა. დღეს კი SIMON Computer History Museum-მა შემოგვინახა:
საინტერესოა, რომ SIMON-ს Radio-Electronics-ის ჟურნალმა „მსოფლიოს ყველაზე პატარა ელექტრო ტვინი“ უწოდა:
ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, რაც ამ ამბიდან 23 წელში მოხდა და კვლავ პირველი პერსონალური კომპიუტერის სახელს ითავსებს. ეს კი მას შემდეგ, რაც 1986 წელს ბოსტონში Computer Museum-მა კონკურსი ჩაატარა ზუსტად იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომელიც ზემოთ დავსვით. ჟიურიმ პირველ პერსონალურ კომპიუტერად ჯონ ბლანკენბეიკერის Kenbak-1 მიიჩნია — 1971 წელს დააპროექტეს, ანუ მანამ, სანამ მიკროპროცესორებს გამოიგონებდნენ.
ესეც იმიტომ შეიქმნა, რომ კომპიუტერული კონცეფციები და მანქანის კოდის პროგრამირება ესწავლებინა. მეხსიერება კი 256 ბიტამდე ჰქონდა შეზღუდული, მაგრამ მდიდარ ინსტრუქციათა ნაკრებს სთავაზობდა მომხმარებლებს და უნარებს, რომლებიც იმ დროის „დიდი კომპიუტერების“ მსგავსი იყო. მისი ყველაზე წარმატებული რეკლამა Scientific American-ს ეკუთვნის და აი, ასე გამოიყურებოდა:
რაც შეეხება უშუალოდ მომხმარებლებს, როგორც ვიგებთ, Kenbak-1-ისთვის სამიზნე სეგმენტს მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანები წარმოადგენდნენ, ისინი ვინც, „კომპიუტერს პირველად უახლოვდებოდნენ“. სამუშაო კომპიუტერი იყო, რომლის ფასიც 750 დოლარს შეადგენდა, მის პირველ მომხმარებლებს კი უმეტესად სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებები წარმოადგენდა. თუმცა არც მას მიუღწევია კომერციული წარმატებისთვის. ეს სამიზნე სეგმენტს დავაბრალოთ თუ ფუნქციების ნაკლებობას, ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, მხოლოდ 40, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი, 51 ერთეული გაიყიდა.
აბა, რას იტყვით? ეს ორი იდეურად მაინც იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა რთულია, ამიტომ, რომელი შეგვიძლია ჩავთვალოთ ისტორიაში პირველ პერსონალურ კომპიუტერად, ამის გადაწყვეტას თქვენ მოგანდობთ.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი