in

როგორ იქცა ტელევიზორი სათამაშო მოწყობილობად?

ვიდეო კონსოლებზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელევიზორიც გაჩნდა, თამაშებიც და ადამიანებიც, რომელთაც ამ ორის გაერთიანების სურვილი ჰქონდათ. მართალია, მრავალი პროტოტიპი შეიქმნა, თუმცა პირველი კომერციული სათამაშო კონსოლის სახელს Magnavox Odyssey ითვისებს. მისი რეკლამა კი დაახლოებით ასეთ ტექსტს აჟღერებდა: Odyssey მომავლის ელექტრონული თამაშია, რომელიც თქვენი ოჯახისთვის გართობის, სიამოვნების, გამოწვევების დაძლევისა და ცოდნის მიღების საშუალებადაც კი შეიძლება იქცეს… 

ფაქტი კი ის არის, რომ ინჟინერი რალფ ბაერის იდეა ერთ ყავისფერ ყუთში იყო მოქცეული, რომელთან ერთადაც ხშირად გოლფის ჯოხი და პლასტმასის თოფიც დაჰქონდა, იდეას კომპანიებს წარუდგენდა, თუმცა ძირითადად უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ბაერს სწამდა, რომ მისი გამოგონება სრულიად შეცვლიდა ადამიანების ხედვას ტელევიზორების მიმართ. საინტერესოა ისიც, რომ ამ კომპანიებს შორის Magnavox-იც იყო, თუმცა ინჟინერმა კომპანიიდან ერთი ადამიანის დაინტერესება მაინც შეძლო. ეს გერი მარტინი გახლდათ, რომლის აზრიც კომპანიაში გადამწყვეტი იყო. 

ამგვარად, ყავისფერი ყუთი ადრეული პროტოტიპი გახლდათ იმისა, რასაც შემდეგ Magnavox Odyssey უწოდეს. დიახ, იგი ინჟინერმა რალფ ბაერმა თავის გუნდთან ერთად 1972 წელს შექმნა და მომხმარებლებს ტელევიზორის ეკრანებზე თამაში შესთავაზა. 

Magnavox Odyssey თეთრი ფერისააა, ყავისფერი და შავი დეტალებით, ტელევიზორს ჩვეულებრივ უერთდება და 2 მართკუთხედი კონტროლერი ახლავს. ეკრანზე სამ შავ ოთხკუთხედ წერტილს აჩენს, რომელთაგანაც ორი მოთამაშეა, ერთი კი ბურთი. კონტროლერზე არსებული ღილაკების მეშვეობით კი მოთამაშეებს წერტილების გადაადგილება შეუძლიათ. 

თუმცა მხოლოდ შავი წერტილებით ნუ შეიქმნით წარმოდგენას, ყველაფერი ასეთი მოსაწყენი ნამდვილად არ ყოფილა… ბაერმა ბავშვებსა თუ მოზარდებს საშუალება მისცა, საკუთარ სახლში ეთამაშათ ფრენბურთის, ჰოკეის, გოლფის, პინგ-პონგის, მიზანში სროლისა თუ სხვა თამაშებით. ხოლო, თუ ჩოგბურთის თამაშს გადაწყვეტდნენ, ეკრანზე სპეციალური ფირი უნდა მიემაგრებინათ, გამჭვირვალე ქაღალდი, რომელზეც კორტები იყო დახაზული…

ტელევიზორის სათამაშო ეკრანად გამოყენება ან მასთან კონსოლის დაკავშირება სიახლე იყო იმჟამინდელი მომხმარებლებისთვის, ამიტომ მათ კომერციულ ვიდეოში დეტალურადაა ასახული, როგორ უნდა ვითამაშოთ Magnavox Odyssey-ით, როგორ დავაკავშიროთ ტელევიზორთან და როგორ გავერთოთ წვიმიან დღეებში:

ასე ბაერმა ოცნებაც აიხდინა და სატელევიზიო ინდუსტრიაც ამოატრიალა — 50 წელზე მეტი ხსნის წინ Odyssey 99.95 დოლარად კი იყიდებოდა, მაგრამ დღეს ეკრანებთან თამაში 300 მილიარდ დოლარიან გლობალურ ინდუსტრიად იქცა…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

რითაა სასარგებლო არტ-თერაპია?

MOTUL-ის ახალი თაობის ჰიბრიდული ძრავის ზეთი საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა მოტორსმა“ შემოიტანა