in

პირველი საძიებო სისტემა Google-ამდე 8 წლით ადრე შეიქმნა

Საძიებო სისტემაზე უმეტესობას Google კი გვახსენდება, მაგრამ იგი მათ შორის პირველი ნამდვილად არ ყოფილა. ყველაფერი 8 წლით ადრე დაიწყო — Archie, ანუ პირველი საძიებო სისტემა კანადის McGill University-ში ალან ამტიჯმა, ბილ ჰილენმა და პიტერ დოიჩმა შექმნეს. თუმცა რომ არ მოგატყუოთ, ჩვენი თანამედროვე სისტემებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ AI-ის შესაძლებლობებზე… ბიბლიოთეკაში წიგნის ძიების პროცესს ჰგავდა, თუმცა აქ, წიგნის სახელის ნაცვლად, FTP ფაილის სახელი უნდა გცოდნოდათ…

Archie-ის დებიუტი 1990 წლის 10 სექტემბერს შედგა. მის ავტორად კი, უმეტესად, მაინც ამტიჯს ასახელებენ, რომელიც ჯერ სწავლობდა აღნიშნულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში მუშაობდა, სადაც სტუდენტებისა და პერსონალისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მოძიებაზე იყო პასუხისმგებელი. ეს გულისხმობდა ინტერნეტში სხვადასხვა ფაილის გადაცემის პროტოკოლის, ანუ FTP სერვერებში ინფორმაციების ხელით მოძიებას.

ამტიჯმა კი საქმის გამარტივება გადაწყვიტა, კოდი დაწერა და შექმნა Archie, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტში FTP სერვერებზე შენახული კონკრეტული ფაილების პოვნაში დაეხმარებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ დროს ეს რთული ამოცანა იყო, რადგან არ არსებობდა არც საძიებო სისტემა და არც ცენტრალიზებული ინდექსი. მომხმარებლებს ხელით უწევდათ ნავიგაცია ამ სერვერებზე, რათა მათთვის სასურველი ფაილი ეპოვათ. არჩიმ კი FTP სერვერების კონტენტის ავტომატური ინდექსირება შემოგვთავაზა და მომხმარებლებს ფაილების სახელით ძიების შესაძლებლობა მისცა. 

და რას ნიშნავს ეს? მოკლედ რომ ვთქვათ, პროცესი ბიბლიოთეკაში წიგნის პოვნას ჰგავდა: გამომდინარე იქიდან, რომ არჩი ვერ ცნობდა ჩვენთვის ჩვეულ ენაზე დაწერილ მოთხოვნებს და ვერც ფაილების შიგნით არსებული კონტენტის მოძიებას ახერხებდა, მომხმარებლებს უნდა სცოდნოდათ ფაილების სახელი მათ საპოვნელად. შესაბამისად, ფრთხილად უნდა აერჩიათ ტერმინები სასურველი ფაილისთვის. შემდგომ კი არჩი FTP-ის გრძელ სიაში Telnet-ის პროტოკოლის გამოყენებით იპოვიდა მათ. ეს პროტოკოლი მაშინ რევოლუციური გახლდათ, რადგან მომხმარებლებს საშუალება მისცა, კონკრეტული ფაილის სახელწოდებები უფრო მარტივად და სწრაფად ეპოვათ. 

თუმცა დღეს თუ ლინკებზე ჩვეულებრივ გადავდივართ და ვათვალიერებთ მიღებულ კონტენტს, Archie-ს შემთხვევაში ეს ასე არ იყო — ფაილის სანახავად მისი ჩამოტვირთვა აუცილებელი გახლდათ. ამგვარად, პირველი საძიებო სისტემა საერთოდ არ ჰგავდა იმ ინტერაქციულ ინტერფეისებს, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. უბრალოდ მარტივი გვერდი იყო რამდენიმე საძიებო პარამეტრით. 

ასე იყო თუ ისე, რამდენიმე წელში ამტიჯის გუნდმა Archie-ს რამდენიმე ვერსია განავითარა, რათა იგი სხვა უნივერსიტეტებისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი — იუტას უნივერსიტეტის სისტემას Jughead და ნევადა-რენოს უნივერსიტეტის სისტემას Veronica უწოდეს. სახელებზეც რომ არ დაგვავიწყდეს თქმა, Archie Archive-ის შემოკლებული ვერსია გახლავთ. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, იმჟამინდელი წესები ამტიჯს არ აძლევდა 6 სიმბოლოზე მეტის გამოყენების საშუალებას, ამიტომ მან V-ს ამოღება არჩია… მომდევნო ორი სისტემის სახელი კი არჩის კომიქსების პერსონაჟებიდან გადმოიღეს.

როგორც ვიგებთ, უკვე 1993 წლისთვის Archie-ს საძიებო სისტემა საკმაოდ აქტიური იყო, დღეში 50 000 მოთხოვნა ჰქონდა და მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ათასი მომხმარებელიც ჰყავდა… აღსანიშნავია ისიც, რომ ამტიჯისა და მისი კოლეგების მიერ დანერგილი მრავალი ტექნიკა დღესაც გამოიყენება Google-ის, Bing-ის, Yahoo-სა და სხვა დიდი თუ პატარა საძიებო სისტემების მიერ. ეს კი კვლავ მოწმობს იმაზე, რომ ამტიჯმა არამარტო დაზოგა ჩვენი დრო, არამედ სრულად შეცვალა გზა, რომლითაც ტექნოლოგიებთან ვურთიერთობთ…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

GT Motors-მა კიდევ ერთი ლიმიტირებული მოდელი წარადგინა | BMW XM Label Red Limited უკვე საქართველოშია

დიზაინის ინსტიტუტში სწავლა იწყება!