in

ქეთი დიასამიძე – #პირველისამსახური

სულ, სულ პირველი სამსახური 2012 წელს დავიწყე. ბათუმში კაფეში ერთი თვე ბუღალტრად ვიმუშავე, არ ვიცოდი ეს საქმე, მაგრამ ვისწავლე. პირველი ხელფასი – 150 ლარი კი ლირებად გადავახურდავე, შეკოწიწებულ თანხას დავამატე და სტამბოლში წავედი როჯერ უოტერსის კონცერტზე.

***

2016 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დავიწყე მუშაობა. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და კარგად მქონდა გააზრებული, თუ რამდენად გამიმართლა, რომ სწავლის პერიოდში ჩემი პროფესიით დავსაქმდი.

ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ დიდი და დიადი საქმეების მონაწილე გავხდი. ხანდახან არც კი მჯეროდა, რომ ამ მასშტაბის პროექტებში ჩავერთე და ასე გამოცდილ, უდავოდ საუკეთესო პროფესიონალებთან ერთად მიწევდა მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საინტერესო პროექტი გვქონდა, ჩემთვის ყველაზე საყვარელი მაინც ღვინის თემაა – სწორედ მაშინ დაიდო შედეგები საერთაშორისო კვლევისა, რომელიც ადასტურებდა, რომ საქართველო ნამდვილად ღვინის სამშობლოა. ჩემმა ხელმძღვანელმა მთხოვა, რომ ყველა სხვა საქმე გადამედო და მხოლოდ ამაზე მემუშავა. მეც ჩავრთე საყვარელი მუსიკა და მთელი კვირის განმავლობაში სიამაყით ვკითხულობდი სამეცნიერო კვლევას, ვაგროვებდი საინტერესო პასაჟებს და ვწერდი პრეს-რელიზს, რომელიც მერე საერთაშორისო სააგენტოს გავუგზავნეთ.

ვიცოდით, რომ რელიზი ღამის 12 საათზე გავრცელდებოდა. მთელი დეპარტამენტი მობილიზებული ვიყავით და გულისფანცქალით ველოდით სიახლეებს. ზუსტად პირველის 1 წუთზე წარმოუდგენელი რამ მოხდა – როგორც კი საქართველოს ან ღვინოს ჩაწერდი Google-ში, გხვდებოდა უამრავი სტატია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ისეთ ენებზეც, რომელთა არსებობა მაშინ არც კი ვიცოდი. ყველა ეს სტატია შევკრიბეთ და ერთ დღეში ორი დიდი საქაღალდე გაივსო. ძალიან ამაყები ვიყავით, რომ ასეთი საქმის მონაწილეები გავხდით. ეს შეგრძნებები დღემდე მომყვება.

სწორედ მუზეუმში მივხვდი, რომ როგორც არ უნდა მეცადა თავის არიდება, ტექსტები სულ მპოულობდნენ. ჰოდა, საბოლოოდ გადავწყვიტე, ყველაზე დიდი სიყვარული – წერა, ჩემს მთავარ საქმედ მექცია. ამიტომაც ორი წლის თავზე მივიღე მტკივნეული გადაწყვეტილება და შევიცვალე სამუშაო ადგილი.

შემდეგი სამი წელი აჭარაბეთში ვიმუშავე. ეს იყო აღმოჩენებითა და მრავალფეროვანი იდეებით სავსე პერიოდი. ვისწავლე ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულება, დავიხვეწე და დავრწმუნდი, რომ სწორ პროფესიულ გზაზე ვიდექი. ამ სამსახურიდან წამოსვლაც მტკივნეული იყო, თუმცა მჯეროდა, რომ ჩემი განვითარებისთვის ასე სჯობდა.

სენიორ-ქოფირაითერის პოზიციიდან UX მწერალი გავხდი და დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დინამიკური პერიოდი. ეს არის ერთ-ერთი უახლესი პროფესია, UX წერა ახლა იდგამს ფეხს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. მიწევს გრამატიკისა და ენის ფილოსოფიის სიღრმისეულად შესწავლა, რათა სწორი სიტყვები და სტრუქტურები ვიპოვო. ამიტომ სამუშაო ბევრია – განვითარება და ყოველდღე ახლის სწავლა კი ჩემი ყველაზე დიდი მიდრეკილებაა.

ახლა თიბისიში ვმუშაობ, UX წერის კომპეტენციას ვავითარებ. ამ ბრენდის მიმართ წლებია უდიდესი სიყვარული მქონდა და აქ ვხედავდი საკუთარ თავს. სწორედ აქ გადაიკვეთა ჩემი სიყვარული ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და წერის მიმართ. ალბათ მიმართლებს, რომ ყველგან კარგი გუნდი მხვდება, რაც, როგორც კრეატიულ სამუშაო პროცესზე, ასევე მოტივაციაზეც აისახება.

მოკლე პერიოდში რამდენჯერმე შევიცვალე მიმართულება და არასდროს შემშინებია სიახლეების. აღმოჩნდა, რომ პროფესიულ საქმიანობაში საკმაოდ გამბედავი ვარ და ეს ჩემს კარიერაზე დადებითად აისახა.

პირველი სამსახური ყოველთვის საკრალურია. აქ თითქოს ახალი სამყარო გეხსნება და საკუთარ თავშიც აქამდე აღმოუჩენელ თვისებებს პოულობ. თუ მუშაობას ახლა იწყებთ, მოკრძალებული რჩევა მექნება – იზრუნეთ თვითგანვითარებაზე, ყოველთვის აღნიშნეთ თქვენი მიღწევები და არასდროს, არასდროს დაკარგოთ ცნობისმოყვარეობა.

ქეთი დიასამიძე – UX მწერალი თიბისიში, მოწვეული ლექტორი UX ქოფირაითინგის მიმართულებით „სმარტ აკადემიაში”.

 

 

აფანტაზიას უკვე თვალის გუგაზე დაკვირვებით დაადგენენ

Digital კატეგორიის ოქროს მფლობელი გირჩევთ, როგორ მოემზადოთ Young Lions Georgia-სთვის