in

აკაკი რაზმაძე – #პირველისამსახური

რომელი იყო ჩემი სრულფასოვანი პირველი სამსახური, ცოტა რთული გამოსაკვეთია, თავიდან პატარ-პატარა პროექტებით იწყებენ ხოლმე დიზაინერები და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. პირველი პროექტი რაც მახსენდება, ეს იყო ერთი საბავშვო გასართობი ცენტრის კედლის მოხატვა, რომელშიც მეგობრებთან ერთად ჩავერთე. თუ სწორად მახსოვს 1000 ლარი მოგვცეს და ძალიან გახარებულები ვიყავით ყველა. 

ამის შემდეგ იყო დიზაინთან უფრო მეტად დაკავშირებული პროექტები, რომლებიც სააგენტო „პროპაგანდაში” იქმნებოდა. მე და ირაკლი ჭუმბურიძემ ვიმუშავეთ ფოტოკონკურს „ქოლგას” რედიზაინზე და ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, სხვათა შორის, ამ ბრენდს დღემდე ეს დიზაინები აქვს და კორპორატიული სტილი არ შეუცვლიათ. პარალელურად ვაგრძელებდი სწავლას და მას შემდეგ რაც გერმანიაში წავედი, ვცდილობდი სწავლისთვის მეტი ყურადღება დამეთმო. ამ სწავლის ფარგლებში პრაქტიკებიც იყო გათვალისწინებული, რომელიც დიზაინ სტუდიებში მუშაობას მოიცავდა, ალბათ ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩემს პირველ სრულფასოვან სამსახურად.

6 თვის განმავლობაში ვიყავი კომპანია Monotype-ში, სადაც ზუსტად იმ მიმართულებდით ვმუშაობდი, რა  საქმითაც დღემდე ვარ დაკავებული, ეს არის შრიფტის დიზაინის შექმნა. როცა პირველად მიდიხარ ახალ გარემოში, ალბათ, ძალიან რთული პროცესია, როცა ეს ყველაფერი სხვა ქვეყანაში და სხვა კულტურაში ხდება, სადაც სხვა ენაზე საუბრობენ, ეს კიდევ ორმაგად რთულია. ამ პერიოდში ოფისში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ გამიმართლა იმაში, რომ ჩემთან ერთად კიდევ 2 ადამიანი იყო ასეთი და ერთად ვერკვეოდით ყველაფერში. თავიდან ცოტა გასაკვირიც კი იყო, იმდენად მოგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ყველას. ეს არ იყო სამსახური, რომელშიც გეკითხებიან რას გააკეთებ შენ ჩვენთვის, კითხვა ყოველთვის პირიქით ისმებოდა: რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ შენთვის. ჩვენც, ახალი მისული დიზაინერები, ათას რაღაცას ვთხოვდით ხოლმე: არქივში ჩასვლის ნებართვა, დიზაინ დირექტორებისგან ლექციების მოსმენა, დიზაინ კონფერენციებზე გაგზავნა და ა.შ. როცა ასეთი გარემოა, რთულიც კი არის მოახერხო და არ ისწავლო ან არ იმუშაო კარგად. იმ გამოცდილებას, რაც იმ პერიოდში მივიღე, დღემდე ვიყენებ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ის კონტაქტებიც იყოს, რომელიც ამ სამსახურში დავაგროვე, ჩემი დღევანდელი პროექტების უმრავლესობა იმ პერიოდში გაცნობილი ადამიანებისა და მათი კონტაქტების მეშვეობით მაქვს. მახსოვს, ბოლო დღეს შოკოლადი და amazon-ის სასაჩუქრე ბარათი დამახვედრეს მაგიდაზე, იმ ბარათით Apple-ის ​​Magic Mouse ვიყიდე რომელიც დღემდე მაქვს.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ, შემიძლია ვთქვა, რომ სამსახურში მთავარი მეგობრული გარემოა, როცა ადამიანები ერთმანეთს მეგობრულად უყურებენ, ეხმარებიან და მუდმივად ცდილობენ, დაეხმარონ სხვას, ამ დროს შეიძლება ყველაზე მეტი ისწავლო და გამოცდილებაც კარგად დააგროვო. ზოგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი შესაფერისი სამსახური ან ანაზღაურება ვერ ნახოთ, მაგრამ მეგობრები და ადამიანური კონტაქტები რომელსაც ნებისმიერ გარემოში შეიძენთ, რეალურად არანაკლები სიმდიდრეა.

აკაკი რაზმაძე – შრიფტის დიზაინერი და ამ მიმართულების ლექტორი

რას ნიშნავს ეიდეტიკური მეხსიერება?

შესაძლოა, სტრესის სიგნალებს სხვების მხარდაჭერის მისაღებად ვიყენებდეთ