in

სანდრო ასათიანი – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური გამომცემლობა „დიოგენეში“ დავიწყე. უცნაური დრო იყო 90-იანი წლები. ძველი სისტემა უკვე აღარ მუშაობდა და ახალი ჯერ ჩემოყალიბებული არ იყო. მაგალითად, საბჭოთა კავშირში ყველაფერი სტანდარტიზირებული იყო. არსებობდა წიგნის სტანდარტებიც, რომელიც წიგნის ფორმას, ზომას, ყდას და კიდევ ბევრ დეტალს ითვალისწინებდა. ყველაფერი, რაც ამ სტანდარტის მიღმა იყო, უბრალოდ არ არსებობდა. როდესაც ძველ მბეჭდავებთან იწყებდი საუბარს წიგნზე, რომელიც ამ სტანდარტებში არ ჯდებოდა გეუბნებოდნენ, რომ ასეთი წიგნის ბეჭდვა, აკინძვა შეუძლებელია. ამის გარდა საგამომცემლო საქმეში კომპიუტერისა და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება გახდა შესაძლებელი. ეს ყველაფერი ახალი იყო ყველასათვის. საჭირო იყო ამ ყველაფრის გარჩევა, გააზრება და სათანადოდ გამოყენება. გამომცემლობა დიოგენე მაშინ ახალი დაფუძნებული იყო და ყველანი ერთად ამ ახალი შესაძლებლობების გამოყენებით ახალი წიგნების გამოცემაზე ვმუშაობდით.

ჩვენი საზოგადოება ისე არის მოწყობილი, რომ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებულ გარემოს იცვლის, ყოველგვარი მომზადების გარეშე. უცებ, მოულოდნელად, ყოველგვარი მომზადების გარეშე, პატარაობაში სახლიდან, სადაც ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, აღმოჩნდები საბავშვო ბაღში, სადაც ერთადერთი აღარ ხარ. გიწევს სხვასაც ათხოვო სათამაშო, გაანაწილო, სხვას დაელოდო. მერე საბავშვო ბაღიდან აღმოჩნდები სკოლაში, სადაც გაკვეთილებს გარკვეული თანამოიმდევრობა აქვს, სადაც სათამაშოების მიტანა არ შეიძლება და გაკვეთილის დროს ყველაფერზე ნებართვა უნდა იკითხო. მერე სკოლიდან აღმოჩნდები, სადაც სკოლისაგან სრულიად განსხვავებული გარემოა. იქიდან კი სამსახურში, სადაც ასევე უნივერსიტეტისაგან სრულიად განსხვავებული გარმოა. ჩემი პირველი სამსახურიც იმისაგან განსხვავებული გარემო იყო, რაც სამხატვრო აკადემიაში. შესაბამისად, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ახალი გარემოს შესწავლა, იმის გააზრება იყო, თუ საერთოდ როგორ მუშაობს სამსახური, როგორი ურთიერთობები აქვთ იქ ადამიანებს და როგორ ხდება სამუშაოს განაწილება, ჩაბარება.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პირველ სამსახურში გამიმართლა. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და რაღაცებს მათი თვალით შევხედე. ბევრი რამ სხვანაირად დავინახე. ალბათ პირველი სამსახურიდან ეს სხვა ადამიანების თვალით სამყაროს შეფასება დღემდე გამომყვა. ადამიანები პირველ სამსახურში სწავლობენ, იაზრებენ, საერთოდ რა არის სამსახური, რა დამოკიდებულება აქვთ ერთ სამსახურში მომუშავე ადამიანებს და როგორი ფარული, პარალელური იეარქია არსებობს ოფისებში. ეს ცოდნა და გამოცდილება მერე ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვება ხოლმე.

იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას, ვურჩევდი გადადოს გვერდზე სტერეოტიპები და შეეცადოს, შეისწავლოს ის გარემო, რომელშიც უწევს მუშაობა, ურთიერთობა. გვერდიდან შეხედოს სიტუაციას და გაანალიზოს, როგორ არის გადანაწილებული როლები ადამიანებს შორის, რეალურად ვინ იღებს გადაწყვეტილებას ოფისში; რა ურთიერთობები არის ადამინებს შორის; შეისწავლოს მისთვის ახალი სამყარო და ამ სამყაროში არსებობის წესები…

სანდრო ასათიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია „უნილაბის” დირექტორი.

 

 

Რატომ უჭერს მხარს თეგეტა ჰოლდინგი კანის ახალგაზრდა ლომებს?

ASUS „სხვა დონეზე“ გადადის