in , ,

“მარტო პოეზიით ვერ გავფრინდებით,” – ზვიად ციკოლია პირველ ქართულ თვითმფრინავს აგებს

Startauperi
Startauperi

ზვიად ციკოლიადიზაინერი ზვიად ციკოლია თვითმფრინავს აგებს და მის სერიულ წარმოებასაც აპირებს. ეს არის ერთადგილიანი თვითმფრინავი, რომელიც პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროექტის განხორციელების იდეა ფინანსების სიმცირის გამო შეფერხდა. ახლა კი, დიზაინერი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს დროშა ბევრ საერთაშორისო პროექტში გამოჩნდა, ამ წამოწყების ბოლომდე მიყვანას აპირებს. მარკეტერთან საუბრისას მან უფრო კონკრეტულად ისაუბრა, თუ როგორ გაუჩნდა თვითმფრინავის აგების იდეა და რა გეგმები აქვს პროქეტთან დაკავშირებით.

 

 

M: როგორ გადაწყვიტეთ თვითმფრინავის აგება?

ბავშვობიდან ჩემი საყვარელი თემა იყო ავიაცია და უკვე ზრდასრულ ასაკში გადავწყვიტე, ამით უფრო სერიოზულად დავკავებულიყავი. მინდოდა, საკუთარი თვითმფრინავი მყოლოდა და მისი წარმოება გადავწყვიტე. ადრე საათებს და აეროგრაფებსაც ვაწარმოებდი და ყველაფერს სიხარულითა და ენთუზიაზმით ვაკეთებდი. ხშირ შემთხვევაში, რაც დავიწყე, ყველაფერი განხორციელდა. თვითმფრინავის აგების გეგმა რამდენიმე წლის წინაც მქონდა, თუმცა თანხების სიმცირის გამო ვერ დავასრულე.

M: სად მზადდება თვითმფრინავი და ვისთან ერთად მუშაობთ პროექტზე?

თვითმფრინავი კეთდება თანამედროვე მასალების გამოყენებით, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოგვაქვს და შემდეგ საქართველოში ვაგებთ. ამ პროექტის მარტო გაკეთება რთულია და ამიტომ ჩემი მეგობრებიც მეხმარებიან. პროექტში ჩართულები არიან დემური კერზუა, კოკა ჯაფარიძე და ილია არტენიძე. ისინი თავიანთ გამოცდილებას, შრომასა და დროს არ იშურებენ პროექტის წარმატებით დასასრულებლად.

M: როგორ შეიძლება ამ თვითმფრინავის გამოყენება?

ერთადგილიანი, სპორტული, პირადი მოხმარების და ასე ვთქვათ, გასართობი თვითმფრინავია. შეიძლება სხვადასხვა მისიაც დააკისრო, გამოსადეგი იქნება მოკლე მანძილებზე გადასაფრენად  და საზღვრებზე პატრულირებისთვის. ასევე, შეიძლება სარეკლამო ფუნქციაც შეითავსოს და კომპანიის სარეკლამო ბანერები გაუკეთდეს. სხვადასხვა მიზნებისთვისთვის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ძირითადად პერსონალური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.

M: რაც შეეხება ფინანსებს…

პროექტის საწყისი კაპიტალი TBC Bank-მა გამოგვიყო, რითაც ძრავი, სხვადასხვა კომპონენტები და ინტრუმენტები შევიძინეთ. როდესაც ეს თანხა ამოიწურა, შემდგომ ეტაპზე, უკვე საკუთარი ხარჯებით გავაგრძელე თვითმფრინავის აწყობა. TBC კიდევ აპირებს, ფინანსურად დაეხმაროს ამ პროექტს დასრულებაში.

cikolias tvitmfrinavi

M: როდის დასრულდება პროექტი?

ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. ზაფხულის პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ტექნოლოგიური პროცესი სწორედ ზაფხულის პირობებს ითხოვს. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისად მოწყობილი, სპეციფიკური ანგარი, გვიწევს ბუნებრივი პირობების გამოყენება.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ეს ერთი რომ დასრულდება, შემდეგ უკვე გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია მისი სერიული წარმოება. არ გაიყიდება მხოლოდ საქართველოში, რადგან არასოდეს ვიზღუდები მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით და ორიენტირებას ვაკეთებ მსოფლიოზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე და იმედია ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს.

M: როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ დარგის განსავითარებლად?

კარგი იქნება, თუ მთავრობა და ხელისუფლება მცირე ავიაციის განვითარებას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს და ხელს შეუწყობს ამ სფეროში წამოწყებულ სხვა პროექტებსაც. თანამედროვე ტექნოლოგიებს, ტექნიკას, გამომგონებლებსა და ენთუზიასტებს მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებისგან. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ მიმართულებებსაც, რადგან მარტო პოეზიით შორს ვერ გავფრინდებით და მხოლოდ სადღეგრძელოების ამარა დავრჩებით.

cikoliazviad

აპლიკაცია, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენაში დაგვეხმარება – Amateur Replay

East Point-ში იშვიათ პოკემონებზე ნადირობის სეზონი 22 ივლისს იწყება!