in ,

ღმერთების სასჯელი, დრაკონები და მიწისძვრა — პირველი სეისმოსკოპის შექმნის ამბავი

ძველ დროში ადამიანებს სჯეროდათ, რომ მიწისძვრა ღმერთებისგან გამოგზავნილი სასჯელი იყო. თუნდაც იმის გამო, რომ მმართველებმა ქვეშევრდომების საწუხარს არ მოუსმინეს… ჩინელებსაც სწამდათ, რომ სეისმური მოვლენები, თანმდევი განადგურებითა და სიკვდილიანობით, მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენდა სამოთხიდან. ამიტომ, მმართველებისთვის მნიშვნელოვანი იყო, სამეფოს ნებისმიერ წერტილში მომხდარი მიწისძვრის შესახებ მიეღოთ ცნობები.

bog
bog-mob

პირველი სეისმოსკოპიც, სავარაუდოდ, ამ რწმენების საპასუხოდ შეიქმნა. თანაც საკმაოდ ადრე, 132 წელს… ამ ამბის ავტორი კი ჩან ჰენგი გახლავთ, რომლის პროფესიული ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია — გვეუბნებიან, რომ ასტრონომი, მათემატიკოსი, სეისმოგრაფი, ჰიდრავლიკური ინჟინერი, გამომგონებელი, გეოგრაფი, კარტოგრაფი, ეთნოგრაფი, მხატვარი, პოეტი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი იყო… ალბათ, სწორედ ამ მრავალგვარ უნარს უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ 132 წელს შექმნილი სეისმოსკოპი სწორ პროგნოზებს აკეთებდა.

ჰენგის მიერ შექმნილ სეისმოსკოპს Houfeng didong yi ეწოდებოდა, დიამეტრი 2.8 მეტრს უდრიდა, ხოლო სიმაღლე 1.8 მეტრს. მოწყობილობაზე გარედან 8 დრაკონი იყო მოთავსებული, რომლებიც კომპასის 8 მიმართულებას აჩვენებდა. ამ დრაკონებს პირი ღია ჰქონდათ ისევე, როგორც მათ ქვეშ მოთავსებულ 8 ბაყაყს. ხოლო, როცა მიწისძვრა ხდებოდა, დრაკონის პირში არსებული ბურთი ქვემოთ ბაყაყის პირში აღმოჩნდებოდა — ის, თუ რომელი დრაკონი გააკეთებდა ამას, მიწისძვრის მიმართულებაზე იყო დამოკიდებული. როგორც ვიგებთ, სწორედ ბურთის ჩამოვარდნის ხმით იგებდნენ დამკვირვებლები, რომ მალე მიწისძვრა მოხდებოდა.

გარდა დრაკონებისა და ბაყაყებისა, ისტორიამ ფურცლები შემოგვინახა, რომლებშიც ვკითხულობთ, რომ პირველი სეისმოსკოპი ღვინის ჭურჭლის მსგავსი იყო, ზედაპირზე მთების, კუების, ფრინველების, ცხოველებისა და ანტიკვარული დამწერლობის მოტივებით.

ამბობენ, რომ ინსტრუმენტი მიწისძვრას 650 კილომეტრით ადრე გრძნობდა, თანაც საკმაოდ ზუსტი იყო. მართალია, არ ვიცით, რა მექანიზმი იყო ისტორიაში პირველ სეისმოსკოპში მოთავსებული, რადგან მონღოლების ჩინეთში შესვლის შემდეგ დაიკარგა, მაგრამ ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო თეორია არსებობს. თუმცა სანამ თეორიაზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ 2005 წელს ჩინელმა მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 132 წელს შექმნილი დრაკონებიანი სეისმოსკოპის ასლი შექმნეს. 

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სეისმოსკოპში ქანქარის ქვეშ ბრინჯაოს ბურთი იყო მოთავსებული, 8 არხი და 8 ბერკეტი, რომლებიც დრაკონის პირს ააქტიურებდა. როცა ტალღა იმ ადგილს დაარტყამდა, სადაც სეისმოსკოპი იყო, ინსტრუმენტი იმავე მიმართულებით მოძრაობდა. თუმცა ქანქარა მყისიერად არ რეაგირებდა, რადგან მისი ქვედა ნაწილი და ბრინჯაოს ბურთი ერთმანეთს უკავშირდებოდა. ეს ბურთი, თავის მხრივ, დარტყმის ტალღის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა და არხში ვარდებოდა. შედეგად, ბაყაყის პირში აღმოჩნდებოდა და ასე ადამიანებს მიწისძვრის მიმართულებაზე მიუთითებდა.

საინტერესოა, რომ თანამედროვე მკვლევრებმა ჰენგის მიერ შექმნილი სეისმოსკოპის რეალურ დროში გამოცდაც გადაწყვიტეს. ამიტომ, მიწისძვრის სიმულაციას მიმართეს იმ ტალღებზე დაფუძნებით, რომლებიც ჩინეთისა და ვიეტნამის 4 სხვადასხვა რეალურ დროში მომხდარ მიწისძვრაზე დაფუძნებით მიიღეს — სეისმოსკოპმა ყველა მათგანი აღმოაჩინა! თანაც ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები თანამედროვე სეისმოგრაფების მონაცემებს შეესაბამებოდა.

ამგვარად, ღმერთების შიშით კაცობრიობა საკმაოდ ადრე დაეუფლა მიწის ბიძგების ხელოვნებას და ისტორიაში პირველი სეისმოსკოპიც შემოგვთავაზა… თუმცა საინტერესოა, რამდენად იცოდნენ ის, რაზეც დღეს თანამედროვე მეცნიერები საუბრობენ ან რა იცოდნენ ისეთი, რომ 132 წელს მოახერხეს მიწისძვრის ზუსტად პროგნოზირება…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

გამოვიდა ლეგენდარული თამაში Stalker 2: Heart of Chornobyl

როგორ გამოვიყენოთ თამაში მომხმარებელთან ურთიერთობისას