in

როგორ დასრულდა პირველი საჰაერო ბურთის აფრენა?

როგორც ჩანს, ადამიანებმა მალევე „ამოვწურეთ“ მიწაზე არსებული შესაძლებლობები და არც ჩიტებს დავაცადეთ თავისუფლად ფრენა, ჩვენც მოგვინდა და ეს ოცნება რეალობად მე-18 საუკუნეში ვაქციეთ. თუმცა ძალიანაც არ გავრისკეთ და საჰაერო ფრენა ხან მგზავრების გარეშე, ხან კი ცხოველებით შევასრულეთ… ხან მშვიდობიანად, ხან აფეთქებით, ხან კი კომიკურად დავასრულეთ. ასე იყო თუ ისე, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 1782 წელს ფრანგმა ძმებმა ჟოზეფ და ეტიენ მონგოლფიერებმა აღმოაჩინეს, როგორ წევდა ცეცხლი ჰაერში ქაღალდისა და ქსოვილის „ჩანთებს“, რის შემდეგაც საჰაერო ფრენის ექსპერიმენტებიც დაიწყეს. 

Alta
Alta

ძმებმა საჰაერო ბუშტი 10-მეტრიანი დიამეტრით აბრეშუმისგან დაამზადეს და იგი ბორტის გარეშე 1783 წლის 4 ივნისს გაუშვეს — 1600-დან 2000 მ-მდე იფრინა, ჰაერში კი 10 წუთი გაჩერდა… ბუნებრივია, ამ ამბავმა დიდი ყურადღება მიიპყრო, იმდენად დიდიც კი, რომ საჰაერო ბუშტის აფრენის დემონსტრაცია ვერსალში საფრანგეთის მეფის წინაშე დაიგეგმა.

გავრცელებული ცნობებით, ვერსალის ჩვენებამდე ეტიენმა გადაწყვიტა, წინასწარ გამოეცადა იგი, რა დროსაც ბუშტი დაზიანდა და მისი შეკეთება მოუწიათ… პირველი საჰაერო ბუშტი ძირითადად ბამბისგან იყო დამზადებული, ორივე მხარეს ქაღალდი ჰქონდა მიკრული, 18.47 მეტრი სიმაღლის იყო, სიგანე კი 13.28 მეტრს უდრიდა. რაც შეეხება წონას, იგი 400 კგ-ს უდრიდა. მას Le Réveillon ეტიენის მეგობრის, ჟან-ბატისტ რევეიონის პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც მის დიზაინზე იზრუნა — ცისფერ ფონზე მეფის ინიციალები დაიტანა, ორი L ერთმანეთში იყო გადახლართული და გვერდს ოქროსფერი მზეები უმშვენებდა.

დემონსტრაცია ლუი XVI-ისა და სამეფო ოჯახის წინაშე სასახლის წინა ეზოში გაიმართა, რომელიც ცნობისმოყვარე ადამიანებით იყო სავსე. თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის დასაზღვევად, პირველ მგზავრებად ცხოველები აირჩიეს და არა, ადამიანები. გაშვება, შეიძლება ითქვას, გრანდიოზული იყო: ქვემეხის პირველი გასროლისას საჰაერო ბუშტზე თოკით მიმაგრებულ კალათში ცხვარი, იხვი და მამალი შეიყვანეს. 11 წუთის შემდეგ კი მეორე აფეთქების ხმაც გაისმა და კალათი ცისკენ დაიძრა.

გაოცებისა და აპლოდისმენტების ფონზე საჰაერო ბუშტმა მიწა დატოვა და ჰაერში 600 მეტრი იფრინა. თუმცა ქსოვილი დაუზიანდა და 8 წუთის შემდეგ მიწაზე „დაბრუნდა“. აქ კი ყველაზე საინტერესო კითხვა უნდა დავსვათ — რა მოუვიდათ ცხოველებს? დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ცოცხლები არ იქნებოდნენ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მათ ჯილდოს სახით ლუი XVI-მ ვერსალში ადგილი გამოუყო და „ჰაერის გმირების“ სტატუსიც კი მიანიჭა. 

ამ ფაქტის შემდეგ პირველი ადამიანის გაფრენის დროც დადგა — 21 ნოემბერს Château de La Muette-ში პილატრ დე როზიე, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებელი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც საჰაერო ბუშტით იფრინა. ჰაერში 4 წუთი გაატარა. შემდგომი ფრენა კი მან ფრანგ სამხედროსთან ერთად განახორციელა, რაც უკვე 25 წუთს გაგრძელდა. გავრცელებული ცნობებით, როცა ბუშტმა 76 მეტრ სიმაღლეს მიაღწია, მისი მგზავრები ქვემოთ მყოფებს ხელს უქნევდნენ და ალბათ, გაგვიჭირდება იმის წარმოდგენა, თუ რას გრძნობდნენ იმ მომენტში…

აქ კიდევ ერთი ადამიანის როლი იკვეთება — თუ ფრანგი ძმები ასაფრენად ჰაერის ცხელ ნაკადს იყენებდნენ, ჟაკ შარლი იყო პირველი, ვინც საჰაერო ბუშტი წყალბადით აავსო, თუმცა მაშინ არ იცოდა, რა „ჩაიდინეს“ ძმებმა მანამდე. ლაბორატორიაში ბევრი მუშაობისა და ცდების დასრულების შემდეგ, 1783 წელს იგი ბუშტის დამზადებას შეუდგა. „შარლიერი“ 10 კილოს იწონიდა, მის გაბერვას კი რამდენიმე კვირა დასჭირდა, რის შედეგადაც დიამეტრი 4 მეტრი გახდა. 

წყალბადით სავსე საჰაერო ბუშტით გაშვება კი საზეიმოდ 27 აგვისტოსთვის დაიგეგმა, თუმცა ადამიანის გარეშე და კიდევ კარგი, რომ ასე იყო… იგი ჩრდილოეთისკენ 45 წუთის მანძილზე მიფრინავდა და მაყურებლები ცხენებით მიჰყვებოდნენ, 21 კილომეტრის მოშორებით სოფელ გონესში დაეშვა, თუმცა აქ საკმაოდ უცნაური რამ მოხდა — დაშვება ნორმალურად არც კი აცადეს, რადგან ჰაერში ბუშტის გამოჩენამ სოფლის მაცხოვრებლები შეაშინა… როგორც ამბობენ, ეშმაკის გზავნილად ჩათვალეს იგი და გაანადგურეს. 

რთული იქნება იმის დაჯერება, რომ ადამიანის ჰაერში აფრენის მცდელობებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, აქ კი ისტორიამ ცოტა „ირონიული“ ფაქტი შემოგვინახა — პირველი ადამიანი, რომელმაც საჰაერო ბურთით იფრინა, მისი პირველი მსხვერპლიც გახდა. თავდაპირველი ფრენიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, 1785 წლის 15 ივნისს, პილატრ დე როზიეს ბურთი, რომელიც წყალბადისა და ცხელი ჰაერით იყო სავსე, აფეთქდა… 

მიუხედავად მსხვერპლისა, დროთა განმავლობაში არსებული ტექნოლოგია დაიხვეწა, იმდენადაც კი, რომ მალევე ადამიანები საჰაერო ბუშტით სხვადასხვა ქვეყნებისკენ გაემართნენ. 1999 წელს Breitling Orbiter-მა ბერტრანდ პიკარდთან და ბრაიან ჯონსთან ერთად მსოფლიოს გარშემოც კი იმოგზაურა…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს

რა არის „მილდრონატი“ და რა როლს ასრულებს ის ჩვენს ცხოვრებაში?