2017 წლის 15 იანვარს, ქართულ სტარტაპ სივრცეში, კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდი „გიშერი” გამოჩნდა. ბრენდი GAU-ს ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა – ნინი რესულიძემ და მარიამ ღლონტმა შექმნა. „გიშერის” იდეა ორგანული პროდუქტებისგან დამზადებული კოსმეტიკის შექმნას გულისხმობს და ამ ეტაპზე, ტუჩსაცხებისა და ფრჩხილის ლაქების წარმოებას აერთიანებს. სლოგანით „სილამაზე არ უნდა იყოს ზიანის მომტანი” ბრენდის შემქმნელები ხაზს უსვამენ ნატურალური და უსაფრთხო
კოსმეტიკის უპირატესობას. ქართული კოსმეტიკის წარმოების გამოწვევებზე, ასევე – „გიშერის” განვითარების სტრატეგიასა და უპირატესობებზე მარკეტერი მის ერთ-ერთ დამფუძნებელს – ნინი რუსულიძეს ესაუბრა:
M: როგორ გაგიჩნდათ იდეა – გეწარმოებინათ ქართული კოსმეტიკა და რატომ შეარქვით თქვენს ბრენდს „გიშერი”?
ერთი წლის წინ ვიყავით ბულგარეთში, სადაც შევამჩნიეთ, რომ ბევრი ტურისტი ყიდულობდა ბულგარულ კოსმეტიკას, ჩვენც წამოვიღეთ და მოვიხმარეთ. ამის შემდეგ, გაგვიჩნდა სურვილი – საქართველოშიც ყოფილიყო ადგილობრივი წარმოების კოსმეტიკა, რომლის შეძენასაც როგორც ტურისტები, ასევე, ქართველებიც შეძლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „გიშერი” ჯერჯერობით საცდელი პროექტია, ვეცადეთ შეგვემუშავებინა ისეთი პროდუქტის კონცეფცია, რომელსაც ტურისტები, როგორც ქართული ღირსშესანიშნაობის ნაწილს, საქართველოდან წაიღებენ. სახელი „გიშერიც” ამიტომ შევარქვით, სიტყვა გიშერი ვეფხისტყაოსნიდან ავიღეთ, როგორც სილამაზის და დახვეწილობის მეტაფორა.
M: ამ ეტაპზე, რა რა სახის პროდუქციის ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებელს?
ამ ეტაპზე, გვაქვს სამი სახის პროდუქტი: ფრჩხილის ლაქი, ტუჩის გლოსი (თხევადი პომადა) და მყარი პომადა, რომელიც ინტენსიურ ფერს აძლევს ტუჩს.
M: რა უპირატესობები გაქვთ ქართულ ბაზარზე რეალიზებად კოსმეტიკურ საშუალებებთან მიმართებაში?
100% ორგანულ კოსმეტიკას ვქმნით, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატს (თუ არ ჩავთვლით ფრჩხილის ლაქს). შეიძლება ითქვას, რომ „გიშერი” პირველი მცდელობაა იმისა, რომ საქართველოში დამზადდეს კოსმეტიკური ნაწარმი.
M: რა ტექნოლოგიით ამზადებთ კოსმეტიკას, თუ გაქვთ კოსმეტოლოგიური გამოცდილება ან თუ კონსულტირებთ სპეციალისტებთან?
„გიშერის” კოსმეტიკა ხელნაკეთია, მას მე და მარიამი ვქმნით. ჩვენი პროდუქტციისთვის საჭირო შეფუთვებს ვიღებთ უცხოეთიდან. ასევე, ფრჩხილის ლაქისთვის ფერებს ვიწერთ სხვადასხვა ქვეყნიდან, ვამზადებთ ბაზას ფერებისთვის და ვაზავებთ. ეტაპობრივად ვსწავლობთ ამ საქმეს. გვყავს დერმატოლოგი, რომელთანაც, თითოეულ პროდუქტზე მუშაობისას, გავდივართ კონსულტაციას. ტუჩსაცხებისთვის საჭირო ნედლეულს საქართველოში ვიძენთ და ვაზავებთ.
M: რა ნედლეულს იყენებთ „გიშერის” კოსმეტიკის დასამზადებლად?
ვიყენებთ სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებას, მათ შორის: თაფლის ცვილს, ქოქოსის ზეთს, კარაქს და ა.შ. ძირითადად ასეთი ნედლეულისგან ვამზადებთ, ჩვენი ხელით. ჩვენს პროდუქტს ქიმიური შემადგენლობა არ აქვს, ფრჩხილის ლაქს თუ არ ჩავთვლით.
M: რა გზებს იყენებთ თქვენი პროდუქციის რეალიზებისთვის და სად შეიძლება თქვენი კოსმეტიკის შეძენა?
19 მაისიდან, გვექნება პატარა სტენდი ბათუმში, რის შემდეგაც, 3 თვის განმავლობაში, ჩვენი კოსმეტიკის შეძენა შესაძლებელი იქნება ამ ქალაქში. facebook-ის მეშვეობით არ ვახდენთ რეალიზებას, რადგან „გიშერი”ახალი პროდუქტია და მსგავსი კოსმეტიკის გაყიდვისას, აუცილებელია ე.წ „ტესტერების” გამოყენება, იმისათვის, რომ საცხის სტრუქტურა, სუნი, ფერი რეალურად აღიქვას მყიდველმა. ამიტომ, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ ონლაინ გაყიდვებისგან. 
M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და როგორია „გიშერის” განვითარების სტრატეგია?
ფრჩხილის ლაქის ფასი არის 6 ლარი, ტუჩის გლოსი ღირს 9 ლარი, ხოლო, ტუჩსაცხის ფასი 7 ლარია. ამჟამად, ჩვენს ასორტიმენტში გვაქვს 5 ფერი, ზაფხულისთვის ვგეგმავთ დავამატოთ სხვა, ბუნებრივი ფერები. ასევე, გვექნება ტუჩის დამარბილებელი საცხი, თვალის ჩრდილები და კონტურები. ეტაპობრივად, ვგეგმავთ ასორტიმენტის გამდიდრებას.













