in

პირველი სავაჭრო ნიშნის დასარეგისტრირებლად მთელი ღამე გაათენეს

იმ სავაჭრო ნიშანზე გადავწყვიტეთ მოყოლა, რომელსაც R პირველად მიეწერა… თუმცა არც ამ კითხვაზე პასუხის პოვნა აღმოჩნდა მარტივი და არც თავად სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირება. როგორც ვიგებთ, კომპანიის წარმომადგენელი მთელი ღამით ელოდა რეგისტრაციის გახსნას, რათა დილით პირველი ყოფილიყო… და ამ პირველობის სტატუსშიც ბევრი მეტოქე ჰყავს, მრავალი მოსაზრება ჩნდება, რომლებსაც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავყავართ. 

აქეთ ინგლისელები პურს ნიშნავდნენო, იქით ვიკინგები ხმლებსო… მოკლედ რას აღარ გაიგებთ, თუმცა მანამდე გავიხსენოთ, რომ სავაჭრო ნიშანი ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ტიპია, რომელიც თვალშისაცემი ვიზუალური სიმბოლოებისგან შედგება და წყაროს იდენტიფიცირებაში გვეხმარება. ეს ხარისხის აღმნიშვნელ სიმბოლოდაც კი იქცა სოფლის მეურნეობისა თუ ვაჭრობის სექტორში, ამიტომ საკმაოდ პოპულარულიც გახდა და კითხვაზე პასუხის გაცემაც გაგვირთულა.

ერთი წყარო გვეუბნება, რომ სასაქონლო ნიშნების პირველი საკანონმდებლო აქტი ჰენრი მესამის მეფობის დროს 1266 წელს მიიღეს ინგლისში, რომელიც ყველა მცხობელს პურზე განმასხვავებელი ნიშნის დატანას ავალდებულებდა. მეორე წყარო კი პირველ სასაქონლო ნიშნებს რომის იმპერიას უკავშირებს, რომ, თითქოს, სავაჭრო ნიშნებს მჭედლები აკეთებდნენ ხმლებზე. შუა საუკუნეებში ვიკინგებიც მიმართავდნენ ამ ხერხს თავიანთი ბასრი ხმლებისთვის და თითოეულზე Ulfberht-ს ტვიფრავდნენო… 

პირველობაზე პრეტენცია ჩვენთვის დღემდე კარგად ცნობილ ლუდის ბრენდ Stella Artois-საც აქვს, რომლის მტკიცებითაც მისი ნიშანი ჯერ კიდევ 1366 წლიდან გამოიყენებოდა. ამას მოსდევს Löwenbräu-ც, რომლის თანახმადაც ლომის ნიშნის გამოყენება 1383 წლიდან დაიწყეს. თუმცა ვერ ვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებიც ბრენდების მოსაზრებებს დაგვიდასტურებს. მიუხედავად ამისა, პირველი რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ძიებას კვლავ ლუდის ბრენდამდე მივყავართ. 

მსოფლიოში ყველაზე ძველ რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნად Bass-ის ლუდს მოიაზრებენ, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Trade Mark Registration Act-ის თანახმად 1876 წელს მიიღეს. ზუსტად ამის გამო მოუწია თანამშრომელს ღამის გათენება — როგორც ვიგებთ, სანამ 1876 წლის 1 იანვარი დადგებოდა, ანუ სანამ ოფიციალურად გახდებოდა შესაძლებელი პირველი სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირება, ერთი დღით ადრე Bass Brewery-ის თანამშრომელი გაგზავნეს, რათა Patent Office-ის გარეთ რიგი დაეკავებინა და დილით პირველი სავაჭრო ნიშანი დაერეგისტრირებინა. არსებული ცნობებით, ამ დღეს მათ სამი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირეს — Bass & Co’s Pale Ale with the Red Triangle, Bass & Co’s Burton Ale with the Red Diamond და Bass & Co’s Extra Stout with the Brown Diamond. 

ამ ამბავში კი სარკაზმული ის არის, რომ ამ ადამიანის სახელი უცნობია… თავად Bass Brewery კი უილიამ ბასმა ოფიციალურად 1777 წელს დააფუძნა. Bass Pale Ale-ის ლუდი ყველაზე გაყიდვადი გახდა გაერთიანებულ სამეფოში, 1 საუკუნის შემდეგ კი ყველაზე დიდ ლუდსახარშსაც წარმოადგენდა მთელ მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად მილიონ ბარელს უშვებდა პირველი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის ქვეშ. ბასი ბრენდის მარკეტინგის ერთ-ერთ პიონერადაც მოიაზრება, მას შემდეგ, რაც ლუდზე პირველი სამკუთხედი დაახატა, მისი ფერები წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში მონაცვლეობდა იმისდა მიხედვით, თუ რომელი ლუდსახარშიდან მოდიოდა ის. თუმცა იმ დროიდან დღემდე Pale Ale-ის ყველა ბოთლს წითელი სამკუთხედი ახატია… 

წითელ სამკუთხედს მხოლოდ ლუდის ბოთლებზე კი არა, ედუარდ მანეს ნახატ Un bar aux Folies Bergère-შიც ვხედავთ. მეტიც, როგორც ვიგებთ, პიკასოს 40-ზე მეტ ნახატშიცაა ასახული, რაც მის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ეპოქის უძველესი სავაჭრო ნიშნის მქონე ბრენდის აღსანიშნად, 2013 წელს Bass Pale Ale-მა რებრენდინგი შემოგვთავაზა და პირდაპირ Bass Trademark No.1 დაირქვა. გამოდის, ამისთვის ღამის გათენებაც ღირდა…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

რა სათქმელი აქვთ ჩვენთვის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს? — Eastpak

როგორ გავუმკლავდეთ მიკროსტრესებს, რომლებიც ენერგიას გვართმევენ