პორტატიული დამტენების ისტორიას რომ ჩავხედეთ, რაღა თქმა უნდა, პირველი ვეძებდით პასუხებს კითხვებზე, ვინ და როდის გამოიგონა იგი, თუმცა აქ ზუსტი ფაქტები არ არსებობს. სინამდვილეში პორტატიული დამტენების ტექნოლოგია თანდათან განვითარდა, ამგვარად, მრავალი კომპანია თუ ბრენდი იღვწის კონცეფციის ავტორობისთვის, რომელიც, არსებული ცნობების მიხედვით, 2001-2003 წლებში ჩამოყალიბდა.
ზოგი ამბობს ანტარქტიდაში დაიბადაო, ზოგიც სტუდენტებმა გამოიგონესო… ამ ყველაფერს კი, სავარაუდოდ, საფუძველი მაშინ უნდა ჩაჰყროდა, როცა 1979 წელს ჯონ გუდინაფმა აჩვენა, რომ ლითიუმ-კობალტის ოქსიდის გამოყენებით ლითიუმ-იონური დამუხტვის ბატარეის კათოდად შესაძლებელი იქნებოდა ენერგიის შენახვა და გამოყენება… ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ლითიუმ-იონზე დაფუძნებულ ბატარეებს, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებში გვხვდება — 1990-იან წლებში უკვე ბაზარზეც გამოჩნდა…
ახლა კი Power Bank-ებს დავუბრუნდეთ, პორტატიული ბატარეის მქონე მოწყობილობად აღწერენ, რომელიც ელექტრონული ნივთების დასამუხტად გამოდგება. ამბობენ, რომ სულ პირველად საჯაროდ 2001 წელს Las Vegas International Consumer Electronics Show-ზე გამოჩნდა და არაფერი იყო AA ბატარეებისა და საკონტროლო წრედის გარდა, რომლებიც კოლეჯის სტუდენტებმა გააერთიანეს. როგორც ვიგებთ, ამ პორტატიულ დამტენებს მოკლე სასიცოცხლო ციკლი ჰქონდა და ზომაშიც საკმაოდ დიდი იყო.
ზოგი ჩინურ კომპანია Pisen-საც ახსენებს და სწორედ მათ უკავშირდება ანტარქტიდის ამბავი — ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც პორტატიული დამტენი ორი AA ბატარეის გამოყენებით შექმნეს. ამბობენ, რომ იდეა ანტარქტიდის ექსპედიციის დროს დაიბადა, როცა ცივ ამინდში მოწყობილობების დამუხტვა უჭირდათ, Pisen-მა კი ეს პრობლემა Power Bank-ით მოაგვარა. თუმცა ზუსტად როდის მოხდა ეს, ზუსტად არ ვიცით…
პირველი კომერციული პორტატიული დამტენები კი ბაზარზე 2004-2006 წლებში გამოჩნდა, აქ Huaqi-ის სახელი იკითხება, რომელმაც ერთ-ერთი პირველი პორტატიული დამტენი შესთავაზა ინდუსტრიას. როგორც ამბობენ, მას Engine Compartment-ს უწოდებდნენ, თუმცა ზოგიერთი წყარო Motor Enclosure-ის სახელითაც ნათლავს. ამას მოჰყვა შემდგომ Aigo-სა და Anytone-ის პორტატიული მოწყობილობებიც. დღეს კი მას 500-ზე მეტი ბრენდი აწარმოებს.
ერთი დაზუსტებით ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ტელეფონებისა თუ სმარტფონების განვითარებამ ამაზე დიდად იმოქმედა, განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ Apple მომხმარებლებს არ სთავაზობდა კარგ ბატარეას, რაც პორტატიული დამტენის საჭიროებას ბადებდა. iPhone-ის მრავალი დადებითი მახასიათებლის გამო, Apple-ის მოყვარულებისთვის დიდად სასიამოვნო არ იქნება ამის აღიარება, მაგრამ ფაქტია, დღესაც ბევრი სწორედ ამ მიზეზით რჩება პორტატიული დამტენების ერთგული…
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ Power Bank-ის ისტორია ხაზს უსვამს ტექნოლოგიების განვითარების სწრაფ ტემპს, რა დროსაც მნიშვნელოვანი სახელებიც შეიძლება ჩაიკარგოს კიდეც. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მათთვის მთავარი პირადი სახელის მოხვეჭა კი არა, იდეის რეალობად ქცევა ყოფილიყო, რომ პორტატიულ დამტენებს ანტარქტიდიდან ჩვენს ჯიბემდე მოეღწია.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი