მარტივად რომ ვთქვათ, რადგანაც ადამიანები და მანქანები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, მათ დასაკავშირებლად დამატებითი მედიუმი გახდა საჭირო. ეს სიცარიელე კი სწორედ პროგრამირების ენამ შეავსო და საშუალება მოგვცა, კომპიუტერისთვის მითითებები იმ ენაზე მიგვეცა, რომელიც ესმის. ხოლო ისტორიაში პირველი პროგრამირების ენის შექმნა მსოფლიოს პირველ კომპიუტერულ პროგრამისტს — ადა ლავლეისს უკავშირდება. იგი რომანტიკოსი პოეტის ლორდ ბაირონის ქალიშვილი იყო. ამიტომ, პირველი პროგრამირების ენაზე საუბარი ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ.
ადას მშობლები ჯერ კიდევ მაშინ დაშორდნენ, როცა იგი 2 თვის იყო და მას არც მამასთან ჰქონდა ურთიერთობა. თუმცა როგორც ამბობენ, მშობლებს არ სურდათ… ეშინოდათ კიდეც, რომ ქალიშვილს მამის მსგავსად პოეტობა აერჩია. ამიტომ, მას მასწავლებლები დაუქირავეს, რომლებიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკას ასწავლიდნენ. მათემატიკაში რომ განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა, ალბათ, არც ეს ფაქტი გაგაკვირვებთ.
17 წლის ასაკში ჩარლზ ბაბიჯთან, მათემატიკოსსა და გამომგონებელთან შეხვედრით პირველი პროგრამირების ენის ისტორიაც იწყება — ბაბიჯმა ადას თავისი პირველი გამოგონება საანგარიშო მანქანა Difference Engine გააცნო. 1834 წელს კი ამას მეორე პროტოტიპი Analytical Engine მოჰყვა, რომელზეც ბაბიჯი ადასთან ერთად მუშაობდა. მართალია, გამომგონებელს კომპიუტერის გამოყენება უფრო მეტად გამოთვლითი მიზნების გამო აინტერესებდა, მაგრამ ლავლეისმა აღმოაჩინა, რომ კომპიუტერებს იმაზე მეტი რამის გაკეთება შეუძლია, ვიდრე დათვლაა. სწორედ ამ აზრის გაჩენამ მიგვიყვანა პირველ პროგრამირების ენამდე…
მანამდე კი, უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, Difference Engine კალკულატორებს ჰგავდა, თუმცა, როგორც ამბობენ, იგი ზოგადი არითმეტიკული გამოთვლებისთვის არ გამოდგებოდა… რაც შეეხება „ანალიტიკურ მექანიზმს“, გაცილებით მეტი იყო კალკულატორზე, რაც მოიცავს პროგრესს მექანიკურიდან სრულყოფილ გამოთვლებამდე. როგორც გვეუბნებიან, თანამედროვე კომპიუტერის ფუნდამენტურ ელემენტებსაც შეიცავდა…
Analytical Engine პერფობარათების დახმარებით პროგრამირდებოდა, რაც გულისხმობს სტანდარტული ზომისა და ფორმის სქელ ბარათს, რომელზეც ინფორმაცია გარკვეული სისტემის პერფორაციით, ანუ ჭრილებითა და ნახვრეტებით გადააქვთ. ეს იდეა კი ჟაკარდის საქსოვი დაზგიდან წამოვიდა, რომელსაც სქელი ქსოვილების დასამზადებლად იყენებენ — იქნება ეს ფარდა თუ სხვა დეკორატიული დეტალები. თუ ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, ადას სწორედ ამ საქსოვი დაზგის შთაგონებით გაუჩნდა პროგრამირების ენის შექმნის იდეა.
ამგვარად, 1883 წელს ლავლეისმა ჩარლზ ბაბეჯთან ერთად მის ადრეულ მექანიკურ კომპიუტერზე მუშაობისას Bernoulli-ის რიცხვების გამოსათვლელად „ანალიტიკური მექანიზმის ალგორითმი“ შექმნა! სწორედ ასე მივედით პირველ პროგრამირების ენამდე. თანაც, ამ გზით ადამ ბაბეჯს დაუმტკიცა, რომ მას გამოთვლების გარდა სხვა რაღაცების კეთებაც შეეძლო…
„ყველაზე მართებული იქნება იმის თქმა, რომ „ანალიტიკური მექანიზმი“ ზუსტად ისე ქსოვს ალგებრულ ნიმუშებს, როგორც ჟაკარდი ყვავილებსა და ფოთლებს“, — ვკითხულობთ ლავლეისის წერილში, რომელიც მან ბაბეჯს 1843 წელს მისწერა.
თუ ადა არ შექმნიდა ამას, მაშინ სხვა გააკეთებდა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მან პატრიარქალურ საზოგადოებაში, კომპიუტერის გამოგონებამდე თითქმის 1 საუკუნით ადრე ისტორიაში პირველი პროგრამირების ენა შემოგვთავაზა…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი