in

როგორ ამონტაჟებდნენ ფილმებს ადრე? — Moviola-ს შექმნის ამბავი

წარმოიდგინეთ, ვიდეოს მონტაჟისას კადრების ნახვა რომ არ შეგეძლოთ, სამონტაჟო მაგიდა რომ გქონდეთ, ფირი და მაკრატელი, რომლითაც პირდაპირი გაგებით ამოჭრით და გადაალაგებთ კადრებს. ამას კი სინათლის მიხედვით განსაზღვრავთ… ასე ხდებოდა 1920-იან წლებამდე, ანუ მანამ, სანამ რედაქტირებისთვის საჭირო პირველი დანადგარი Moviola გამოჩნდებოდა. ამან ადამიანებს უკვე კადრების ნახვის საშუალება მისცა და ფილმების ინდუსტრიაში წამყვან მოწყობილობად თითქმის 50 წლის მანძილზე დარჩა. 

ივან სერრუიერმა თავდაპირველი კონცეფცია 1917 წელს შემოგვთავაზა. ოღონდ მაშინ ჩანაფიქრი სახლის პროექტორი იყო. თუმცა საკმაოდ ძვირი ღირდა, დღევანდელი კურსით სადღაც 10 000 დოლარამდე, ამიტომ ძალიან ცოტა გაიყიდა… რაღაც მოსაფიქრებელი იყო და ერთ დღესაც ივანმა Douglas Fairbanks Studios-ის რედაქტორისგან მიიღო შეთავაზება, ეს მოწყობილობა ფილმის რედაქტორებზე გადაეწყო. როგორც ჩანს, დათანხმდა, და Moviola, როგორც პირველი დანადგარი ფილმებისა თუ ვიდეოების რედაქტირებისთვის, კაცობრიობას 1924 წელს შესთავაზა — თითქმის მაცივრის ხელა სამონტაჟო დანადგარი ორი პედლით, რომლიდანაც ერთი წინ, ხოლო მეორე უკან გადახვევაზე იყო პასუხისმგებელი. 

მალევე გაყიდა პირველი ეგზემპლარიც იდეის ავტორზე, რითაც კომერციულ წარმატებას დაედო საფუძველი… წარმოიდგინეთ, რამხელა სენსაცია იქნებოდა ვიდეოების ბრმად რედაქტირების შემდეგ კადრების ნახვა და ისე მონტაჟი. ამიტომაც, ბევრმა სტუდიამ დანერგა Moviola, მათ შორის კი Universal Studios-ს, Warner Bros.-ს, Charles Chaplin Studios-სა და მრავალ სხვას ვხვდებით.

როგორც ვიგებთ, კინორეჟისორები აღფრთოვანებულნი იყვნენ, თუმცა არ გეგონოთ, რომ მალე ახალი ტექნოლოგია გამოჩნდა და ეს აღფრთოვანება მინელდა, 2005 წელს Academy Award-ის ნომინაციაში ფილმის საუკეთესო რედაქტირებისთვის ჯილდო მაიკლ კანმა მიიღო, სტივენ სპილბერგის Munich-ისთვის, რომელიც Moviola-თი დაარედაქტირა — დიახ, მაშინ, როცა უკვე კარგად განვითარებული და დანერგილი იყო რედაქტირების ციფრული  ხელსაწყოები, ეს კი Moviola-ს ეფექტურობაზე მეტყველებს.

მეტიც, ბევრად ადრე, მეოცე საუკუნეში კინორეჟისორებისთვის Moviola-ს გამოყენება ნარკოდამოკიდებულებას მიემსგავსა. აქ მაგალითად ორსონ უელესი მოჰყავთ, რომელიც თურმე სახელგანთქმული ყოფილა თავისი სიყვარულით დანადგარისადმი. ოფისში გვიანობამდე რჩებოდა, რათა ემუშავა, ამან კი იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ ცოლს ეგონა საყვარელი ჰყავდა… მსგავსი შინაარსის მქონე კითხვაზე კი პასუხი ორსონისთვის საკმაოდ მარტივი იყო — Her name is Moviola.

გამოდის, ისტორიაში პირველი რედაქტირების ხელსაწყო ფილმებისთვის კომერციულად წარმატებულიც გახლდათ, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ იშვიათად ხდება… ძირითადად პირველობა იდეის გამოა ღირებული, თუმცა ასე არ მოხდა Moviola-ს შემთხვევაში. ამაზე ისიც მოწმობს, რომ მის ყიდვას დღესაც ჩვეულებრივ შეძლებთ ebay-ზე

ამგვარად, Moviola-ს კომპანია ახლაც ფუნქციონირებს და ჰოლივუდშია განთავსებული. მისი ნაწილი თავდაპირველი ქარხნის ბაზაზეც კი იმყოფება. ოღონდ დღეს პოზიციონირებს, როგორც ადგილი, სადაც კინორეჟისორები სწავლისა და განვითარებისთვის მიდიან… 

Moviola-ს შექმნიდან დღემდე ბევრი რამ დაგროვდა მოსაყოლი, ამიტომ სულ ახლახან ამ მოწყობილობის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ჩვენ კი მეტს აღარ გავაგრძელებთ და ფილმის მცირე ფრაგმენტს დაგიტოვებთ: 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

Jaguar-მა ელექტრომობილების ახალი, კონცეპტუალური სერია წარადგინა

როგორ გახდა მატჩა პოპულარული TikTok-ის დახმარებით