პროდუქტის ან ნივთის გასაყიდად ჯერ ინფორმაციის გავრცელება რომ იყო საჭირო, ეს კაცობრიობამ ადრეული პერიოდიდან იცოდა, ამიტომ რის საშუალებასაც დრო აძლევდათ, ზუსტად იმას მიმართავდნენ. ჯერ ინფორმაციების სიტყვით გავრცელება და გადაძახილები იყო, მერე ქვებისა თუ პაპურისების ზედაპირებზე ინფორმაციების დატანა… ამასობაში ტექნოლოგიებმაც წინ წაიწია, გაზეთებიც გამოჩნდა და სივრცეც, სადაც პროდუქტის შესახებ დაწერდნენ.
თუმცა სულ თავიდან არც რეკლამის აგენტი არსებობდა და არც სააგენტო, პირდაპირ გაზეთის გამომცემელს უკავშირდებოდნენ და პროდუქტის შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციებს ავრცელებდნენ. რაღა თქმა უნდა, სტრატეგიული დაგეგმარება აკლდა, რომ აღარაფერი ვთქვათ რეკლამისთვის მნიშვნელოვან სხვა მახასიათებლებზე. აი, აქ კი შუამავლის როლი ვოლნი პალმერმა მოირგო, რომელიც პირველი სარეკლამო სააგენტოს ავტორიც გახლავთ. მართალია, მაშინ არ იცოდნენ, რომ შუამავალი სჭირდებოდათ, მაგრამ პალმერმა საქმეს თავი მშვენივრად გაართვა…
უნდა ითქვას, რომ ვოლნის გარდა, აქ მრავალ სახელსა და თარიღს ვხვდებით. პირველი სარეკლამო სააგენტოები მე-18 საუკუნის მიწურულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი უძველესი კი 1786 წლით თარიღდება და უილიამ ტეილორის სახელს უკავშირდება. 1800 წლისთვის White Bull Holmes-იც დაარსდა ლონდონში, თუმცა ამავე წელს დაიხურა… მიუხედავად ამისა, მათზე მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაციებია ცნობილი, ზემოთ მოცემული სტატუსი კი აშკარად პალმერს აქვს მისაკუთრებული. თანაც სამართლიანი იქნება ისტორიის დაწყება იმ ადამიანიდან, რომელმაც პირველად გამოიყენა ტერმინი „სარეკლამო სააგენტო“.
გამოდის, დღეს ჩვენ ვოლნი პალმერზე უნდა გესაუბროთ, რომელმაც 1841 წელს ფილადელფიაში პირველი სარეკლამო სააგენტო დააარსა. ეს ამბავი კი საინტერესო მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ პირველია, არამედ იმიტომაც, რომ ყველაზე ახლოს დგას თანამედროვე სააგენტოს ცნებასთან.
მოდით, მოყოლა პალმერის შორეული ბავშვობიდან დავიწყოთ — საგაზეთო რეკლამისთვის სივრცის ყიდვა არც იმ დროისთვის და არც თავად ვოლნისთვის წარმოადგენდა სიახლეს, რადგან ამას 1704 წლიდან აკეთებდნენ მცირე თანხის სანაცვლოდ. თანაც, პალმერი გაზეთების მეწარმის შვილი გახლდათ და ბავშვობიდან ეხმარებოდა მამას საქმეებში…
თუმცა შუამავალის როლი მოირგოო, რომ გითხარით, ეს მაშინ მოხდა, როცა ვოლნიმ ოჯახიდან წამოსვლა და ფილადელფიაში გადასვლა გადაწყვიტა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1841 წელს სარეკლამო სააგენტო დააარსა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი რეკლამის განმთავსებლებს შესაბამისი სივრცის პოვნაში ეხმარებოდა. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდებოდა, პალმერი მომხმარებლების წარმოების მთლიან პროცესს აცნობდა, სამიზნე ბაზრებზე ესაუბრებოდა, სარეკლამო ტექსტსაც კი ურჩევდა ხოლმე მათ სრულიად უსასყიდლოდ. აი, შუამავლობის როლი კი გამომცემლებს 25%-იანი საკომისიო უჯდებოდათ…
საქმე იმაში იყო, რომ პალმერი კარგად იაზრებდა საკუთარი საქმის მნიშვნელობას… 1842 წლისთვის მას უკვე მომხმარებელთა სია ჰქონდა, რომლებსაც წარმოადგენდა გაზეთებში პენსილვანიის, მერილენდის, ნიუ-ჯერსის, კენტუკის, მისურის, ტენესისა და ალაბამას მასშტაბით. თუმცა არც აქ გაჩერებულა, განვითარება განაგრძო და 1849 წლისთვის სულ 2000 გაზეთიდან 1300-ის წარმომადგენელი იყო. მომხმარებლების შესახებ საჯაროდ ცნობილი არ ყოფილა და არც იმ სისტემურ მეთოდებს გვაცნობენ, რომლითაც მაშინ სააგენტო იმართებოდა. თუმცა ის კი ვიცით, რომ იმ დროს პალმერის სააგენტო უკონკურენტო გახლდათ.
1845 წლისთვის მეორე ფილიალიც გახსნა ბოსტონში, რასაც კიდევ ორი ოფისი მოჰყვა ბალტიმორსა და ნიუ-იორკში. 1850-იან წლებში პალმერის სააგენტო Volney B. Palmer & Company-ის სახით ჩამოყალიბდა… 1864 წელს პალმერი გარდაიცვალა და სააგენტოს მოღვაწეობაც მალევე დასრულდა.
თუმცა, როგორც ვიგებთ, პალმერის მემკვიდრეობამ სიცოცხლე N. W. Ayer & Son, Inc.-ის სახით გააგრძელა, დიახ, სწორედ მათ შეიძინეს პალმერის სააგენტო, ოღონდ ყველაფერი შეცვალეს იმ პრაქტიკაში, რომელსაც ვოლნი მიმართავდა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ცუდი სტრატეგია იყო, რადგან ისინიც მრავალი ინოვაციის ავტორნი გახდნენ, მათ შორისაა ე. წ. ღია კონტრაქტის ინდუსტრიულ სტანდარტად ქცევა და რეკლამაში სახვითი ხელოვნების ელემენტების გამოყენება… ფაქტია, ასე პალმერის დაწყებული საქმე გააგრძელეს და საფუძველი დაუდეს იმას, რასაც დღეს თანამედროვე რეკლამირების სახით ვიცნობთ. ამიტომ, ზოგჯერ ცვლილებებმა არ უნდა შეგვაშინოს…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი