სავარჯიშო დარბაზების იდეა ჩვენთვის უცხო და ან ახალი არაა, თუმცა ადრე ეს სივრცეები არც საჯარო იყო და არც კომერციული… არც ისეთი, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს „ადრეც“ ათეული წლების უკან არსებული პერიოდი არ გეგონოთ. ძველ სპარსეთსა და ეგვიპტეში უნდა დაბრუნდეთ, როცა ქალებს ვარჯიშის უფლება არ ჰქონდათ. უფრო მეტიც, არც ყველა მამაკაცს ჰქონდა ამის პრივილეგია. იმჟამინდელი ყოფიდან გამომდინარე, უმეტესად სამხედროები იყენებდნენ. ალბათ, ფიქრობთ, რომ მეომრების მომზადების ან საბრძოლო ხელოვნების ამბებს მოგიყვებით, მაგრამ ერთ მინიშნებას მოგცემთ — ამგვარ სივრცეებს ადრე პლატონი და არისტოტელეც სტუმრობდნენ…
როცა პირველი სავარჯიშო დარბაზის ძიება დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი უძველესი 3000-ზე მეტი ხნის წინ ძველ სპარსეთში იყო, თუმცა გიმნაზია ეწოდებოდა და ცნობილი იყო, როგორც Zurkhaneh, ანუ „სიძლიერის სახლი“ — ადგილი, რომელიც ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა სტუმრებს. უმეტესად მეომრების გასაწვრთნელად გამოიყენებოდა. როგორც ვიგებთ, უნიკალური არქიტექტურითაც გამოირჩეოდა, უფრო ზუსტად, მისი სახურავი იყო განსხვავებული ტექნიკით შექმნილი, ისე კი ღია სივრცე გახლდათ. დღეს ირანში ასეთი 500-მდე სავარჯიშო სივრცე არსებობს, რომლებიც ტრადიციებს ინარჩუნებს, თუმცა სანამ ამას მოგიყვებით, ჯერ პირველობის ამბავი გავარკვიოთ.
ვარაუდობენ, რომ Zurkhaneh-ამდეც იარსებებდა რაღაც სავარჯიშო დარბაზის მსგავსი… მაგალითად, ადრეული ჩანაწერები ჩანაწერების მიხედვით, დაახლოებით 4000 წლის წინ ეგვიპტელებმა ფორმალურად გააცნეს საზოგადოებას აკრობატიკა და ფიტნესვარჯიშები. აკრობატიკას როგორც გართობის, ისე სპორტის სახეობად აღიქვამდნენ, რომლისთვისაც შესაბამისი ვარჯიშების გაკეთება იყო საჭირო… ამან ე. წ. სტრუქტურირებულ ვარჯიშებამდე მიიყვანა საზოგადოება, რაშიც, ზემოთ ხსენებულთან ერთად, წონების აწევაც შეგვიძლია მოვიაზროთ. საინტერესოა ისიც, რომ ეგვიპტელების გარდა, ამას ჯოუს დინასტიის დროს ჩინელებიც მიმართავდნენ… გამოდის, ჩანაწერებით Zurkhaneh პირველია, თუმცა ისტორია მნიშვნელოვან ფაქტებს მალავს.
თავად სიტყვა Gym კი ძველი ბერძნული Gymnasium-იდან მოდის, რომელიც თანამედროვე სავარჯიშო დარბაზის იდეას იზიარებდა — ორივე წარმოადგენს ადგილს, სადაც ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებაა შესაძლებელი.
„მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მეტი თავისუფლებისა და ინდივიდუალური უფლებებისთვის დაიწყეს ბრძოლა, განუვითარდათ ინტერესი საკუთარი ფიზიკური ფორმების მიმართ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი… ბერძნებს თავიანთი სამხედრო უნარების გაუმჯობესება სურდათ, მაგრამ იმისთვის ვარჯიშობდნენ, რომ იდეალური სხეულის ფორმებიც შეენარჩუნებინათ. ეს მნიშვნელოვანი მსგავსებაა და ის, რაც ძველმა ბერძნებმა გადმოგვცეს“, — აცხადებს ერიკ ჩალინი, The Temple of Perfection: A History of the Gym-ის ავტორი.
