in

ისტორიაში უძველესი სამაგიდო თამაშით მომავალს წინასწარმეტყველებდნენ

ნარდის წინაპარიაო, ასეც ამბობენ…

მკითხაობის თუ გჯერათ? ან ვინმეს თუ უცდია თქვენს მომავალზე საუბარი ტაროს დახმარებით? როგორც ჩანს, ეს ინტერესი ადამიანს თავიდანვე დაჰყვა, რადგან ისტორიაში უძველეს სამაგიდო თამაშსაც ამ მიზნით იყენებდნენ. თუმცა ძველი წინასწარმეტყველებები აი, ასე ჟღერდა: ახალ მეგობარს შეიძენ, ლომივით ძლიერი იქნები, კარგ ლუდს მოიგებ, კარგად შეჭამ, მდიდარი გახდები ეს კი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რომელ უჯრაში მოხვდებოდით. სწორედ ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ამ თამაშში წარმატება ბევრს ამბობდა მოთამაშის იღბალზე.

bog
bog-mob

თუმცა აღნიშნული ჩამონათვალი თუ ურწმუნოთათვის ამ წინასწარმეტყველების მცოდნე პირის წარმოსახვაზეა სრულად დამოკიდებული, ძველი მესოპოტამიელებისთვის ღვთაებების გზავნილად ითვლებოდა, ზოგჯერ გარდაცვლილი წინაპრებისგან ან ადამიანის სულისგან მიღებულ ნიშნადაც კი მიაჩნდათ. 

და რა თამაშზე ვსაუბრობთ? მართალია, თავდაპირველი სახელი დროში ჩაიკარგა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ბრიტანელმა არქეოლოგმა ლეონარდ ვულიმ აღმოაჩინა, მას Royal Game of Ur უწოდეს — 1928 წელს, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი 1922-1934 წლებში, მან შუმერულ ქალაქ ურში სამეფო სასაფლაოზე ხუთი გამოყენებული სათამაშო დაფა აღმოაჩინა. სწორედ აქედან მოდის სახელიც, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში არქეოლოგებმა ეს თამაში შუა აღმოსავლეთის მრავალ ლოკაციაზე იპოვეს… 

თუ ანალიტიკოსებს დავუჯერებთ, მრავალი დეკორატიული ელემენტით მოხატული დაფები ქრისტეს შობამდე 2600-2400 წლებში უნდა გაეკეთებინათ, რითაც ურის სამეფო თამაში ისტორიაში პირველ სამაგიდო თამაშად გვევლინება. არქეოლოგთა მტკიცებით, იგი ყველა ფენის ადამიანში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რითაც მისი მრავალფეროვნებაც შეგვიძლია, ავხსნათ — საინტერესოა, რომ 5 დაფიდან ყველა განსხვავებული მასალისგან იყო დამზადებული და განსხვავებული დეკორაციებიც ჰქონდა. ზოგი ხის იყო, ზოგი ნიჟარებით დაფარული, აქვე ვხედავდით წითელ და ლურჯ ელემენტებს, წითელი კირქვაც მრავლად გვხვდება და ზოგიერთზე, ცხოველის გამოსახულებებიც…

1928 წელს ისტორიაში უძველესი სამაგიდო თამაშის აღმოჩენით კი მეცნიერებს გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ იმაზე, თუ როგორ ირთობდნენ მესოპოტამიელები ადრე თავს, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი სრულად ვერ მიიღეს, რადგან თამაშის წესები არსად ეწერა… ამაზე არც არანაირი წარმოდგენა ჰქონდათ მანამ, სანამ 1980-იან წლებში British Museum-ის კურატორმა და ასირიოლოგმა ირვინგ ფინკელმა თიხის ფირფიტაზე რაღაც წარწერებს არ მიაგნო. ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი კარგად ესადაგებოდა Royal Game of Ur-ის თამაშის წესებს. ფირფიტა კი, თავის მხრივ, ბაბილონის ნანგრევებში 1880 წელს აღმოაჩინეს:

თუ დააკვირდებით, ორი სვეტისგან შედგება და, დიდი ალბათობით, ორი მოთამაშისთვისაა განკუთვნილი. როგორც ამბობენ, პირამიდის ფორმის კამათელი გამოიყენება იმ კვადრატების რაოდენობის გასაგებად, რომლებშიც მოთამაშეს შეუძლია გადაადგილება. ხოლო, თუ მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ოთხკუთხედში მოხვდება, შესაძლოა, მეტოქეს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიოს. ამიტომ, თითქმის შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს თამაშს. 

დროის სვლასთან ერთად, Royal Game of Ur-იც განვითარდა და მთელ შუა აღმოსავლეთს მოედო, ჯარისკაცებმა, მისიონერებმა, მკვლევრებმა თუ ვაჭრებმა იგი ირანს, სირიას, ეგვიპტეს, ლიბანს, შრი-ლანკას, კვიპროსსა და კრეტას გააცნეს. საინტერესოა, რომ თამაშის გარკვეული ვარიაციები მეფე ტუტანხამონის საფლავშიცაა ნაპოვნი და ასურეთის მეფე სარგონ II-ის სასახლეშიც კია სვეტებზე ამოტვიფრული. 

როგორც ვიგებთ, ახალ თამაშებსაც დაედო საფუძვლად, რომელთა შორის ნარდსაც მოიაზრებენ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი, ურის სამეფო თამაში სწორედ ნარდად განვითარდა, ამიტომ შეწყდა მისი მოხმარებაც რაღაც პერიოდში… ასეა თუ ისე, დაზუსტებით ის შეგვიძლია გითხრათ, რომ სულ მცირე ათასი წლის მანძილზე Royal Game of Ur ძველი მესოპოტამიისთვის ეროვნულ თამაშს წარმოადგენდა. ამ დროს, სავარაუდოდ, მრავალ ადამიანსაც გადაუწყვეტდა ბედს და ეტყოდა: ახალ მეგობარს შეიძენ, ლომივით ძლიერი იქნები, კარგ ლუდს მოიგებ, კარგად შეჭამ, მდიდარი გახდები… 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

Google-მა და Roblox-მა ბავშვებისთვის კიბერუსაფრთხოების სასწავლო თამაში შექმნეს

როგორ გავითვალისწინოთ წარსული შეცდომები გადაწყვეტილების მიღებისას?