თუმცა ამ სიტყვის პირდაპირი თარგმანი ცოტათი უცნაურად მოგეჩვენებათ, ეს არის „სკოლა შიშველი ვარჯიშებისთვის“ — ადრე არსებობდა ადგილები, სადაც მამაკაცებს სრულიად შიშვლებს შეეძლოთ ვარჯიში. ამ სიშიშვლეს კი მრავალ კულტურაში ღმერთებისადმი პატივისცემად აღიქვამდნენ…
საინტერესოა ისიც, რომ გიმნაზია მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშების სივრცე არ ყოფილა და იგი ინტელექტუალური განათლების მიღების კერასაც წარმოადგენდა. აბანოების ფუნქციაც შეთავსებული ჰქონდა, სადაც ადამიანები სოციალიზაციისთვის, ინტელექტუალური თუ ფილოსოფიური საუბრებისთვის იკრიბებოდნენ. როგორც ვიგებთ, ამ აბანოებს პლატონი და არისტოტელეც სტუმრობდნენ. შესაბამისად, სრულიად საფუძვლიანად, ჯანსაღი სხეულისა და გონების საწრთობ სივრცედ მიიჩნეოდა. ათენის სპორტული დარბაზის ფესვებადაც პლატონის აკადემიასა და არისტოტელეს სკოლა-ლიცეუმს მოიაზრებენ.
ამგვარად, ბერძნული ცივილიზაციის პიკში ფიტნესი მიიჩნეოდა, როგორც საბრძოლო ხელოვნებაში დაოსტატების საშუალება, რომელსაც შეეძლო სხეულის, გონებისა და სულის განკურნება. იგი საგანმანათლებლო აქტივობადაც ითვლებოდა, რის გამოც საშუალო განათლების სისტემაშიც იყო შეყვანილი. სწორედ ამიტომ შეხვდებით დღესაც ამ სიტყვას ევროპის მრავალ ქვეყანაში საშუალო განათლების სკოლებთან მიმართებით…
ახლა კი Zurkhaneh-ის ამბავს დავუბრუნდეთ, სავარაუდოდ, პირველ სპორტულ სივრცეს ისტორიაში. ირანში დღემდე წმინდა ადგილად მიიჩნევა, სადაც სპორტსმენები varzeshe pahlevani-ში ვარჯიშობენ — უძველეს სპორტის სახეობაში, რომელიც ბოდიბილდინგს, მოძრაობის უნარებს, მუსიკას, ხელოვნებასა და რელიგიურ თაყვანისმცემლობას აერთიანებს. მრავალსაუკუნოვან რიტუალში მამაკაცები რიტმულ მოძრაობებს იარაღების გამოყენებით ასრულებენ. საღამოს 6-ზე, სამსახურის შემდეგ იწყებენ ვარჯიშს, თუმცა დარბაზში შესვლამდე ფეხსაცმელებს იხდიან და ხელებს იბანენ, შემდეგ ერთად სხდებიან და ჩაის მიირთმევენ.
Zurkhaneh ამ კაცებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური სივრცეა, სადაც პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებს განიხილავენ, თუმცა არც ფეხბურთს ტოვებენ ყურადღების მიღმა. ეს საუბრები კი მაშინ მთავრდება, როცა მათი მოდერატორი დრამის მსგავს მოწყობილობაზე არტყამს და რიტმულ მუსიკას უკრავს, რის შემდგომ ათლეტები არენაზე გამოდიან და მოძრაობას იწყებენ — უფრო ზუსტად, ვარჯიშებს სხვადასხვა მეთოდებითა თუ ტექნიკებით აკეთებენ. აქ ოსტატები მამები არიან, რომლებიც შვილებს ცოდნასა თუ ღირებულებებს გადასცემენ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ Zurkhaneh-ის გარეთ ისინი მცხობლები, მაღაზიის გამყიდველები და ტაქსის მძღოლები გახლავთ, Zurkhaneh-ში შესვლისას მეომრებად, მომღერლებად, თაყვანისმცემლებად და პოეტებად იქცევიან.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი